სამკურნალო ნივთიერებების ჯგუფი, წარმოებული ბარბიტურის მჟავასგან. აქვს სედაციური, საძილე, ნარკოზული და კრუნჩვსაწინააღმდეგო მოქმედება. ცნს-ზე ახდენს შემაკავებელ გავლენას. ბ-იდან პირველად 1903 წ. მიღებული იქნა ბარბიტალი (ვერონალი), შემდგომში გახანგრძლივებული მოქმედების (12-24 სთ) ბარბიტალი – ფენობარბიტალი და ბარბამილი, ამობარბიტალი, ამიტალი (6-12 სთ მოქმედებით); ხანმოკლე მოქმედების – ნატრიუმის ეტამინალი, პენტობარბიტალი, ნემბუტალი. შავ ბაზარზე ძირითადად გვხვდება სამი სახის ბ.: სეკობარბიტალი (ჟარგონული დასახელება – reds, red devils, seggys, downers), ამიტალ ნატრიუმი (yellow jackets, yellows, nembies) და სეკობარბიტალის და ბარბამილის კომბინაცია (reds and blues, rainbows, double-trouble, tooies. ბ-ით მწვავე მოწამვლის დროს ვითარდება კომატოზური მდგომარეობა გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციის დარღვევით, ჰიპოთერმიით; მძიმე შემთხვევებში – ჰიპერთერმია, სუნთქვის გაიშვიათება, გაზერელება, პულსის სისუსტე, ციანოზი, გუგების შევიწროება, სინათლეზე რეაქციის მოსპობა; ტერმინალურ სტადიაში გუგები შეიძლება გაფართოვდეს. კორნეალური, ყლაპვის და მყეს-ძვალთა რეფლექსები არ გამოიწვევა. დიურეზი შემცირებულია. აღნიშნული მდგომარეობა რთულდება ბრონქოპნევმონიით, ფილტვების შეშუპებით, ღრმა ნაწოლებით და ტროფიკული წყლულებით. პოსტკომატოზურ პერიოდში ვლინდება ნევროლოგიური სიმპტომატიკა; ფტოზი, არამყარი სიარული და სხვა. ფსიქიკის მხრივ – ემოციური ლაბილობა, დეპრესია. სომატურად შეიძლება განვითარდეს თრომბო-ემბოლიური გართულებები. სასიკვდილო დოზა ინდივიდუალურია, მიახლოებით შეადგენს 10 სამკურნალო დოზას.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.