A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ტა ტე ტვ ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტოდ ტოკ ტოლ ტომ ტონ ტოპ ტორ ტოტ ტოქ

ტოქსიკომანია გამოწვეული ტრანკვილიზატორებით

Rus. токсикомания вызванная транквилизаторами
Gk. toxicon – შხამი, mania – ვნება
ყალიბდება ძირითადად ორი ტიპი: პირველი – სიმპტომური, როცა მედიკამენტისადმი მიზიდულობა ვითარდება მათი სამედიცინო ჩვენებით დანიშვნის შემდგომ განვითარებული მიჩვევის გამო, ხოლო მეორე – სუფთა ნარკომანიური, როცა ტრანკვილიზატორები მიიღება თავისთავად ან კომბინაციაში რომელიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად თრობის სტადიის სმისაღწევად ან მის გასაძლიერებლად. პირველ შემთხვევაში მიჩვევა ვითარდება შედარებით ნელა და გრძელდება 1-2 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, აქ ავადმყოფები ღებულობენ თერაპიულთან შედარებით 5-10-ჯერ მეტ დოზას, ამიტომ მიჩვევა ვითარდება 1-1,5 თვის განმავლობაში. მორგანის (Morgan W., 1990) მიხედვით, ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება ლიბრიუმის (300-600 მგ. დღ.) სისტემატური მიღებით 60-180 დღეში, ვალიუმისა (80-120მგ) – 42 დღეში, მეპრობამატისა (6,4გ) – 40 დღეში. მიჩვევის პირველ მაჩვენებლად მიღებულია ეიფორიული ეფექტის წარმოშობა და დამაწყნარებელი, სედაციური ეფექტის ნაცვლად, მასტიმულირებელი თვისებების აღმოცენება. ავადმყოფები ხდებიან ინაქტიურები, გუნება-განწყობა უმჯობესდება, გარემოს აღიქვამენ დადებითად. განცხრომის მდგომარეობა გრძელდება 2-3 საათი. გამოსავალ მდგომარეობაში აღინიშნება უკმაყოფილების გრძნობა, გამღიზიანებლობა, თავის ტკივილები, ძილისა და მადის დარღვევა. შედარებით დაბალი დოზების დროს (3-4ტაბ) ინტოქსიკაციური მოვლენები (ღებინება, დისკოორდინაცია) არ აღინიშნება. დაახლოებით 10-15 დღის შემდეგ, იშვიათად (ასაკოვნებში) 2-3 თვეში, ვითარდება ტოლერანტობის მომატება; ყალიბდება დაავადების პირველი სტადია, რომლის დროსაც ტოლერანტობა აღწევს 15-30 თერაპიულ დოზას, იცვლება თრობის სურათი; თუ ადრე წამლის მიღების შემდეგ აღინიშნებოდა ფსიქიკური მოქმედებებისა და მოტორიკის შენელება, ზუსტი მოძრაობების დისკოორდინაცია, ისინი იცვლება ფსიქიკური და მოძრაობითი აქტიურობით, ემოციური გაშიშვლებით, განცხრომითი მდგომარეობა მალე ქრება და წარმოიშობა მრისხანების რეაქციები. ლტოლვა I სტადიაში ობსესიურია. ფსიქიკური კომფორტი მიიღწევა მხოლოდ ინტოქსიკაციაში. II სტადიაში ტოლერანტობა აღწევს მაქსიმალურ სტაბილურ დონეს. პრეპარატის მოხმარება დღის განმავლობაში ხშირდება, ერთჯერადი დოზა მატულობს. ავადმყოფები გადადიან მათ ინტრავენურ მიღებაზე, სიმთვრალე ვითარდება „ნემსზე“. ღრმავდება ნევროლოგიური დარღვევები. თუ I სტადიაში სიმთვრალის დროს გამოხატული იყო იოლი ნისტაგმი, აქ უკვე ადგილი აქვს უხეშ ნისტგამს, სრაბიზმს, ზოგჯერ დიპლოპიას. გამოხატულია დისკოორდინაცია, ჰიპერტენზია და კუნთოვანი ჰიპერტონია. ადგილი აქვს ამნეზიებს. თრობის პერიოდი მოკლდება. ირღვევა რაოდენობრივი კონტროლი. წარმოიშობა პრეპარატისადმი კომპულსიური ლტოლვა, რომელსაც თან ახლავს სიმპათიკოტონური რეაქცია – სიფერმკრთალე, მიდრაზია, პირის სიმშრალე, იოლი ტრემორი. ადგილი აქვს აბსტინენციური სინდრომის ჩამოყალიბებას, რომელიც იწყება შფოთვით, მოძრაობითი მოუსვენრობით, გუგების გაფართოებით, ჰიპერჰიდროზით. წარმოიშობა კლონური შეკრთომები და კუნთთა ჯგუფების ტონური კრუნჩხვები, ზოგჯერ უნებლიე მოძრაობები. მყეს-ძვალთა რეფლექსები გაცხოველებულია, მათი გამოწვევის ზონა ფართოვდება. ავადმყოფებს აღენიშნებათ გულისრევა, მადის დაქვეითება, ყურებში შუილი, ჰიპერკუზია, თავბრუსხვევა, თავისა და კუნთების ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები შინაგან ორგანოებში, ძილის დარღვევა, უჩნდებათ გარშემომყოფებისაგან მათდამი განსაკუთრებულად ცუდი დამოკიდებულების იდეები. სიმპტომურ ტოქსიკომანებს აღენიშნებათ ძირითადი დაავადების სიმპტომების გამწვავება. აბსტინენციური სინდრომი რთულდება შიშის, შფოთვის, აჟიტაციური მდგომარეობებით, ზოგჯერ ეპილეფსიფორმული გულყრებით, ცნობიერების შეცვლით, დელირიული ან ჰალუცინაციურ-პარანოიდული ფსიქოზებით. აბსტინენციური სინდრომის ძირითადი სიმპტომატიკა გრძელდება 2-3 კვირა. რაც შეეხება ობსესიურ ლტოლვას, ემოციურ ფონს და ძილის დარღვევებს, შეიძლება გაგრძელდეს 2 თვემდე. III სტადიაში ტოლერანტობა კლებულობს. ლტოლვა მოკლებულია აფექტურ დაძაბულობას. ადგილი აქვს დისფორიულ და უფრო ხშირად დეპრესიულ გუნება-განწყობას, მრავლობით სენესტოპათიებს. აბსტინენციური სინდრომის გამოხატულება სუსტია და ვითარდება წამლის მიღების შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ. ვითარდება ინტოქსიკაციური და დისტროფიული კარდიომიოპათია, ჰეპატიტები, გასტრიტი, გასტრო-ენტერო-კოლიტი, სისხლში ცვლილებები) აგრანულოციტოზი).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9