ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში სწავლება, რომელიც ადამიან ფსიქიკურ მოქმედებას განიხილავს ცნობიერსა და არაცნობიერს შორის მუდმივი ბრძოლის ჭრილში უკანასკნელის დომინირებული მნიშვნელობით. არაცნობიერი განისაზღვრება როგორც ირაციონალური „სულიერი სუბსტანცია“, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ კონტროლს და აღიარებს არსებობის მხოლოდ ორ პრინციპს – დაკმაყოფილების პრინციპი და აგრესიის, ნგრევის პრინციპი. ფსიქიკური მოქმედების მამოძრავებელი უცვლელი ძალის სახით განიხილება ინსტიქტები, ხოლო პიროვნების განვითარების ძირითადად განისაზღვრება სქესობრივი და თვითგადარჩენის ინსტიქტებით. ადამიანის ცნობიერება კი არ დეტერმინდება გარე სამყაროს პირობებით, არამედ განისაზღვრება არაცნობიერიდან მუდმივად წამოსული იმპულსებით. ადამიანის ქცევა და კლინიკაში აღწერილი ფსიქოპათოლოგიური სიმპტომები წარმოდგენილია როგორც „ცენზურის“ მიერ გამოდევნილი და ცნობიერისთვის მიუღებელი ინსტიქტების და ლტოლვის გამოვლინება (შენიღბული, სიმბოლური სახით). მათ საფუძველზე აღმოცენდება „კომპლექსები“, რომლებიც განიხილება როგორც ნევროზული და ფსიქოზური აშლილობების საფუძველი. ნორმასა და პათოლოგიაში ფსიქიკური მოქმედების ასახსნელად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სექსუალურ მომენტებს, ყველა ადამიანის მიერ ბავშვობაში გავლილი ეროტიკული განვითარების სტადიას, ლიბიდოს რეგრესიას. Freud S.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.