ქალებში მამაკაცებთან შედარებით ალკოჰოლიზმი უფრო მოგვიანებით ასაკში (25-35 წელი) ვითარდება. დაავადების ფორმირებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ და კონსტიტუციურ ფაქტორებს. განვითარებულ ქვეყნებში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ქალის მდგომარეობა საზოგადოებაში ძლიერ შეიცვალა, ამჟამად ქალი მონაწილეობს ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში, რის გამოც იგი ხდება ეკონომიკურად დამოუკიდებელი, მაგრამ როგორ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საზოგადოებაში ქალის მდგომარეობის შეცვლამ განაპირობა ნეგატიური შედეგები, მათ შორის, ლოთობა და ალკოჰოლიზმი. უკანასკნელ წლებში ქალთა ალკოჰოლიზმის წილი მოსახლების ავადობის სტრუქტურაში მატულობს. ამას ხელს უწყობს ცხოვრების მძიმე პირობები, მარტოობა, ფსიქომატრავმირებელი სიტუაციები, ემოციური რეაგირების თავისებურებანი, პროფესია, სოციალური მიკროგარემო. ქალებში თრობის სურათი ტიპიურია: სახე წითლდება, თვალები უელავს, თმები აჩეჩილია, ტანსაცმელი უწესრიგო, გარეგნულად უსუფთაოა,ფეთხუმი. თავშეკავებული, მორიდებული ქალი ხდება ცინიკური. დამახასიათებელია გუნება–განწყობის მერყეობა: ტირიან, ყვირიან, ამტვრევენ ჭურჭელს. ბრალს დებენ გარშემომყოფებს თავიანთ უიღბლობაში, ხდებიან ჩაკეტილები, პირქუში, ალკოჰოლური ექსცესის შემდეგ დათრგუნული. ქალები ადვილად კარგავენ რაოდენობრივ კონტროლს, გამოფხიზლების შემდეგ აქვთ სირცხვილის გრძნობა ან პირიქით, ყოყოჩობენ. ალკოჰოლიზმის საწყისი I სტადია ფორმდება ალკოჰოლის სისტემური მიღებისას, ჩნდება სპირტიანი სასმელისადმი პათოლოგიური ლტოლვა. ვერ კონტროლირდება შესმული სასმელის რაოდენობა. ტოლერანტობა იზრდება. სიმთვრალეს თან ახლავს ეპიზოდური ამნეზიები. II სტადიაზე აწეული ტოლერანტობის, ეთანოლისადმი გაძლიერება პათოლოგიური ლტოლვის, სპირტიანი სასმელის მიღების ფორმის შეცვლის ფონზე ყალიბდება აბსტინენციური სინდრომი; დასაწყისში გამოვლინდება ვეგეტატიურ–სომატური დარღვევებით: წამოხურება, შემცივნება, თავის ტკივილი, გულისრევა, ძილის დარღვევა კოშმარული სიზმრებით, წყურვილი, კანკალი სხეულში. ხშირად თან ერთვის ფსიქიკური კომპონენტი. გუნება–განწყობა იცვლება დეპრესიიდან (დათრგუნვილობა, სევდა) ეიფორიამდე (მხიარულება, ოპტიმიზმი). ქალი, როგორც წესი, დიდხანს მალავს ლოთობას-სასმელს იღებს უმეტესად საღამოობით, მარტო. განმასხვავებელი თავისებურებაა საკუთარი მდგომარეობისადმი კრიტიკის არარსებობა (ალკოჰოლური ანოზოგნოზია). ავადმყოფს ეცვლება ხასიათი: სიცოცხლისმოყვარე, მხიარული, მშვიდი, შრომისმოყვარე ქალი ხდება ჩაკეტილი, უხეში, ეგოისტი, ბრაზიანი. მომატებული დაღლილობა, გამღიზიანებლობა, სისუსტე, ხშირი თავის ტკივილი, დაქვეითებული გენება–განჭყობა იწვევს განურჩევლობას და ეგონცენტრიზმს, ხასიათის ფსიქოპათიისმაგვარი ხაზების გამკაცრებას ან ექსპლოზიური, ისტერიული, ასთენიური ან აპათიური ტიპის ჩამოყალიბებას. არა აქვთ ცხოვრების ინტერესი: კარგავენ სამუშაოს, ოჯახს, ცხოვრობენ პარაზიტულად. სომატური გართულებებია გულსისხლძარღვთა სისტემის (მიოკარდიოპათია), კუჭ–ნაწლავის ტრაქტის (ჰეპატიტი, პანკრეატიტი, გასტრიტი). შინაგანი სეკრევიის ჯირკვლების (მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ამენორეა), პერიფერიული ნერვული სისტემის (ნეიროპათია, პოლინევრიტი) ფუნქციების დარღვევა; აგრეთვე ორგანიზმის დაძაბულობა (ტურგორის დაქვეითება, კინთოვანი ძალის შესუსტება, თმის ცვენა, გაჭაღარავება, სმენის, მხედველობის დაქვეითება, იფშვნება კბილები, ფრჩხილები). III სტადიაზე ალკოჰოლიზმის ტიპიურ გამოვლინებებთან (ალკოჰოლისადმი პათოლოგიური იმპულსური ლტოლვა, რაოდენობრივი და სიტუაციური კონტროლის დაკარგვა, ტოლერანტობის დაქვეითება, ტოტალური ამნეზია, გაშლილი აბსტინენციური სინდრომი) ერთად ხშირად აღინიშნება ფსიქიკის გაღარიბება და ინტელექტის დაქვეითება. ინტერესი მიმართულია სპირტიანი სასმელის მოსაპოვებლად. სიმთვრალე ხდება ალკოჰოლის მცირე დოზების მიღების შემდეგ, ავადმყოფები არიან აპათიურები, ალკოჰოლური იუმორის (რაც დამახასიათებელია მამაკაცებისათვის) გარეშე, ბრაზიანი, აგრესიული, ემოციურად მერყევი, განურჩეველი. მეხსიერება დაქვეიტებულია. საკუთარი მდგომარეობისადმი კრიტიკა არ არის, სომატური გართულებები მრავალფეროვანია. არაიშვიათად აღინიშნება ფსიქოზური აშლილობები. მამაკაცებსა და ქალებში ფსიქოზურ სურათსი სხვაობა არ აღინიშნება, თუმცა ფსიქოზები ვითარდება უფრო ადრე, მიმდინარეობს მძიმედ, პროგნოზი უარესია. ქალებში ალკოჰოლიზმის მიმდინარეობა გამოირჩევა ავთვისებიანი ხასიათით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.