A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური გამკაცრება პიროვნული ხაზებისა

Rus. алкогольное заострение личности
ტერმინით აღინიშნება ის პიროვნული ცვლილებები, რომლებსაც განიცდის ალკოჰოლიზმით დაავადებული დაავადების მიმდინარეობის საწყის ეტაპზე. ჟისლინი, სტრელჩუკი, ფრეიეროვი (С.Г. Жислин, И.В. Стрельчук, О.Е. Фрейеров) თვლიდნენ, რომ ხდება არსებული პიროვნული ხაზების გამკაცრება და პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბება სხვადასხვა ტიპებით. მაგ., ასთენიური ტიპი – ამ შემთხვევაში დამახასიათებელ გამაღიზიანებელ ასთენიას თან ერთვის აგზნებადობა, განლევადობა, ადვილად წყენა. პიროვნული ხაზების ცვლილებები კარგად ჩანს ახლობლებთან დამოკიდებულებაში, ხოლო გარეშე პირებთან ავადმყოფი ცდილობს თავშეკავებას. გამღიზიანებლობა ადვილად იცვლება უკმაყოფილებით, მრისხანებით, უხეშობით, თუმცა, მალევე აღმოცენდება მომხდარის გამო სინანულის გრძნობა. ფხიზელ მდგომარეობაში მას აღენიშნება დამცირებისა და არასრულფასოვნების განცდა, ნასვამი კი ხდება უხეში, მომთხოვნი, ადანაშაულებს ყველას, გარდა საკუთარი თავისა. მისთვის დამახასიათებელია იპოქონდრიული შინაარსის შიშნარევი შფოთვა; დისთიმიური ტიპი – ერთ შემთხვევაში აღინიშნება საწინააღმდეგო აფექტების ადვილი ცვალებადობით გამოხატული ემოციური ლაბილობა. დამთრგუნველი, სასოწარკვეთილების გრძნობა იცვლება მხიარულებით და ოპტიმიზმით. აწეულ გუნება-განწყობას თან ახლავს აგზება და არა სიხარული. სხვა შემთხვევაში ლაპარაკია ჩუმ, სერიოზულ, იუმორსმოკლებულ, გარიყულ მრისხანე პესიმისტებზე. ისინი ახდენენ განცდილის შინაგან გადამუშავებას. პროლონგირებული, ფარული დეპრესიები, რომელიც დამახასიათებელია მათთვის, აღმოცენდება ავტოქთონურად ან რეაქტიულად; ექსპლოზიური ტიპი – ხასიათის დამახასიათებელ გამოვლინებად შეიძლება ჩავთვალოთ ადვილად აღმოცენებული უკმაყოფილების, წყენის, შარიანობის, ზიზღის, გამღიზიანებლობის აფექტები, რომლებიც შემდგომში ძლიერდება და გადადის სიბრაზესა და მრისხანებაში, ხოლო ზოგ შემთხვევაში – აგრესიულ ქმედებებში, რომლებიც მიმართულია, პირველ რიგში, ახლობლების მიმართ. აფექტური სიბლანტით და დისფორიით ისინი მოგვაგონებს ეპილეფსოიდებს. აფექტური დაძაბულობა აღმოცენდება ფეთქებადად. მათთვის არ არის დამახასიათებელი ისეთი ასთენიური რეაქციები, როგორიცაა მონანიების, საკუთარი დანაშაულის აღიარების გრძნობა და სხვ. ყოველდღიურ ცხოვრებაში არ ითვალისწინებენ გარშემომყოფთა აზრს და გამოირჩევიან სწორხაზოვნებით. ჭარბობს სთენიური დაძაბულობა; ისტერიული ტიპი – მოქმედებებსა და გამოთქმებში გამოხატულია უტრირებული, საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენის სურვილი, აწეული ექსპრესიულობა, პოზიორობა, თეატრალობა, დადებითი თვისებების ხაზგასმა, ბაქიობა, საკუთარი თავის ქება. როგორც წესი, ცდილობენ დაადანაშაულონ გარშემომყოფები, წარმოადგინონ თავი ტანჯულებად, რომლებსაც ვერ უგებენ. ინტერესების არამყარობას, ზერელობას, აწეულ შთაგონებადობას შეიძლება თან ახლდეს ხანმოკლე, მაგრამ თვალსაჩინო გატაცება და სიჯიუტე. ისტერიული ხაზების გაძლიერება ხდება როგორც სიტუაციურად, ასევე დისფორიული შეფერილობის გუნება-განწყობის დაქვეითებასთან დაკავშირებით; სინტონიური ტიპი – ასეთ პირებს აღენიშნებათ ოპტიმისტური ხასიათის გუნება-განწყობის აწევა, სიცოცხლისმოყვარეობა, საკუთარი თავის და გარშემომყოფთა მიმართ კმაყოფილების გრძნობა. გაღიზიანების და უკმაყოფილების ხანმოკლე ფეთქებადი რეაქციები არ ცვლის დამოკიდებულებას გარშემომყოფთა მიმართ. არიან კომუნიკაბელური, არ არჩევენ ნაცნობების წრეს, ადვილად საუბრობენ საკუთარ თავზე, უცხო სიტუაციაში თავს გრძნობენ თავისუფლად, არ ერიდებიან უწმაწური და უხეში სიტყვების ხმარებას, თუმცა, ეს უკანასკნელი არ იხმარება სხვების საწყენად და ცინიკურად. ალკოჰოლისადმი ლტოლვის გარდა შეიძლება აღენიშნებოდეთ ლტოლვის სხვა ფორმები; შიზოიდური ტიპი – ხასიათდება ჩაკეტილობით ურთიერთობათა სრულ აკრძალვამდე. გვხვდება რეფლექსია და აუტისტური ფანტაზირება. გუნება-განწყობის მხრივ გამოხატულია განურჩევლობა ან მრისხანე აფექტი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9