A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დელირიუმი ალკოჰოლური

Rus. делирий алкогольный
ყველაზე ხშირი მეტალკოჰოლური ფსიქოზი. პროდრომული პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, რომლის დროსაც გამოხატულია ძილის დარღვევა კოშმარული სიზმრებით, შიშებით, ხშირი გამოღვიძებებით და ვეგეტატიური სიმპტომატიკით. დღის საათებში გამოხატულია ასთენიური მდგომარეობა შფოთვითა და შიშით. ზოგ შემთხვევაში პროდრომული პერიოდი შეიძლება წინ არ უძღოდეს ფსიქოზის განვითარებას. დელირიუმი ვითარდება ალკოჰოლური აბსტინენციის ფონზე ან ღრეული სმის რამდენიმე დღის შემდეგ. ფსიქოზური გამოვლინებები უმეტესად წარმოიქმნება საღამოს საათებში ხატოვანი წარმოდგენებისა და მხედველობითი ილუზიების სახით. ადგილი აქვს მოტორიკისა და მიმიკის გამოცოცხლებას, პასიური ყურადღების აწევას, აფექტთა ცვალებადობას საწყის სტადიაში შეიძლება შეგვხვდეს ერთეული ან მრავლობითი კრუნჩხვითი განტვირთვები, არაიშვიათად ვერბალური ჰალუცინაციები და ხატოვანი ბოდვა. გაშლილ სტადიაში გამოხატულია უძილობა, მხედველობითი ილუზიები პარეიდოლიების სახით და ჭეშმარიტი მხედველობითი მიკროფსიული ჰალუცინაციები. ავადმყოფი ხედავს მწერებს, დაპატარავებულ ცხოველებს, თევზებს, გველებს, თოკებს, ობობას ქსელს, მავთულებს. იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაკროფსიულ, უფრო ფანტასტიკური შესახედაობის ადამიანებისა და ცხოველების გამოსახულებებს. მხედველობითი ჰალუცინაციები მოძრავია, იცვლის ფორმას და ზომას, ატარებს სცენურ, კალეიდოსკოპურ ხასიათს. დელირიუმის გაღრმავებას თან სდევს სმენითი, ყნოსვითი, თერმული, ტაქტილური ჰალუცინაციების წარმოქმნა. ირღვევა სხეულის სქემის და სივრცეში სხეულის მდგომარეობის აღქმა. აფექტური აშლილობები და ბოდვითი აზრები შინაარსობრივად დამყარებულია ჰალუცინაციურ განცდებზე მოქმედებით სფეროში გამოხატულია მოძრაობითი აგზნება, საქმიანი ფუსფუსი. მდევრისგან გაქცევის, დამალვის, სხეულიდან რაიმე საგნის მოცილების მოქმედებები. მეტყველება წყვეტილია, გაუგებარი სიტყვებით ან ფრაზებით. დომინირებს პასიური ყურადღების აწევა, გარშემო მომხდარ მოვლენებს ავადმყოფი უყურადღებოდ არ ტოვებს, პასუხობს სიტყვით, ქცევით, მიმიკით. აფექტური სფერო მუდმივად ცვალებადია; აღინიშნება გულარხეინობა, გაოცება, სასოწარკვეთილება, იუმორი, მდგომარეობა, რომელსაც თან სდევს შიშის გრძნობა. დომინირებს დევნისა და ფიზიკური განადგურების ბოდვითი აზრები. მათ შინაარსში ხშირად ვლინდება ეროტიკული და ღაზოიანობის ბოდვითი აზრები. საკუთარ პიროვნებაში ორიენტაციის შენახვის ფონზე დარღვეულია ან შეცვლილია ორიენტაცია დროსა და გარემოში. ავადმყოფები შთაგონებადები არიან. ხშირად ამა თუ იმ ფაქტორებთან დაკავშირებით დელირიული აშლილობები სპონტანურად სუსტდება ე.წ. ლუციდური პერიოდები. ფსიქოზის ხანგრძლივობა 3-5 დღე, იშვიათად 1-1,5 კვირა. გამოსვლა უმეტესად კრიტიკული, ხანგრძლივი ძილის შემდეგ, ზოგჯერ თანდათანობითი. გადატანილი ფსიქოზის შესახებ რჩება ფრაგმენტული მოგონებები. ნევროლოგიური დარღვევებიდან აღსანიშნავია წვრილამპლიტუდიანი, რითმული კანკალი, რომელიც ზოგ შემთხვევაში ღებულობს გენერალიზებული ტრემორის ხასიათს, ატაქსია, კუნთთა ჰიპერტონია, ჰიპერრეფლექსია, კონვერგენციის სისუსტე. სომატური დარღვევებიდან – გამოხატული ოფლიანობა სპეციფიკური სუნით (დაუბანელი ფეხების სუნი), კანის, განსაკუთრებით სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მერყეობა, ტაქიპნოე, ღვიძლის გადიდება, სკლერების სიყვითლე, ტემპერატურის სუბფებრილური მატება, სისხლში ლეიკოციტოზი მარცხენამხრივი გადახრით, ედს-ის აჩქარება, ბილირუბინის და ქოლესტერინის მომატება
Synonym: ტიპური დელირიუმი, კლასიკური დელირიუმი, თეთრი ცხელება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9