ფსიქიკური და ნევროლოგიური დარღვევების სიმპტომთა კომპლექსი, აღმოცენდება ქალა-ტვინის ტრავმასთან დაკავშირებით მის მოგვიანებით პერიოდში (ხშირად ტრავმიდან 2-3 წლის შემდეგ). დამახასიათებელია: 1) უნივერსალური ნეიროვასკულარული დარღვევები (კანის ვაზოგენური მარმარილოსებრი ციანოზი, პროგრესული ანგიოენცეფალოპათია); 2) პირამიდული და ექსტრაპირამიდული სიმპტომები, მათ შორის მეტყველების დარღვევა ექსტრაპირამიდული ტიპით; 3) ეპილეფსიფორმული გულყრები; 4) ორგანული ფსიქოსინდრომის მოვლენები ღრმა ჭკუასუსტობის განვითარებით. პათჰისტოლოგიურად - თავის ტვინში აღინიშნება არტერიების და არტერიოლების გაფართოება, სისხლძარღვთა მრავლობითი თრომბოზები, ადვენტიციის პროლიფერაცია, პერიარტერიული გლიოზი, თეთრ ნივთიერებაში დარბილების და დემიელინიზაციის კერები. პათოგენეზში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინში სისხლძარღვთა მამოძრავებელი ცენტრების დაზიანებას, რაც ვლინდება მათი დისრეგულაციით. Herman E.J.,1937
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.