Rus. алкогольные энцефалопатии хроническая Маркиафава-Биньямина უპირატესად გვხვდება ღვინის ალკოჰოლიზმის დროს. დაავადება იწყება თანდათანობით, უმეტესად მამაკაცებში და წლების მანძილზე შეიძლება მოგვაგონებდეს ალკოჰოლურ დეგრადაციას. მანიფესტური სიმპტომები არსებობს რამდენიმე დღიდან 2-3 თვემდე. ადგილი აქვს მძიმე დელირიულ აშლილობებს, ფსევდოდამბლის და კორსაკოვის სინდრომის გამოვლინებებს, რომლებიც აღმოცენდება ან იზოლირებულად, ან ცვლის ერთმანეთს. კლინიკურ სურათში წამყვანია მასიური ნევროლოგიური დარღვევები: გამოხატული დიზართრია, ასტაზია-აბაზია, გენერალიზებული კუნთოვანი ჰიპერტონია, რომელსაც ხშირად თან სდევს ჰიპერრეფლექსია სპასტიკური ჰემი-, პარა- და ზოგჯერ ტეტრაპლეგიით, თვალის მამოძრავებელი დარღვევები ხან დისოცირებული, ხან კი ოფთალმოპლეგიამდე; შარდისა და განავლის შეუკავებლობა. ვეგეტატიური დარღვევები გაიე-ვერნიკეს ენცეფალოპათიის მსგავსია. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. სიკვდილი ვითარდება კომატოზურ მდგომარეობაში. სიცოცხლეში დიაგნოზი იშვიათად დგინდება, ზუსტდება პათოლოგანატომიურად. ხშირად ისმება გაიე-ვერნიკეს ენცეფალოპათიის დიაგნოზი. (Marchiafava E., Bigniami A., 1903)
Synonym: კორძიანი სხეულის ცენტრალური დეგენერაცია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.