Rus. барвитуратизм абстиненция ბარბიტურატების სისტემატური მიღებისას რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარდება მიჩვევა და აბსტინენციური სინდრომი, რომლის გამოვლინების სპექტრი მეტად ფართოა. აბსტინენციაში აღინიშნება: გულისრევა, ღებინება, სისუსტე და დისკონფორტის შეგრძნება, ტაკიქარდია, ოფლიანობა, შფოთვა და გამღიზიანებლობა, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ხელების, ენისა და ქუთუთოების გამოხატული ტრემორი. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს კრუნჩხვით განტვირთვებს და დელირიულ სინდრომს. ბარბიტურატების სხვადასხვა დოზა იწვევს სხვადასხვა სიმძიმის აბსტინენციურ სინდრომს, მაგ., ამიტალ–ნატრიუმი ან სეკობარბიტალი – 400 მგ დღეში – იწვევს სუსტ აბსტინენციურ სინდრომს; 800 მგ დღეში – იწვევს ორთოსტატიკურ ჰიპოტენციას, სისუსტეს, ტრემორს, შფოთვას, 75%-ში კრუნჩხვით განტვირთვებს; უფრო მაღალი დოზების მიღებისას ვითარდება ანორექსია, ცნობიერების აბნევა, ამნეზიური სინდრომი, დელირიული, ჰალუცინაციური ფსიქოზები და დიდი ეპილეფსიფორმული გულყრები. დელირიული ფსიქოზი უმნიშვნელოდ განსხვავდება ალკოჰოლური თეთრი ცხელებისგან – მასში ადგილი აქვს გამოხატულ აჟიტაციას, გარდა მხედველობითი ჰალუცინაციებისა, შეიძლება იყოს ტაქტილური და სმენითი ჰალუცინაციებიც
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.