Rus. барвитуратизма формы 1) ეპიზოდური ინტოქსიკაცია. აღნიშნული ფორმით ბარბიტურატებს ღებულობენ ძირითადად მოზარდები; მიღების მიზანია მიაღწიონ ეიფორიას და ნეტარების მდგომარეობას, ე.წ. „უმაღლეს წერტილს“ (High). იმის მიხედვით, თუ როგორი პიროვნებაა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ან როგორი განწყობა (მოლოდინი) აქვს და რა სიტუაციაში ღებულობს მას, ვითარდება სედაციური ან ეიფორიული ეფექტი. 2) ქრონიკული ინტოქსიკაცია. გვხვდება სომატონარკომანიის შემთხვევებში, როცა ბარბიტურატები მიიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში როგორც უძილობის ან შფოთვის მომხსნელი პრეპარატი, ან როგორც ანტიკონვულსანტი. ავადმყოფები ბარბიტურატებს ღებულობენ წლების განმავლობაში, მიჩვევა ვითარდება თანდათანობით, შეუმჩნევლად, სანამ არ გამოვლინდება პრობლემები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან ფიზიკური სიმპტომები, მაგ., გაურკვეველი დიზართრიული (ლუღლულა) მეტყველება. 3) ინტრავენური გამოყენება. მოხმარების ასეთი ფორმა ჩვეულია გამოცდილი ნარკომანებისათვის. მოიხმარენ ძირითადად ბარბიტურატებს, რადგან იგი შედარებით იაფფასიანია და იწვევს სასიამოვნო, თბილ, ძილ-ღვიძილის მდგომარეობას. მათი ზემოქმედებით ნარკომანები ხდებიან აგრესიულები, უჩნდებათ ნგრევისა და განადგურების სურვილები. ბარბიტურატებს მოიხმარენ აგრეთვე ჰეროინის ან ალკოჰოლის მოქმედების გასაძლიერებლად ან ამფეტამინებით გამოწვეული ბოდვითი და აჟიტაციური მდგომარებების მოსახსნელად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.