A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ანა ანგ ანდ ანე ანთ ანი ანო ანტ ანფ ანქ ანჰ

ანტიდეპრესიული პრეპარატები

Rus. антидепресанты
Gk. anti – საწინააღმდეგო, deprimo, depressum – დათრგუნვა
ფსიქოტროპული პრეპარატების კლასი, რომელსაც აქვს დაქვეითებული გუნება-განწყობის – დეპრესიის სამკურნალო თვისებები. ანტიდეპრესიული პრეპარატების თერაპიულ მოქმედებას უკავშირებენ ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილე მედიატორთა ცვლას. მონოამინოოქსიდაზას (მაო-ს) ინჰიბიტორები ახდენს ფერმენტ მაო-ს აქტივობის დაქვეითებას ან მონოამინების (ნორადრენალინი, დოფამინი, სეროტონინი და ა.შ.) სინაფსურ წარმონაქმნებში უკუმიტაცების ბლოკირებას. რადგან აღნიშნულ მონოამინთა კონცენტრაცია თავის ტვინის სხვადასხვა უბნებში სხვადასხვაა. ანტიდეპრესანტების თერაპიული აქტივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ თავის ტვინის რომელ ფუნქციურ უბანშია შეცვლილი ნეირომედიატორების კონცენტრაცია. ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა ადრენერგული აქტივობის მატარებელია, თუმცა, ზოგიერთი სეროტონინერგული აქტივობითაც არის აღჭურვილი. ანდრენერგულ – ანტიდეპრესანტთა თერაპიული ეფექტი ხორციელდება ადრენალინური და ნორადრენალინური მედიატორების სინაფსური ნაპრალებიდან უკუმიტაცების ბლოკირების ხარჯზე. უკანასკნელ წლებში შექმნილია ანტიდეპრესანტების ახალი თაობა ე.წ. „ატიპური ანტიდეპრესანტები“, რომლებიც ნორადრენალინის ნაცვლად ახდენს სეროტონინის უკუმიტაცების ბლოკირებას ან აგონისტურად მოქმედებს (ფლოქსეტინი, ფლუვოქსამინი, სერტრალენი, მედიფოქსამინი, პაროქსეტინი და ა.შ.) და წარმოადგენს ე.წ. მონოციკლურ ნაერთებს. ამასთან ერთად, პრაქტიკაში გამოიყენება ანტიდეპრესიული პრეპარატების ბიციკლური და ტეტრაციკლური ნაერთები, რომელთაც ახასიათებთ ნეირომედიატორების და ნეირორეცეპტორების მიმართ გარკვეული ტროპიზმი. მათ შორის აღსანიშნავია რუსეთში სინთეზირებული პირაზიდოლი, ბეფოლი და ინკაზანი, რომლებიც მიეკუთვნება მაო-ს ინჰიბიტორებს, მაგრამ ახასიათებს აღდგენადი მოქმედება და არ ითვლება ტოქსიკურად მაშინ, როდესაც მაო-ს ე.წ. არააღდგენადი ინჰიბიტორები იპრანიაზიდი, ნიალამიდი, ფენელზინი, ტრანილციპრამინი და ა.შ. შეუთავსებელია ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მორფინის წარმოებულებთან, საანესთეზიო და სიმპათოკომიმეტურ მედიკამენტებთან და ბოლო წლებში აღარ გამოიყენება, რადგან საჭიროებს სპეციალურ კვებით (თიამინის გარეშე) დიეტას. მოქმედების სპეციფიკურობის მიხედვით, არჩევენ: სედაციური მოქმედების (ფტორაციზინი, ტრიმეპრამინი, დოქსეპინი, ამიტრიპტილინი, მიანსერინი, აზაფენი, ფლუვოქსამინი და ა.შ.); მაბალანსირებელი მოქმედების (მაპროტილინი, დოსულეპინი, მელიტრაცენი, დიბენზეპინი, თიანეფტინი, სერტრალინი, პაროქსეტინი, პირაზიდოლი, კლომიპრამინი); მასტიმულირებელი მოქმედების (ვილოქსაზინი, ინკაზანი, ბეფოლი, ცეფედრინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი, დეზიპრამინი, ფლუოქსეტინი, ამინეპტინი, ბუპროპიონი, ტოლოქსეტინი, ინდოპანი, სიდნოფენი, ნიალამიდი, იპრონიაზიდი, ტრანილციპრამინი, ფენელზინი) ანტიდეპრესიული პრეპარატების. დეპრესიის ფსიქოპათოლოგიური სტრუქტურა განსაზღვრავს ანტიდეპრესანტების არჩევითობას მოქმედების სელექციურობის მიხედვით. მაგ., შფოთვიანი დეპრესიის დროს ეფექტურია სედაციური მოქმედების ანტიდეპრესიული პრეპარატები; შიშისა და აკვიატების სინდრომებით მიმდინარე დეპრესიების დროს – მაბალანსირებელი მოქმედების ა.შ; ხოლო შეკავებით მიმდინარე დეპრესიების დროს – მასტიმულირებელი, აქტივობის მატარებელი ანტიდეპრესიული პრეპარატები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9