Rus. аффективное реагирование (Меграбян А.А., I972). არჩევენ აფექტური რეაგირების ხუთ ძირითად ტიპს, განპირობებულს ნებითი ფუნქციების თავისებური მოტივაციით: 1) კატათიმიური – გამოხატული აფექტის მდგომარეობაში ადგილი აქვს ქცევას, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის ცნობიერების მიერ რეგულირებულ სოციალურ პრაქტიკას გნოსტიკურ და პროთოპათიულ პოზიციებს შორის დისოციაციის გარეშე. ტიპურია ნევროზული მდგომარეობისა და პიროვნების პათოლოგიური განვითარებისათვის; 2) ჰოლოთიმიური – ხასიათდება ემოციური განწყობის პოლარიზაციით – დეპრესიული და მანიაკალური, პროთოპათიური აფექტურობის სიჭარბით. აღინიშნება აფექტური ფსიქოზების დროს; 3) პარათიმიური – ხასიათდება ქერქულ-გნოსტიკურ და ქერქქვეშა – პროტოპათიური გრძნობებს შორის დისოციაციით, ბოდვის და ჰალუცინაციის შეუსაბამობით აფექტური განწყობისადმი. გნოსტიკური გრძნობების სიღარიბით და იმპულსური აფექტების ქერქქვეშა კომპონენტების შეუსაბამობის გაცხოველებით. აღინიშნება შიზოფრენიული ფსიქოზების დროს; 4) ექსპლოზიური – აფექტის ინერტულობის შეთავსება იმპულსურობასა და ფეთქებადობასთან. მისთვის ტიპურია უეცარი დასაწყისი და აფექტური რეაქციის სწრაფი დასასრული. ზიანდება აფექტურობის გნოსტიკური კომპონენტები; დაავადების გაშლილ სტადიაში ვლინდება გნოსტიკურ-მნესტიური დარღვევები აზროვნების არაპროდუქტიულობით, ფსიქიკური პროცესების სიღარიბით. ტიპურია აფექტურობის პროთოპათიური კომპონენეტების გამწვავება, განსაკუთრებით ბინდისებური ცნობიერების ფონზე. აღინიშნება ეპილეფსიის – (ჭეშმარიტი და სიმპტომური) დროს; 5) დემენციური – განპირობებულია ინტელექტუალური ფუნქციის დაზიანების ხასიათით და ხარისხით. დაავადების საწყის სტადიებში აღინიშნება აფექტური რეაგირების ზემოთ აღწერილი ტიპების ელემენტები, რომელიც პროცესის მიმდინარეობისას ღრმავდება და შემდგომში აღინიშნება პრიმიტიული იმპულსური მიზიდულობების განმუხრუჭება; ავადმყოფის ქცევაში სოციალურ-ეთიკური მოტივები ადგილს უთმობს დაბალ, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს და პრიმიტიულ ლტოლვას.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.