საგნის თვალსაჩინო (ხატოვანი) ასახვა ადამიანის ცნობიერებაში შეგრძნებების ორგანოებზე (რეცეპტორებზე) ამ საგნის ზემოქმედების პროცესში. აღქმა განსხვავდება შეგრძნებისაგან საგნობრიობით. აღქმა განიცდება არა როგორც სუბიექტში მიმდინარე განცდა, არამედ როგორც ჩვენს გარეთ, ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული რეალური საგანი და მისი თვისებები. აღქმას ახასიათებს სტრუქტურული მთლიანობა. აღქმა განიცდება არა როგორც შეგრძნებათა და შეგრძნებაში ასახული თვისებების ნაკრები, არამედ როგორც ერთიანი მთლიანი საგანი. აღქმას ახასიათებს კატეგორიულობა. აღქმული საგანი განიცდება გარკვეულ კატეგორიად (ადამიანები, ხეები, მანქანები და სხვ.), რაც გარკვეულ ფარგლებში ნიშნავს გაგებას, მაგრამ ეს პროცესი არ წარმოადგენს აზროვნებითი პროცესის ნაწილს, არამედ აღნიშნავენ, რომ კატეგორიალობა ანუ აზრიანობა აღქმულ ხატთან ერთად მთლიანობაში, მისგან განუშორებლად თვით აღქმაშია მოცემული მანამ, სანამ ადამიანი რეფლექსიას დაიწყებს. აღქმის ერთ-ერთი თვისებაა კონსტანტობა ანუ აღქმის პირობების ისეთი ცვლილებების მიუხედავად (განათება, მანძილი და სხვ.), რომელიც არსებითად ცვლის შეგრძნებათა საფუძვლებს, საგანის თვისებათა აღქმა გარკვეულ ფარგლებში უცვლელი, კონსტანტური რჩება. აღქმა შეგრძნებისაგან განსხვავებით აქტიური. პიროვნული ბუნებისაა. იგი ადამიანის მოქმედების მიმართული აქტია. ჩვენ ვხედავთ იმიტომ, რომ ვუყურებთ, გვესმის, იმიტომ, რომ ვუსმენთ. აღქმისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის განწყობა, მისი შინაგანი მდგომარეობა, მისი გამოცდილება და ინტერესი. აღქმის მასალას მისი „სენსორული შინაარსი“ შეადგენას, რაც იცვლება სუბიექტის წარსული გამოცდილების საფუძველზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.