Rus. делирий с выражённым вербальным галлюцинозом ასეთი ფსიქოზების მიმდინარეობის დროს ინტენსიური მხედველობითი და ტაქტილური ჰალუცინაციების, სხეულის სქემის აშლის და მხედველობითი ილუზიების პარალელურად გამოხატულია სმენითი ვერბალური ჰალუცინაციები. მისი ინტენსივობა ზოგ შემთხვევაში იმდენად მზარდი, მუდმივი და ხანგრძლივია, რომ ლაპარაკობენ ალკოჰოლური დელირიუმის სტრუქტურაში არსებულ ვერბალურ ჰალუცინოზზე. ჰალუცინაციური განცდები, როგორც მხედველობითი, ასევე ვერბალური, ატარებს შემაშინებელ, მუქარის შინაარსს, რის საფუძველზეც აღმოცენდება ფიზიკური განადგურების ბოდვითი იდეა. ეს უკანასკნელი იმდენად დეტალიზებულია, რომ ტოვებს სისტემატიზებული ბოდვის შთაბეჭდილებას. თუმცა, ჭეშმარიტი სისტემატიზებული ბოდვისაგან განსხვავებით, არ არსებობს ჩამოყალიბებული მტკიცებანი, ავადმყოფის მიერ აღიქმება როგორც თავისთავად არსებული, დამტკიცებული. ამავე დროს, ყოველთვის გამოვლინდება ხატოვანი ბოდვის გამოკვეთილი სიმპტომები, დაბნეულობა, ინსცენირების ბოდვითი იდეები, დადებითი ორეულის ფენომენი, რომელიც ვრცელდება მრავალ პირზე. აფექტური სფეროს პათოლოგიიდან გამოხატულია შფოთვისა და შიშის აფექტი. ცნიიბიერების პათოლოგია არაღრმაა, რაზეც მიუთითებს დროში და გარემოში ორიენტაციის შენარჩუნება. სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები უმნიშვნელოდაა გამოხატული. ფსიქოზის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. გამოსავალი ლიზისური
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.