Rus. мигрень ассоцированная (ჰემიპლეგიური ან ოფთალმოპლეგიური შაკიკი). ოფთალმოპლეგიური შაკიკის შეტევის განმავლობაში ან მის შემდეგ აღინიშნება გარდამავალი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები. ოფთალმოპლეგია შეიძლება აღმოცენდეს შეტევის ბოლოს, მის შემდეგ, შეტევის დროს ან იშვიათად შეტევის ნაცვლად. ამ დროს ლაპარაკობენ დისოცირებულ შ-ზე. როგორც წესი, თვალის მამოძრავებელი დარღვევები აღინიშნება ტკივილის მხარეს. ხშირად პარეზი ან დამბლა აღინიშნება იმ კუნთებში, რომელთაც აინერვირებს თვალის მამოძრავებელი, განმზიდველი და იშვიათად ჭაღისებრი ნერვები. იშვიათად შეიძლება აღმოცენდეს სრული ოფთალმოპლეგია. მისი მიზეზია თვალის მამოძრავებელი ნერვების კომპრესია გაფართოებული და შეშუპებული საძილე არტერიის და კავერნული სინუსის მხრიდან. ტოპოგრაფიული მდებარეობის გამო ზეწოლას მეტად ექვემდებარება თვალის მამოძრავებელი ნერვი. გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება იყოს წვრილი არტერიის (რომელიც კვებავს თვალისმამოძრავებელ ნერვს) მიკროცირკულაციის მოშლა და შეშუპება ნერვის იშემიით და დამბლით, გარდა თვალის მამოძრავებელი კუნთებისა. ზოგჯერ ჩათრეულია n. ophthalmicus - სახის, რქოვანას და კონიუქტივას ჰიპერთეზია. პარეზის ან დამბლის ხანგრძლივობა რამდენიმე დღიდან კვირამდეა, ზოგჯერ მუდმივია. ასეთი დამბლა აღინიშნება განმეორებითი შეტევის შემდეგ. ბაზილარული შაკიკი ვლინდება მხედველობის ორმხრივი დარღვევით სინათლის გაძლირებული შეგრძნებების სახით, რომელიც იცვლება ორმხრივი სიბრმავით. ეს სიმპტომები გრძელდება რამდენიმე წუთი. თან ახლავს თავბრუსხვევა, ატაქსია, დიზართრია, ხმაური ყურებში, გულისრევა ან ღებინება, პარესთეზიები კიდურებში, პირის ირგვლივ ან ენაზე. ტკივილი ლოკალიზებულია კეფის არეში. ზოგ შემთხვევაში აღინიშნება სხვადასხვა სიღრმის ცნობიერების შეცვლა გაბრუებიდან კომამდე. პათოგენეზში აღნიშნულია ბაზილარული არტერიის და მისი ტოტების (ტვინის უკანა არტერია) შევიწროება, რაც იწვევს კეფის წილის ქერქის, შიგნითა ყურის და ნათხემის იშემიას. ცნობიერების შეცვლა აიხსნება რეტიკულური ფორმაციის იშემიით. პარესთეზიული შაკიკი ასოცირებული შაკიკის ყველაზე ხშირი სახეა და აღინიშნება შაკიკის შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში. მისი კარდინალური ნიშანია ცალმხრივი პარესთეზიები „ჭიანჭველების ცოცვის სახით“, რაც აღმოცენდება შეტევის მომენტში ან მის შემდეგ. პარესთეზიები აღინიშნება სახეზე, ენაზე და ხელზე ტკივილის ან მის საწინააღმდეგო მხარეს. პარესთეზიები იწყება ხელის თითებიდან, იშვიათად თან ახლავს ტკივილი, ძირითადად თავის ტკივილის ფაზის დროს. შემდგომში ვრცელდება წინამხარზე, მხარზე და სახესა და ენაზე (იმავე მხარეს). პარესთეზიის ზონის გაფართოების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი. პარესთეზიები შეიძლება „გადაადგილდეს“ ერთი მხრიდან მეორეზე. მაგრამ არასოდეს არ არის ორმხრივი. ჰემიპარესთეზიებს შეიძლება თან ახლდეს ჰემიალგიური სინდრომი ან სხეულის სქემის აშლა. პარესთეზიები შეიძლება დარჩეს თავის ტკივილის შეწყვეტის შემდეგაც, ჰემიპლეგიური და ჰემიპარეზული შაკიკი. აღმოცენდება იშვიათად, თან ერთვის პარესთეზიულ შაკიკს და მოიცავს ხელს, იშვიათად ფეხს კიდურის სისუსტის ხარისხი სხვადასხვაა იოლი სისუსტიდან სრულ უმოძრაობამდე. თავის ტკივილის პერიოდში სისუსტის ინტენსივობა იცვლება, ქრება და კვლავ აღმოცენდება, შეტევის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ლოკალიზაცია ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. პარეზი ან დამბლა თავის ტკივილის შეტევის შემდეგ რჩება შემთხვევათა 20%–ში. იშვიათად პარეზულ კიდურში შეიძლება აღმოცენდეს კლონური კრუნჩხვები. ჰემიპარეზული შაკიკის შეტევის განმავლობაში, როცა სისუსტე აღმოცენდება დომინანტურ მხარეს, შეიძლება აღინიშნებოდეს მეტყველების მოშლა (ზოგჯერ ჰემიპარეზის განვითარების გარეშეც), გარდამავალი აგრაფია ან ალექსია . ზოგჯერ ჰემიპლეგია შეიძლება აღმოცენდეს უეცრად, რის გამოც ავადმყოფი ეცემა. პლეგია შეიძლება ატარებდეს სპასტიკურ ან დუნე ხასიათს. ზოგი ავტორი (Wolff, Carroll) მიუთითებს დაავადების ოჯახურ ხასიათს გადაცემის ავტოსომურ–დომინანტური ტიპით. შაკიკი უნებლიე მოძრაობებით. ჰემიპლეგიურ შაკიკს (იხ. ზევით) იშვიათად შეიძლება თან ახლდეს კლონური კრუნჩხვები. აღწერილია აგრეთვე შემთხვევები ქორეისეული, ათეტოზური, მიოკლონური, ბალიზმის მოძრაობები ჰემიპარეზით, ჰემიპლეგიით ან მათ გარეშე. შაკიკი ფსიქიკური აშლილობებით(migraena dysphernia, migraena psychia) შაკიკის შეტევის დროს ან უშუალოდ მის შემდეგ ფსიქიკური აშლილობებიდან ხშირია ცნობიერების შეცვლა ორიენტაციის დარღვევით, შფოთვით, მოძრაობითი მოუსვენრობით, ჰალუცინციებით,.აგრეთვე შეიძლება აღინიშნებოდეს იმპულსური დარღვევები, მანიაკალური ან დეპრესიული მდგომარეობები, ჰალუცინოზები ან პორიომანია (Dietrich). ფსიქოზური მდგომარეობის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან დღემდეა. იშვიათად ფსიქოზი აღმოცენდება თავის ტკივილის შეტევის წინ, ხშირად - შეტევის მომენტში. იშვიათად – შეტევის შემდეგ.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.