A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკომანია გამოწვეული ამფეტამინებით

Rus. наркомания вызванная амфетаминами
ამფეტამინები ორგანიზმში შეყვანისას ანთავისუფლებს პრესინაფსური დაბოლოებებიდან სეროტონინს და ამუხრუჭებს მის უკუმიტაცებას. დაახლოებით 5 მგ პრეპარატის მიღება იწვევს ეიფორიულ განცხრომას, ახდენს ვერბალური, წერითი მეტყველებისა და მოძრაობების გააქტიურებას, ამცირებს დაღლილობას, ანორექსიას და ზრდის ტკივილის ზღურბლს, აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების და ანალგეზიური პრეპარატების მოქმედებას. ამფეტამინების მოქმედება იწყება მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის შემოეგ და გრძელდება 2-3 საათი. ადამიანი ხდება ზედმეტად კონტაქტური, მოუსვენარი, ბევრს ლაპარაკობს. ირღვევა ის აღქმა. გამოხატულია ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება, სახის გაწითლება ან გაფერმკრთალება. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ციანოზს ან წამოხურებას და სხვა სისხლძარღვოვან დარღვევებს, გულისრევას, ღებინებას, ბრუქსიზმს (იხ.), სუნთქვის გაძნელებას, გუგების გაფართოებას, ოფლიანობას, ტრემორს, ატაქსიას, სენსორული სფეროს დარღვევას, კრუნჩხვით შეკრთომებს, ტეტანიას, კრუნჩხვებს. ინტრავენური შეყვანის დროს გართულებების სახით იძლევა სეროზულ ჰეპატიტს, ფილტვის აბსცესს, ენდოკარდიტებს, ნეკროზულ ანგიიტს. ქრონიკული მიღებისას თავის ტვინში ვითარდება ნეიროქიმიური ცვლილებები. მიჩვევა და დამოკიდებულება ვითარდება სწრაფად. ქრონიკული მიღებისას ტოლერანტობა მატულობს 1გ-მდე დღეში. მნიშვნელოვანია ფსიქიკური ცვლილებები – დისფორიები, ლოგორეა, უძილობა, აწეული გამღიზიანებლობა გარშემომყოფთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებამდე, უკიდურესი დაძაბულობა, აბნეეა, მშფოთვარე – პანიკური რეაქციები; არაიშვიათად ვითარდება ბოდვითი ფსიქოზი, რომლის კლინიკურ სურათში დომინირებს დევნის ბოდვა, ფსიქოზურ მდგომარეობაში ადგილი აქვს სმენით და ტაქტილურ ჰალუცინაციებს. შესაძლებელია განვითარდეს დელირიული ეპიზოდები, რომლის დროსაც ავადმყოფები სჩადიან კრიმინალურ ქცევებს. ამფეტამინებით გამოწვეული ბოდვითი ფსიქოზი მოგვაგონებს პარანოიდულ შიზოფრენიას. დიფერენციაციის საშუალებას იძლევა მხედველობითი ჰალუცინაციების არსებობა, რაც შეესაბამება აფექტურ მდგომარეობას, პერიოდული აბნევის და კოჰერენტულობის დარღვევის მდგომარეობები, ავადმყოფის ჰიპერაქტიურობა და აზროვნების დარღვევები. ამფეტამინებით გამოწვეული ფსიქოზის დროს იშვიათად გვხდება სხეულის სქემის და სახეების ამოცნობის აშლა. ფსიქოზური მოვლენები გრძელდება რამდენიმე დღიდან 1 კვირამდე. რეზიდუალურ სიმპტომებში აღსანიშნავია ბოდვა, ეჭვიანობა, ცრუ ინტერპრეტაციისადმი მიდრეკილება, რაც შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში. აბსტინენციური სინდრომი, რომელსაც ნარკომანები უწოდებენ „კრახს“, ვითარდება როგორც პრეპარატის მოხსნის შემდეგ, ასევე დოზის გაზრდის მოთხოვნილებისას ან მრავალდღიანი მაღალი დოზების მიღების შემდგომ პერიოდში. მისთვის დამახასიათებელია შფოთვა, ტრემორი, დისფორია, ლეთარგია, დაღლილობის შეგრძნება, კოშმარული სიზმრები, ძლიერი თავის ტკივილი, პროფუზული ოფლიანობა, კუნთოვანი შეკრთომები, სპაზმები კუჭში, დაუოკებელი შიმშილი, ფსიქომოტორული აჟიტაცია, რომელიც გადადის აგზნებაში და აგრესიულ იმპულსურ მოქმედებებში. აბსტინენციური სინდრომი თავის მაქსიმუმს აღწევს 2-4 დღის შემდეგ. ამ დროს ხშირია ღრმა დეპრესიული მდგომარეობები სუიციდური ტენდენციებით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9