A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკომანია გამოწვეული საძილე საშუალებებით

Rus. наркомания вызванная снотворными
ნარკოტიზაციის მისაღწევად გამოიყენება სხვადასხვა ჯგუფის პრეპარატები: ბარბიტურატები, ურეიდები (ბრომურალი), პირიდინები და პიპერიდინები (ნოქსირონი). ნარკოტიკული თრობა ვითარდება ორმაგი, სამმაგი თერაპიული დოზების მიღების შემდეგ. საძილეების მოხმარებისას მნიშვნელოვანია ავადმყოფის განწყობა, მიიღოს ეიფორიული შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მოქმედება შემოიფარგლება საძილე ეფექტით. თრობის პირველი ფაზა ვითარდება მომენტალურად, „ნემსზე“, ნარკოტიკული საშუალების შეყვანისთანავე და გამოვლინდება ე.წ. „რბილი დარტყმით“, გაბრუებით, თვალებში დაბნელებით, მხედველობა ხდება ბუნდოვანი, ავადმყოფები ხედავენ მოციმციმე წერტილებს და რგოლებს, ესმით აკოაზმები. ყოველივე ეს სასიამოვნოა. ვითარდება გუგების გაფართოება, სხეულის ზედა ნაწილის კანისა და ლორწოვანის ჰიპერემია; რეალური გარე სამყარო არ აღიქმება. თვით ავადმყოფები ამ მდგომარეობას უწოდებენ „გამოთიშვას“, იმყოფებიან მწოლიარე ან ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში. ფაზა გრძელდება რამდენიმე წამი. თრობის მეორე ფაზის დროს ავადმყოფები ხალისიანი, მხიარული ხდებიან, აქვთ მოძრაობის, მოქმედებების სურვილი. მოტორული აქტივობა და მოძრაობა ღებულობს ქაოსურ ხასიათს, გააზრების და აზროვნების ხარისხი დაქვეითებულია, პასიური ყურადღება აწეული, მოქმედებების და აზროვნების თემა ცვალებადი, ემოციური ფონი მერყევი, მხიარულებას ადვილად ცვლის გამღიზიანებლობა, მრისხანება, ნევროლოგიურად გამოხატულია ჰორიზონტალური ნისტაგმი, დიპლოპია, დიზართრია, დისმეტრია, კოორდინაციის დარღვევა, სიარულის და დგომის დროს მერყეობა, რეფლექსების დაქვეითება. გუგები გაფართოებულია, რეაქცია სინათლეზე დაქვეითებული. გარდა აღნიშნულისა, დამახასიათებელია ენაზე ტიპური ყავისფერი ნაღები, პულსისა და არტერიული წნევის დაქვეითება, ოფლიანობა, ტემპერატურის დაწევა 0,5-10-ით. მეორე ფაზა გრძელდება დაახლოებით 2-3 სთ. მესამე ფაზაში ადგილი აქვს ღრმა ძილს: ავადმყოფის გამოღვიძება თითქმის შეუძლებელია. გამოხატულია ბრადიკარდია და ჰიპოტენზია, კანის სიფერმკრთალე, კუნთთა ტონუსის მკვეთრი დაქვეითება. დღის საათებში განვითარებული ძილი გრძელდება 3-4 სთ, იმავე ღამეს დაძინება გაძნელებულია. მეოთხე ფაზა ვითარდება გამოღვიძებისას, გამოიხატება მოდუნებით, დამტვრეულობის შეგრძნებით, აქტივობის და მოსაზრების უნარის დაქვეითებით. აღინიშნება ჰორიზონტალური ნისტაგმი, რეფლექსების დაქვეითება, მოძრაობების ამპლიტუდის შემცირება, ტრემორი, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, მადის დაქვეითება, წყურვილი. ზოგჯერ ნარკომანები ღებულობენ ერთ ჭიქა ცხელ წყალს, რაც იწვევს თრობის სურათის განახლებას. სასიკვდილო დოზა წარმოადგენს ბარბიტურატების 2,5 გ, ხოლო ურეიდების და პირიდინის ჯგუფის პრეპარატებისათვის 5გ. ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება საძილეების სისტემატური მოხმარების 6 თვის თავზე. ტოლერანტობა თანდათან მატულობს და იზრდება დაახლოებით 4-5-ჯერ. ვითარდება აბსტინენციური სინდრომი, რომლის ხანგრძლივობა აღწევს 4-5 კვირას. მის სტრუქტურაში არჩევენ არაფსიქოზურ, ფსიქოზურ და ინტოქსიკაციურ ნევროლოგიურ გამოვლინებებს. არაფსიქოზური აბსტინენციური სინდრომისათვის დამახასიათებელია უმადობა, ნარკოტიკული საშუალებებისადმი ლტოლვის პერიოდული შეტევები, ძილისა და ღეიძილის გარდამავალი პერიოდები, რომელსაც თან ახლავს მშფოთვარე მდგომარეობა სიფხიზლეში და შემზარავი სიზმრები ძილში, ძილის რითმის მერყეობა, ბუნება-განწყობის ცვალებადობა ხშირი დისფორიებით. აბსტინენციის ბოლო პერიოდში მადის ძლიერი მომატება. ფსიქოზური მოვლენებიდან ვითარდება დელირიული და ბოდვითი ფსიქოზები. არაიშვიათია ეპილეფსიფორმული განტვირთვები როგორც აბსტინენციაში, ასევე მწვავე მოწამვლის პერიოდებში. დაავადების პირველი სტადია მიმდინარეობს დაახლოებით 1 წლამდე. მეორე სტადია შედარებით ხანგრძლივია და საშუალოდ გრძელდება 10–12 წელი. მესამე სტადია ხასიათდება მუდმივად გამოხატული დიზართრიით, ინიორდინაციით, ემოციური სიჩლუნგით, რომლის შედარებითი კუპირება მიიღწევა ნარკოტიკული საშუალების განმეორებითი მიღებით. გამოხატულია ტოლერანტობის დაქვეითება, ნარკოტიკული ამნეზიები; ნარკოტიზაცია იღებს პერიოდულ ხასიათს. ავადმყოფები ხშირად მოიხმარენ ერთჯერადად, რასაც იშოვიან, რის გამოც 2-3 დღის განმავლობაში იმყოფებიან გაბრუებულ მდგომარეობაში (თუ არ მოკვდა ზედოზირების გამო). აბსტინენციური სინდრომი კარგავს სიმკვეთრეს. აღმოცენდება შეწყვეტიდან მეორე დღეს. თანდათან ვითარდება ტორპიდული ტიპის ენცეფალოპათია, რომელიც ჰგავს ეპილეფსიურ დეფექტურ მდგომარეობას. ბარბიტურომანიის კლინიკური თავისებურებები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9