A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ნა ნდ ნე ნი ნო ნუ
ნაა ნათ ნაი ნან ნარ ნას ნაძ ნაჯ

ნარკომანია გამოწვეული ფენციკლიდინებით

Rus. наркомания вызванная фенциклидинами
ფენციკლიდები (phencyclidine I - (I-phenylcyclohexyl) piperdine. CI 395, GP-121. NSC-40902. PCP. Semyl და სხვ.) თავდაპირველად გამოიყენებოდა როგორც საანესთეზიო საშუალება ქირურგიული ოპერაციების დროს (ფენციკლიდინი). მაგრამ ვინაიდან იწვევდა ნარკოზის შემდგომ დეზორიენტაციულ და დელირიულ აშლილობებს, უარყოფილი იქნა. ამჟამად გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარიაში. იგი მიეკუთვნება იმ ნარკოტიკულ საშუალებათა ჯგუფს, რომლებიც ცვლის აღქმის ფუნქციას და მოქმედებს ჰალუცინოგენების მსგავსად. 1967 წ სან-ფრანცისკოში პირველად იქნა არალეგალურად სინთეზირებული ე.წ. „peace pill“ – PCP, „მშვიდობიანი ტაბლეტები“. მას შემდეგ ფენციკლიდინები ფართოდ გამოიყენება და ცნობილია უკვე PCP-ს 30 ანალოგი, რომლებსაც ჟარგონულად უწოდებენ „ანგელოზის მტვერს“, „კრისტალს“, „მშვიდობას“, „მშვიდობიან მარცვალს“, „სუპერბალახს“, „სუპერმარცვალს“, „ტახს“, „სარაკეტო საწვავს“ (იხ. თავი III). მსგავსი მოქმედება გააჩნია აგრეთვე კეტალარს (Ketamine). ფენციკლიდინები ძირითადად გამოიყენება ტაბლეტების ან თამბაქოსთან შერეული ნივთიერების მოწევის სახით. ჩვეულებრივ, 1გ. ნაწილდება 4 სიგარეტზე, თუმცა შესაძლებელია განაწილდეს მეტზეც. ფენციკლიდინის 5 მგ. ითვლება მცირე, 10 მგ.მაღალ (საწამლავ), ხოლო 20 მგ. – სასიკვდილო დოზად. ფენციკლიდინის 2-3 მგ მიღების შემდეგ მოქმედება იწყება 5 წუთში და გრძელდება დაახლოებით ნახევარ საათს. ავადმყოფები განიცდიან ეიფორიას, სხეულში სითბოს გრძნობას, ყურებში ხმაურს, განცხრომას; აღენიშნებათ დეპერსონალიზაცია, გაუცხოება, განმარტოების სურვილი. გამოხატულია სხეულის სქემის აშლა, აღქმის პათოლოგია, დროისა და სივრცული დარღვევები, ბოდვითი მდგომარეობები. აფექტურ სფეროში გამოხატული აწეული დადებითი გულღია განწყობა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს ნეგატიური მტრული განწყობით. ზოგჯერ გამოხატულია შფოთვის მდგომარეობა. ზოგ ავადმყოფს გამოხატული აქვს თავის ბრუნვითი მოძრაობები, თავზე სტერეოტიპული ხელის გადასმა, გრიმასულობა, სტიმულაციაზე კუნთთა რიგიდობა, ლოგორეა. ნარკოტიკული ეფექტი გრძელდება 3-6 სთ და ხშირად იცვლება დეპრესიით, აწეული გამღიზიანებლობით, ზოგჯერ პარანოიდული მდგომარეობით, რომლის დროსაც ხშირია სუიციდური და ჰომიციდური ტენდენციები. ნევროლოგიურად გამოხატულია ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ნისტაგმი, ტაქტილური და ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება, ატაქსია, დიზართრია, კუნთთა რიგიდობა, კრუნჩხვები, ჰიპერაკუზია, არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია. მთლიანი გამოსვლა ფენციკლიდინის მოქმედებიდან ხდება 24-48 სთ. განმავლობაში. ლაბორატორიულად მათი აღმოჩენა შარდში და სისხლში შესაძლებებლია ერთი კვირის განმავლობაში. ქრონიკული მოხმარებისას ინტოქსიკაციური ცვლილებები დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. სუსტი დოზის მიღების დროს ადგილი აქვს დიზართრიას, ატაქსიას, კუნთების, განსაკუთრებით სახის და კისრის რიგიდობას, ზოგჯერ ოპისტოტონუსს, მყეს-ძვალთა რეფლექსების გაცხოველებას, ტკივილის შეგრძნებების დაქვეითებას. მაღალი დოზები იწვევს ჰიპერთერმიას, აჟიტაციას, სტერეოტიპულ და ათეტოზურ მოძრაობებს, ჰიპერესთეზიას, ტაქიკარდიას, ნისტაგმს. აღინიშნება ღებინება. ჰიპერსალივაცია, ოფლიანობა, ხშირად ბილატერალური ფტოზი. უფრო მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, სტუპორული მდგომარეობები, რომლის დროსაც თვალები გახელილია და რეაგირება ხდება მხოლოდ უხეშ დამაზიანებელ გამღიზიანებელზე. შემდგომში სურათი რთულდება კომატოზური მდგომარეობით. არაიშვიათია გენერალიზებული კრუნჩხვები და ეპილეფსიური სტატუსი. ხშირად გვხვდება ჩეინ-სტოქსის სუნთქვა, სუნთქვის გაჩერება. როგორც წესი, ავადმყოფებს უვითარდებათ ფსიქოზური მოვლენები, რომელიც გამოიხატება ქცევითი, ემოციური და აღქმის დარღვევებით. ავადმყოფი ზის განსაკუთრებულ პოზაში, უმზერს სივრცეს; აღენიშნება ექოლალია, დეპრესია, პარანოიდული იდეები, უძილობა, აგზნება; დაუფარავად ეწევიან მასტურბაციას, იგლეჯენ ტანსაცმელს, არ იკავებენ შარდს, გაუთავებლად ტირიან ან იცინიან. აქვთ ტენდენცია ძალადობისკენ. ზოგ შემთხვევაში გამოხატულია დელირიული სინდრომი. ფსიქოზური პერიოდები უმეტესად ამნეზირებულია. ფსიქოზური მოვლენების ხანგრძლივობამ შეიძლება მიაღწიოს რამდენიმე დღიდან 2 კვირამდე. რაც შეეხება ნევროლოგიურ ცვლილებებს და ორგანულ ფსიქოსინდრომს, იგი გამოხატულია ფენციკლიდინის მოხმარების შეწყვეტიდან 1-1,5 თვის განმავლობაშიც
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9