The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ნინო დუმბაძე

ნინო დუმბაძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1919
გარდაცვ. თარიღი:14 აპრილი, 1983  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. თბილისი
კატეგორია:მძლეოსნობა

ბიოგრაფია

მსოფლიო რეკორდსმენი ნინო დუმბაძე დაიბადა ქ. ოდესაში, ექიმის ოჯახში. 1926 წელს სწავლა დაიწყო ოდესის 35-ე საშუალო სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა. ასევე წარჩინებით დაამთავრა ოდესის ფიზკულტურის ტექნიკუმიც 1937 წელს. 1946 წელს ის მიიღეს სკკპ-ის რიგებში. 

1935 წელს დაამყარა მსოფლიო რეკორდი ადგილიდან ხტომაში და მოხსნა ევროპის რეკორდი ადგილიდან სამხტომში. ასეთი შესანიშნავი შედეგების შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ის ხტომებში დაიწყებდა წვრთნას და გახდებოდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მას ექიმებმა ვარჯიში აუკრძალეს. თუმცა ნინო ბედს არ შეეპუა და გადაწყვიტა, რადგან ხტომა აღარ შეიძლებოდა ბედი ეცადა ბადროს ტყორცნაში. თავიდან მხოლოდ 29 მეტრზე ტყორცნიდა ბადროს, მაგრამ მან გადაწყვიტა გამხდარიყო საუკეთესო. ის გაეცნო სპეციალურ ლიტერატურას, სტატიებს, შეისწავლა ბადროს საუკეთესო მტყორცნელების კინოგრამები და 1937 წელს თეორიულად მომზადებული შეუდგა მეცადინეობას თავისი შედგენილი სქემებით. მან შექმნა ახალი მოძრაობა ბადროს ტყორცნაში.

თავისი მეთოდით მომზადებულმა, პირველივე ჯერზე აჩვენა საუკეთესო შედეგი - 37 მ. 6 სმ.

ერთი თვის შემდეგ უკრაინის პირველობაზე მოიპოვა ჩემპიონის წოდება - 40 მ. 37 სმ.

1937 წლის სექტემბერში მოსკოვის საკავშირო პროფსაბჭოს პირველობაზე დაამყარა საბჭოთა კავშირის რეკორდი - 42 მ. 13 სმ. ამავე წლის სეზონის ბოლოს აჩვენა შესანიშნავი შედეგი - 45 მ. 78 სმ.

1938 წ. დაძაბული წვრთნების შემდეგ გააუმჯობესა შედეგი - 47 მ. 33 სმ.

1939 წელს ნინომ დატოვა მოსკოვი და საცხოვრებლად დაბრუნდა თბილისში მშობლებთან. წვრთნა განაგრძო „დინამოში“ და დაიწყო მზადება მსოფლიო რეკორდისთვის.

1939 წლის 18 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ დიდ სპორტულ დღესასწაულზე ნინომ მოიპოვა უდიდესი გამარჯვება, მან გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი. მის მიერ ნატყორცნი ბადრო დაეცა 49 მ. 11 სმ-ზე.

ნინო დუმბაძე პირველი საბჭოთა სპორტსმენია, ვინც პირველმა გადალახა ოფიციალური მსოფლიო რეკორდის ზღვარი. მან ერთი თვის შემდეგ კიდევ უფრო გააუმჯობესა შედეგი - 49 მ. 54 სმ და ამით დაამტკიცა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ბადროს მტყორცნელია.

1944 წელს საკავშირო პირველობაზე დაამყარა ახალი საკავშირო რეკორდი (49. 88 სმ) და ბევრად გადააჭარბა გერმანელი ბადროს მტყორცნელი ქალის მაუერმაიერის ოფიციალურ მსოფლიო რეკორდს (48. 31 სმ) თუმცა მანამდე იყო ვერსია, რომ მაუერმაიერის რეკორდის გადალახვა შეუძლებელი იყო, რადგან 50 მეტრს იქით ბადროს ტყორცნა ფანტასტიკის სფეროდ მიაჩნდათ. თუმცა ნინო ასე არ ფიქრობდა და მიზნად დაისახა ამ ზღვარის გადალახვა. ეს ოცნება ნინომ რეალობად აქცია 1946 წელს ნორვეგიაში, სადაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი. (50.50სმ).

1947 წელს რეკორდი გააუმჯობესა (53.25 სმ). ეს შედეგი ოფიციალურ მსოფლიო რეკორდად დაამტკიცა საერთაშორისო სპორტულმა ფედერაციამ.

1952 წლის ოქტომბერში მან კვლავ გააუმჯობესა შედეგი (57, 4 სმ) თბილისში ჩატარებულ პირველობის გათამაშებაში.

ნინო დუმბაძე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსოფლიოს სპორტულ სამყაროში: ჩეხოსლოვაკიაში დაიბეჭდა საფოსტო მარკა, რომელზეც ნინო იყო გამოსახული. ქ. პრაღას ფიზკულტურის ინსტიტუტის მძლეოსნობის ერთ-ერთი განყოფილება ნინო დუმბაძის სახელს ატარებს. ამავე ქალაქში გაიხსნა სპორტსკოლა, რომელსაც მიენიჭა მისი სახელი. ასევე ქ. ბუქარესტის ერთ-ერთი სპორტული კლუბი მისი სახელობისაა. გარდა ამისა ბულგარეთში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში და სხვ. ითარგმნა და გამოვიდა ნინო დუმბაძის ბროშურა „გზა რეკორდისაკენ“.

ნინო დუმბაძე დაჯილდოებულია „წითელი ვარსვლავის ორდენით“ და მედლებით „კავკასიის დაცვისათვის“, „გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, „შრომითი მამაცობისათვის 1941 – 1945 წ. წ.“

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რესპუბლიკის ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტთან არსებული მძლეოსნობის სექცია, წევრი
  • უცხოეთთან საქართველოს კულტურული ურთიერთობის საზოგადოების სპორტული სექცია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი
  • საპატიო ნიშანი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: