The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian Athletes
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgian Athletes covers Georgians and citizens of Georgia who played an important role in the history of Georgian sport and won at least one prize in any sport competition. The Biographical Dictionary contains winners of Georgian and International competitions, including Soviet Games and Spartakiads.

The project aims at publishing the biographies of all Georgian athletes.



ნესტორ ესებუა

ნესტორ ესებუა
Date of birth:1864
Date of death:7 August, 1931  (at 67 years)
Category:Georgian wrestling

Biography

დაიბადა 1864 წელს სენაკის რაიონის სოფელ სორტაში. ერთ-ერთი უძლიერესი ქართველი ფალავანი - ფოცხვერივით სწრაფი და ხარივით ღონიერი. 1882-1883 წლებში ბათუმში მუშაობდა მტვირთავად. საჭიდაო ასპარეზზე გამოვიდა 1885 წელს. იშვიათი ოსტატობით ასრულებდა კისრულს, ჩოქელას, შუა სარმას, გარეკაურსა და სხვა ილეთებს. უეცრად შეჰკრავდა კამარას და ქორივით დააცხრებოდა თავის მსხვერპლს. სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის @კულა გლდანელი, კლემენს ბული, გეორგ ლურიხი, ივან პოდდუბნი, სარი სულეიმანი, ყაზბეკ გარა, ემილ ფორი და სხვები. წარმატებით გამოვიდა პეტერბურგის, თეირანის, სტამბოლისა და ბრიუსელის დიდ ტურნირებში. პერსონალურად იყო მიწვეული პარიზის საერთაშორისო გამოფენის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში, რომელშიც მსოფლიოს 300-ამდე საუკეთესო მოჭიდავე მონაწილეობდა. დაამარცხა 10 მეტოქე, რისთვისაც ჯილდოდ გადასცეს 1000 ფრანკი და ოქროს ჟეტონი. ქართული ჭიდაობის ისტორიაში განსაკუთრებულ მოვლენად იქცა ნესტორ ესებუასა და მანამდე უძლეველი ფალავნის, კულა გლდანელის მეტოქეობა. 1880-იან წლებში ეს მოჭიდავეები არაერთხელ ეხვდნენ ერთმანეთს (დაუზუსტებელი ცნობით - ხუთჯერ). საბოლოო გამარჯვებულად ესებუა გამოცხადდდა. ფართოდ გახმაურდა 1886 წლის 1 აგვისტოს თბილისში - "იტალიელების ბაღში" გამართული ორთაბრძოლა, რომელაც აკაკი წერეთელმა მესტვირული ლექსი ("ჭიდაობა") უძღვნა, გაზეთი "დროება" კი წერდა: "ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებმა. შეტაკებაში პირველმა გლდანელმა წააქცია ესებუა, მან ისე რიხიანად დაატრიალა ის, რომ ყველას ეგონა, მიწიდან მოწყვეტს და ჰაერში აისვრისო, მაგრამ ახალგაზრდა მოჭიდავე გამაგრდა და საპასუხოდ დასცა მოწინააღმდეგე პირქვე, მაგრამ კულა მალე წამოხტა ფეხზე, მივარდა ესებუას გამხეცებული და კისრულით დასცა მიწაზე, მხოლოდ ერთი მხარით. ესებუას დამარცხება ვერც ამჯერად შესძლო გლდანელმა, ისინი ორივენი წამოდგნენ ფეხზე და განაგრძეს ჭიდაობა. კულამ მეორედ გადმოიტანა კისრულზე ნესტორი უფრო უკეთესად, ვიდრე პირველად, მაგრამ მაინც ვერ შესძლო მისი საბოლოოდ დამარცხება. ისინი ხელმეორედ წამოდგნენ ორივენი ფეხზე და მესამედ შეეჯახნენ ერთმანეთს. ახლა კი გაცეცხლებული მეგრელი ვეფხვივით მივარდა კულას და დასცა ბეჭებზე, რითაც მოიპოვა საბოლოო გამარჯვება”.

მრავალი წარმატებული ჭიდაობის შემდეგ ნესტორ ესებუამ საჭიდაო არენაზე გასვლა შეწყვიტა და ხელი მწვრთნელობას მიჰყო. ის სხვადასხვა დროს ჭიდაობებს აწყობდა სამტრედიაში, სურამში, ჭიათურაში, ქუთაისში, ზესტაფონში და სხვაგან. გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით; 1919 წელს ჭიდაობიდან აღებული ფულიდან 400 მანეთი შესწირა სენაკის სკოლის მშენებლობას. ფულით ეხმარებოდა წითელი ჯვრის საზოგადოებას.

ერთხელ, როდესაც ის მშობლიურ სოფელ სორტაში მიდიოდა, მოულოდნელად, მოსახვევში ეტლი გადაუბრუნდა და სხეული დაუზიანდა. იგი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ, 1931 წლის 7 აგვისტოს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

*

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 14 გვ.


Share: