დაიბადა 1881 წელს ონის რაიონის სოფელ ცხმორში. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. წარმატებით გამოდიოდა თბილისის ცირკებში, სხვადასხვა დროს დამარცხებული ჰყავს საქართველოსა და უცხოეთის არაერთი სახელოვანი მოჭიდავე, მათ შორის – იოსებ ცერაძე, მიტრუა ყასაბი, თედო ლილოელი, გრიგორ კამიშჩევი, კლემენს ბული, პავლე ზაგარიუკო, ალიოშა გრამილოვი, კაზბეკ გარა და სხვები. მიღებული ჰქონდა ირანის, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების საამახსოვრო ჯილდოები და ქამრები. 1910 წელს პირველი ადგილი დაიკავა თბილისში გამართულ დიდ ტურნირში, რომელშიც უცხოელი მოჭიდავეებიც გამოდიოდნენ.
რაჭველი ფალავანი ათ კილოგრამამდე წონის მოოქრულ საფალავნო ქამარს ატარებდა, რომელიც რუსეთის იმპერატორის მეუღლეს - მარიას გადაუცია მისთვის ერთ-ერთი დიდი გამარჯვების შემდეგ. ვერავინ შეძლო მისთვის ამ ქამრის შეხსნა.
სამწუხაროდ, ახალგაზრდა გარდაცვლილა. ამბობენ, ბაქოში 1918 წელს ერთ-ერთ ტურნირზე ჩასულს ტიფი შეეყარაო. უცნობია მისი დაკრძალვის ადგილი. ერთი ვერსიით, რაჭაში, მრავალძალის ეკლესიაში უნდა განისვენებდეს. ასევე უცნობია მისი ლეგენდარული ქამრის ადგილსამყოფელიც.
აღსანიშნავია, რომ კოსტას დაც მოჭიდავე ყოფილა. სამწუხაროდ, მის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. თუმცა, ამბობენ, რომ ძმის მსგავსად, ისიც ძლიერი იყო და ბევრ კაცს სჯობნიდა ჭიდაობაში. ფალავნის შთამომავლების შესახებ სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.
კოსტას უფროსი ძმა, ნესტორ მაისურაძე ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს: "კოსტა თბილისში პირველად რომ ჩავიყვანე, 16 წლისა თუ იქნებოდა. პურსაცხობში დამხმარე მუშად დაიწყო მუშაობა. ერთ საღამოს მცხობელები შინ რომ გაკრეფილან, საცხობში მარტო დარჩენილ ჩემ ძმას დილისთვის ცომი მოუზელია და როცა სახლში წასასვლელად გამზადებულა, კარის ჩასაკეტი ბოქლომი ვერსად უპოვია, მაგრამ კოსტა არ დაბნეულა. იქვე ახლოს იდო ვეებერთელა, დაახლოებით 200 კილოიანი ქვა. კოსტას ეს ქვა აუწევია და საცხობის კარზე მიუყუდებია. დილით მოსულან პურის მცხობელები, დაჯაჯგურებიან ამ ქვას, მაგრამ ვერასდიდებით ვერ დაუძრავთ. ამასობაში კოსტაც გამოჩენილა, ერთი გაუცინია, დასძგერებია ქვას და თავის ადგილას გადაუდვია".
*
წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 15 გვ.
*
შენიშვნა: კოსტა მაისურაძის საფლავის მოძიებასთან დაკავშირებულ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე "მაისურაძეთა საგვარეულო კავშირი"
ამონარიდი სტატიიდან: "მაისურაძეთა საგვარეულო კავშირის მიერ გაწეული გარკვეული სამუშაოს შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იგი დაკრძალული იყო ქ. ბაქოს ე.წ. „ნაგორნი პარკში“ მდებარე ებრაელების საფლავის გვერდით არსებულ, ქართველთა სასაფლაოზე და მისი საფლავი შემოსაზღვრული ყოფილა მხვილი, შავი ფერის ჯაჭვით, რაც მოწმობდა, რომ აქ ძლიერი კაცი იყო დაკრძალული.
საგვარეულო კავშირმა დაგეგმა, აღნიშნული საფლავის თვითმხილველის, ვინმე ლობჟანიძის წაყვანა ქ.ბაქოში, რათა გვენახა საფლავის ზუსტი ადგილ-მდებარეობა, მოგვეხდინა მისი ედენტიფიცირება და დაგვეწყო სახელოვანი ფალავანის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების სამუშაოები.
საფლავის ოფიციალურად მოძიების მიზნით მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა, 2013 წლის 3 ივლისის, N1/3 წერილით მიმართა საქართველოს საგარეო სამინისტროს, რათა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გაეწია დახმარება, ქ. ბაქოში კოსტა მაისურაძის საფლავის მოძიებასა და მისი ნეშტის გადმოსვენებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 26 აგვისტოს N01/34712 წერილით, თანდართული აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს N5/15-1684/15/13 ნოტის ასლით, გვაცნობა, რომ: „ქ. ბაქოში ვერ მოხერხდა ცნობილი ქართველი ფალავნის კოსტა მაისურაძის საფლავის მოძიება.“
მაისურაძეთა საგვარეულო კავშირმა 2005 წლის 31 ოქტომბრის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით გდასცა, ხოლო ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა ჩაიბარა: 1. კოსტა მაისურაძის ვერცხლის მედალი (ერთი ცალი), 2. კოსტა მაისურაძის ფოტო სურათი ორიგინალი, კოსტას ხელნაწერით, 3. კოსტა მაისურაძის გამოსვლების აღმნიშვნელი საცირკო აფიშების ასლები.
წყარო: https://maisuradzeni.com/gonisdziebebi/151-kosta-maisuradze.html