ძიება
ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.
|
ვასილ (ბათუ) კევლიშვილი
დაბადების თარიღი: | 13 ოქტომბერი, 1948 (76 წლის) |
კატეგორია: | მწვრთნელი, რაგბი |
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში. რაგბის თამაში დაიწყო 1961 წლიდან. თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში", თსუ-ს ნაკრებში, "გპი"-ში. ათლეტური აღნაგობის სპორტსმენი შეუდარებელი იყო შერკინების მეორე ხაზში. რაგბის სამყარო მას "ბათუს"-ს სახელით იცნობს. მისი სრული შესაძლებლობები გამოვლინდა მის სამწვრთნელო მოღვაწეობაში. 1969 წელს მან აღადგინა თბილისის "სპარტაკი", რომელიც გამორჩეული, საკუთარი ხელწერის მქონე ბრწყინვალე გუნდი იყო. "სპარტაკის" საკავშირო ცენტრალური საბჭოს ტურნირებში ეს გუნდი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდა. 1971 წელს თბილისის "სპარტაკი" სომხეთის მორაგბეთა ღია პირველობაზე ჩემპიონიც გახდა. 1971 - 1972 წლებში კი იყო ამიერკავკასიის ჩემპიონთა თასის მფლობელი. (ტურნირები ბაქოში ტარდებოდა). გუნდი საქართველოს ჩემპიონიც გახდა. ხოლო მისმა ახლაგაზრდულმა შემადგენლობამ საკავშირო ტურნირში "ოქროს ოვალი" - მთავარი პრიზი მოიგო. ბათუს მორაგბეთა აღმოჩენის უტყუარი ალღო გააჩნია. მისი არჩეული ბიჭები თამაშობდნენ საკავშირო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებში. 80-იან წლებში მისი უშუალო თაოსნობით შეიქმნა მთელ რესპუბლიკაში რაგბის პირველი სპეციალური სკოლა. მოედანი ვარკეთილის მასივში თვითონ მოიძია და თავისი ხელით მოაწესრიგა. ნაგებობებიც მისი პროექტით აიგო და დღესაც ეს სკოლა ქართული რაგბის სამჭედლოა. ამჟამად ბათუს ჰყავს ისეთი ძლიერი გუნდი, როგორიც თბილისის "ლელოა". მას არცერთი უძლიერესი ტიტული არ დაკლებია და რაგბის მოყვარულნი მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.
|