The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



გია შანშიაშვილი

გია შანშიაშვილი
სხვა სახელი:ჟევი შვლიპა
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:2 ივლისი, 2020  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:რაგბი

ბიოგრაფია

1975 წელს დაამთავრა თბილისის 31-ე საშუალო სკოლა. მოსწავლეობის წლებში ვარჯიშობდა სპორტსაზოგადოება "დინამოში" და მონაწილეობდა საქართველოს ჩემპიონატებში (თავისუფალი ჭიდაობა. მწვრთნელი გოდერძი ფასურიშვილი).

1979-81 წლებში სწავლობდა თბილისის კავშირგაბმულობის ტექნიკუმში და პარალელურად მუშაობდა მინისტრთა საბჭოს სატელეფონო სადგურში.

1987 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი მწვრთნელი - პედაგოგის სპეციალობით.

1987 - 91 წლებში მუშაობდა „საქსახმიწპროექტისა“  და პირველი სამშენებლო ტრესტის ფიზკულტურის ინსტრუქტორ - მეთოდისტად.

1979 წლიდან დაიწყო ვარჯიში რაგბიში, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის გუნდში (უფროსი მწვრთნელი რეზო ჩხეიძე. მწვრთნელი მიხეილ ბურძგლა), რომელიც მონაწილეობდა რესპუბლიკურ ჩემპიონატებში და I-II ადგილებს იყოფდა თსუ გუნდთან.

1980 წელს გახდა სპორტის ოსტატობის კანდიდატი რაგბში.

იმავე წელს შეუერთდა თბილისის სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ბაზაზე შექმნილ რაგბის კლუბ "შევარდენს" (დამფუძნებელი და მწვრთნელი რამაზ სანებლიძე), რომელიც 1981-87 წლებში გამოდიოდა სსრკ უმაღლეს ლიგაში. 1981 წელს მოიგო სსრკ ჩემპიონატი და აიღო პირველი ადგილი (უმაღლესი ლიგა, ახალგაზრდული ნაკრები).

1982 წლიდან გუნდი „შევარდენი“  წარმატებით ასპარეზობდა ევროპულ ტურნირებში.

1992 - 97 წლებში იყო "შევარდენის" მოთამაშე მწვრთნელი და გუნდის ადმინისტრატორი. თამაშობდა მე-9 (ჰავბეკი), მე-13 (შუამარბი) და მე-15 (ფულბეკი) ნომრად და, ბუნებრივია, ცხოვრებაშიც გამოყოლილი ჰქონდა ამ პოზიციებზე მდგომი მორაგბისთვის დამახასიათებელი მიზანდასახულება, სწრაფი აზროვნებისა და იდეების გენერირების უნარი, მაღალი სისწრაფე.  მას იცნობდნენ, როგორც ფანატიკოს მებრძოლს - მძიმე ტრავმების მიუხედავად, არ ტოვებდა მოედანს და ბოლომდე უტევდა მეტოქეს ლელოს დასადებად.

მის გამოზრდილთა შორის ასახელებენ: ზ. მჭედლიშვილს, ი. ზედგინიძეს, ი. პარწიკანაშვილს და სხვადასხვა თაობის უამრავ მორაგბეს.

1992-1995 წლებში, აქტიური სპორტული მოღვაწეობის პარალელურად, ავარჯიშებდა 187-ე საშუალო სკოლისა და 192-ე სკოლა-გიმნაზიის ბავშვთა გუნდებს რაგბიში. სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა მომავალი თაობის აღზრდის საქმეს თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში (უფროსი მასწავლებელი, ფიზიკური კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი, მწვრთნელი).

აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც - სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველო - საფრანგეთის ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში,  საბურთალოს რაიონის სოციალურ სააგენტოში, მერიის "თბილისის კორპუსში" და სხვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის მიერ გაცემული საპატიო დიპლომი , მწვრთნელობისთვის
  • 1984 - პირველი ადგილი, ახალგაზრდული ტურნირი - პრაღა (ჩეხოსლოვაკია)
  • 1981 - პირველი ადგილი - გუნდი „შევარდენი“ , სსრკ ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა, ახალგაზრდული ნაკრები - ტაშკენტი
  • 1980 - მეორე ადგილი , VEF - ის რაგბის სექციის XX საიუბილეო ტურნირი - რიგა, ლატვია
  • 1980 - პირველი ადგილი (სამედიცინო ინსტიტუტის რაგბის გუნდი) , საქართველოს პირველობა (რესპუბლიკის ჩემპიონატი)

გააზიარე: