The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



კულა გლდანელი

კულა გლდანელი
ოფიციალური სახელი:ივანე ყირიმელაშვილი
დაბადების თარიღი:1858
გარდაცვ. თარიღი:1933  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ქართული ჭიდაობა

ბიოგრაფია

დაიბადა 1858 წელს სოფელ გლდანში. ერთ-ერთი უძლიერესი ფალავანი. გამოირჩეოდა ღონით, სიმარდით, ქართული ჭიდაობის ილეთების კარგი ცოდნით. დამარცხებული ჰყავს თავისი დროის არაერთი სახელოვანი ქართველი და უცხოელი მოჭიდავე: ავლაბრელი სულხან დალაქი, დიდი მთავრის ფალავანი სოლომონ ბუღიტაშვილი, ყვანწვიალა ვეძისელი, ხუნწა ფშაველი, თურქი ალთი აილუღა, სპარსელი ხუშტურ ბეგი, შაჰნავაზელი ფრანგი მიხაკა და სხ. თანამედროვენი კულას ახასიათებდნენ როგორც ნამუსიან ვაჟკაცს, უღალატო მეგობარს, თავისი სიტყვის პატრონს, ყველასათვის კეთილის მდომს. პირველმა დააარსა თბილისში ე. წ. საჭიდაო წრე, სადაც თავს იყრიდნენ ამიერკავკასიის საუკეთესო ფალავნები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა კულა გლდანელისა და ნესტორ ესებუას პაექრობა, რასაც აკაკი წერეთელმა უძღვნა პოემა "გლდანელი და ესებუა". ის ეწეოდა საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას (ფინანსურად დაეხმარა ვაჟა - ფშაველას პეტერბურგში სწავლის გასაგრძელებლად გამგზავრებაში).

გაზეთი "დროება" (1882 წ. N 202) კულა გლდანელზე წერდა: "მშვენიერი თვალტანადია გლდანელი, ვიწრო ჩოხა შემოწურული, სწორედ გმირსა ჰგავს, როდესაც გამოვა მოედანზე. მისი ამაყი, დარწმუნებული სიარული, მედიდური მიხვრა-მოხვრა, განიერი და ძარღვიანი გულ - მკერდი, მართლაც სასიამოვნო სანახავია"

კულა გლდანელი გარდაიცვალა 1933 წელს.

*

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ.

*

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია კულა გლდანელის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ საინფორმაციო პორტალ "Тбилисская неделя" -ში განთავსებულ სტატიაში "На небе – Бог, на земле – Кула Глданели"

https://tbilisi.media/cultures/52710-na-nebe-bog-na-zemle-kula/ 


გააზიარე: