The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რეზო თაბუკაშვილი

რეზო თაბუკაშვილი
ოფიციალური სახელი:რევაზ თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1927
გარდაცვ. თარიღი:5 აგვისტო, 1990  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, რეჟისორი, საზოგადო მოღვაწე, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი 1949 წელს.

1949-1952წწ. მუშაობდა მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში; 1953-1954წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს რედაქტორად; 1954-1958წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენო განყოფილების უფროსად; 1959-1967წწ. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივნად; 1971 წლიდან სათავეში უდგას კინოსტუდია "ქართულ ფილმთან" არსებულ მწერალთა გაერთიანებას; ლიტერატურული მოღვაწეობა 1948 წლიდან დაიწყო; თარგმნიდა და ჟურნალ-გაზეთებში პერიოდულად ბეჭდავდა, ხოლო 1968 და 1979 წლებში ცალკე წიგნებად გამოაქვეყნა უ. შექსპირის სონეტების შესანიშნავი თარგმანები; იგი ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა ქართულ დრამატულ მწერლობაშიც; 1953 წელს წერს "რაიკომის მდივნის" სახელწოდებით პიესას, რომელიც იმთავითვე იქცევს ყურადღებას და წლების მანძილზე მყარად იკიდებს ფეხს საქართველოს თეატრების რეპერტუარში; მას ეკუთვნის, აგრეთვე, რესპუბლიკის სხვადასხვა თეატრის სცენაზე განხორციელებული პიესები: "რას იტყვის ხალხი" (1955), "დენბურგის ზარი" (1968), "გაზაფხულის ნიაღვარი", "რაიკომის მდივნის" ძირეულად გადამუშავებული ვარიანტი (1957); მისი სცენარით შეიქმნა ფილმები: "თეთრი სასტუმრო" (1958), "კარდაკარ" (1960), "ქორბუდა" (1962), "ჯვარცმული კუნძული" (1968), "მზე შემოდგომისა" (1974), "რაც დავიწყებას არ ებინდება" (1976); ავტორია ლიბრეტოების ოპერებისთვის "მინდია" (კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი), "ქაჯანა" (კომპოზიტორი მერი დავითაშვილი); 1975 წლიდან რ. თაბუკაშვილი იწყებს ინტენსიურ სარეჟისორო მოღვაწეობას ქართულ კინემატოგრაფში და ზედიზედ ქმნის მისივე სცენარების საფუძველზე ფართოდ გახმაურებულ ფილმებს: "რეპორტაჟები ნიდერლანდებიდან" (1975), "ვიტორიო სელლა" (1980), "მიხეილ ხერგიანი" (1981), "ფურცლები ფრანგული დღიურიდან" (1982). დიდია მისი დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. მათ შორისაა ფილმები: "კვალი ნათელი" (1978) მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს იტალიაში მიაკვლია, ფილმი "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (1985), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება. აგრეთვე, ის არის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი შემდეგი ფილმებისა: "ალპური ვარსკვლავი" (ფილმი ეძღვნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას, 1979), "მთანი მაღალნი" (1980), "პირველად იყო სიტყვა" (1982), "ნაძარცვის კვალდაკვალ" (1986), "შორეული სიახლოვე" (1987). მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. იგი უილიამ შექსპირის სონეტების საუკეთესო მთარგნელად ითვლება. მეცნიერისა და პედაგოგის შალვა თაბუკაშვილის შვილი, საქართველოს სახალხო არტისტის, მედეა ჯაფარიძის მეუღლე, მწერალ ლაშა თაბუკაშვილის მამა.

წყარო: მამულიშვილთა სავანე : დიდუბის პანთეონი / ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ.161-1622007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ.,2007.- გვ.74; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1967-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1967-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართელოს სახელმწიფო პრემია
    ფილმისთვის - "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი"
  • 1981 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
    ფილმებისთვის: "დიდგორი", "ქართველები იტალიაში", "კვალი ნათელი", "ალპური ვარსკვლავი"
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • სამოცდამეექვსე სონეტი : ერთი შედევრის თერთმეტი ქართული თარგმანი (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2011. - 28გვ.. - ISBN: 978-9941-430-76-3
  • სონეტები (მთარგმნელი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1979. - 342გვ.

გააზიარე: