The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი

მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი
ოფიციალური სახელი:მარიამ ორბელიანი
დაბადების თარიღი:22 აგვისტო, 1852
გარდაცვ. თარიღი:23 აგვისტო, 1941  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის ქალთა კურსები 1870 წელს.

გამოჩენილი ქართველი პოეტის ვახტანგ ვახტანგის-ძე ჯამბაკურ-ორბელიანის ერთადერთი ქალიშვილი. 1870 წელს დაამთავრა თბილისის ქალთა კურსები. 1872 წელს მარიამი დაუახლოვდა სამხედრო პირს ალექსანდრე ივანეს-ძე ორბელიანს, რომელსაც მისთხოვდა და ცოლ-ქმარი საცხოვრებლად გადავიდნენ სოფელ ლამისყანაში. აქ მარიამმა ლამისყანელ გლეხთა ბავშვებისათვის მოაწყო დაწყებითი სკოლა, სადაც ყველა საგანი მშობლიურ ენაზე ისწავლებოდა და მასწავლებლობაც თვითონ იკისრა. ის ყოველ საახალწლოდ სოფლის პატარა ბავშვებს ნაძვის ხეს უწყობდა, რომელიც მანამდე მათ არასოდეს არ ენახათ. მთელი კვირის განმავლობაში მის სახლში იყო ბავშვების განუწყვეტელი ჟრიამული, სიმღერა, ცეკვა, მხიარულება. დიდი შრომა გასწია სოფელ ლამისყანის კეთილმოწყობისთვის. მისი თაოსნობით სოფელში დაარსდა ფოსტა, გამოყვანილ იქნა წყალი და ა. შ. ასეთსავე ზრუნვას იჩენდა მარიამი სოფელ ატენის მიმართაც. 1879 წელს თბილისში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" დაარსდა. მარიამ ორბელიანი მისი ნამდვილი და დამფუძნებელი წევრი გახდა. 1894 წელს გამოსცა მამის - ვახტანგ ორბელიანის ლექსების სრული კრებული. დიდ დახმარებას უწევდა საბავშვო ჟურნალებს - "ჯეჯილსა" და "ნაკადულს", აგრეთვე, ქალთა საზოგადოება "განათლებას"-ს. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი. 1917-1918წწ. იგი იყო პროფესორ ივანე ჯავახიშვილის აქტიური მებრძოლი და მარჯვენა ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. 1918 აირჩიეს უნივერსიტეტთან ჩამოყალიბებული დამხმარე საზოგადოების წევრად. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას. მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136; განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, რედაქტორი ალ. შვანგირაძე. -თბ., 1955.-გვ.105-113

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მასწავლებელ ქალთა საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტი, წევრი (1882-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი და დამფუძნებელი წევრი (1879-)

გააზიარე: