| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მესხი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაიბადა სიმონ (სისო) მესხისა და მაგდანა (მაგდალენა) (კოტე მარჯანიშვილის მამიდა) მარჯანიშვილის მრავალშვილიან ოჯახში. განათლება ქუთაისში, მრევლიშვილის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, აქ იგი თანამშრომლობდა უმცროსკლასელთა ხელნაწერ გაზეთში. პატარ-პატარა წერილებს გაზეთ "დროებასაც" უგზავნიდა. ხელნაწერი გაზეთით დავითის გატაცება საბედისწერო აღმოჩნდა, მას გადაეკიდა ლათინური ენის რეაქციონერი მასწავლებელი, რის გამო იძულებული გახდა გიმნაზია მიეტოვებინა. იგი სახლში, სოფელ რიონში დაბრუნდა, მაგრამ სათანადო განათლება არ ჰქონდა და სოფლის მეურნეობასაც ვერ დაუდო გული. 1880 წელს თბილისში გადავიდა და გაზეთ "დროებაში", უფროს ძმასთან სერგისთან კორექტორად დაიწყო მუშაობა. აქ იგი დაუახლოვდა ალექსანდრე ყაზბეგს, დავით კეზელს (სოსლანი), პეტრე უმიკაშვილს, ილია ხონელს (ბახტაძე). გაზეთის რედაქციაში მუშაობასთან ერთად მეორე მნიშვნელოვანი დარგიც აირჩია, თარგმნა და გადმოაქართულა დრამატული პიესები: "სიკოია დენშჩიკი", "სუსტი მხარე", "მედეა", კომედია "გემრიელი ლუკმა" და სხვ. 1883 წელს ჯანმრთელობა შერყეული სერგი მესხი რედაქციიდან წავიდა და უკანასკნელი დღეები მშობლიურ სოფელ რიონში გაატარა. დავითმაც მიატოვა "დროება" და ძმას სიკვდილამდე არ მოშორებია. გაზეთს ივანე მაჩაბელი რედაქტორობდა. მან არაერთხელ თხოვა დავითს დაბრუნებულიყო რედაქციაში. დავითი დაბრუნდა თბილისში, სადაც გაზეთის გაუქმებამდე, 1885 წლამდე დარჩა. ამის შემდეგ დავით მესხი თანამშრომლობდა მრავალ ქართულ ჟურნალსა და გაზეთში ("თეატრი და ცხოვრება", "ნიშადური", "პატარა გაზეთი", "კოლხიდა", "იმერეთი", "თემი" და სხვ.). იგი ბეჭდავდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ლექსებს, მოთხრობებს, იუმორისტულ ფელეტონებს, პუბლიცისტურ წერილებს. წერდა იუმორისტულ სცენებს, სატირიულ ამბებს, საზოგადოებრივ საკითხთა შესახებ "იმერლის წერილების" სათაურით აქვეყნებდა წერილებს, ყოველდღიურ ჭირ-ვარამზე ლექსებს თომა პუსას ფსევდონიმით წერდა. ცნობილი იყო, როგორც "მახვილი კალმის პატრონი". 1908 წელს მისი რედაქტორ-გამომცემლობით ქუთაისში გამოდიოდა გაზეთი "შრომა", რომელიც იმავე, 1908 წლის 30 მარტს გენერალ-გუბერნატორის ბრძანებით დაიხურა. თავისი და-ძმის ეფემიას და კოტე მესხების გავლენით, თეატრიც შეიყვარა. სასცენო ასპარეზზე გამოვიდა 1875-1878 წლებში ქუთაისში, ასრულებდა შემდეგ როლებს: პეტუა "ციმბირელი", ფიჩხულა "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", აკოფა "ხანუმა" და სხვ. თბილისის მუდმივმოქმედი დასის ქუთაისში ჩასვლას 1879 წელს, დიდი აღტაცებით შეეგება, დაეხმარა, როგორც მსახიობი, დეკორატორი, მხატვარი, ყოველმხრივ ხელი შეუწყო და მას შემდეგ ქართული თეატრის წინსვლას ემსახურებოდა, პიესების გადმოკეთებით, თარგმნით, წერით და სხვ. მალე სცენაზე მისი საკმაოდ ცნობილი პიესებიც დაიდგა. დავით მესხი გარდაიცვალა 1943 წელს, დაკრძალულია სოფელ რიონში უფროსი ძმის გვერდით. სატირიკოს-იუმორისტი, ფელეტონისტი. სიმონ (სისო) მესხის შვილი, კოტე, სერგი, ივანე, ეფემია და ანა მესხების ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.225; ივანე მესხი: ქალაქის მდივანი / რამაზ სურმანიძე.-თბ.,2013.-გვ.46-48; მოგონებანი / დავით მესხი. - თბ.,1940.-118გვ. Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

