The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არტემ არონიშიძე

არტემ არონიშიძე
Other name:იან პილეცკი  (Pseudonym)
Date of birth:20 October, 1891
Date of death:22 April, 1950  (at 58 years)
Burial location:ვროცლავი, პოლონეთი
Category:Military Person

Biography

დაიბების ადგილი: სოფელი კონჭკათი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისის იუნკერთა სკოლაში სწავლობდა.

1913 წელს იყო უმცროსი ოფიცერი და თბილისის ფეხოსანთა პოლკში მსახურობდა, რომელიც მეფის არმიაში შემავალ პოლკს წარმოედგენდა, მაგრამ ძირითადად ქართველებით იყო დაკომპლექტებული. პირველ მსოფლიო ომში არტემ არონიშიძე კავკასიის ფრონტზე იბრძოდა თურქეთის წინააღმდეგ ახულგოს 261-ე ქვეითი პოლკის შემადგენლობაში. ამ დროს მიანიჭეს კაპიტნის ჩინი და წმ. ანას IV ხარისხის ორდენი (1917); 1918–1921 წწ. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში წვრთნიდა ქართველ ახალგაზრდებს  სამხედრო საქმეში და სამხედრო ჯგუფებს აყალიბებდა.
საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმისას აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის დასაცავად გამართულ ბრძოლებში. იგი ერთ-ერთ იმ უკანასკნელ ბატალიონს ხელმძღვანელობდა, რომელმაც უზრუნველყო მენშევიკური მთავრობის ბათუმიდან საზღვარგარეთ უსაფრთხოდ გამგზავრება, შემდეგ კი თავადაც დატოვა სამშობლო. არტემ არონიშიძე სხვა ქრთველ ემიგრანტებთან ერთად თავდაპირველად კონსტანტინოპოლში მოხვდა, სადაც ქართველი ოფიცრები უმძიმეს პირობებში აღმოჩდნენ, არ ჰქონდათ ცხოვრების ელემენტალური სახსრები, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა; 1922 წელს პოლონეთის მთავრობის მიწვევით ქართველ ემიგრანტ ოფიცერთა საკმაოდ დიდი ჯგუფი პოლონეთში ჩავიდა; რემბერტუვში (პოლონეთი) მან გაიარა 3-თვიანი კურსები. აღმოაჩნდა ლინგვისტური ნიჭი და სწრაფად აითვისა პოლონური ენა; წლების მანძილზე მსახურობდა ტორუნში, 63-ე პოლკში, რომელიც მე-4 სახმელეთო დივიზიას ეკუთვნოდა; 1934 წელს კვლავ გაიარა რემბერტუვის საოფიცრო კურსები და მაიორის წოდება მიიღო; პოლონეთზე გერმანელების თავდასხმამდე იგი აღმოსავლეთ პრუსიასთან პოლონეთის საზღვარზე დაბანაკებულ პოლკს ხელმძღვანელობდა; 1939 წლის აგვისტოს ბოლოს ვარშავაში ჩავიდა უმაღლეს სამხედრო აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ ომის დაწყებამ შეუშალა ხელი; ვარშავის დამცველთა რიგებში ჩადგა. მისი ბატალიონი იცავდა ვარშავას ქალაქის კაპიტულციამდე; გამოჩენილი მამაცობისათვის დივიზიის გენერლის, არმია "ვარშავის" სარდლის -  იულიუს რომელის ბრძანებით არტემ არონიშიძე უმაღლესი სამხედრო ორდენით "ვირტუტი მილიტარით" დააჯილდოვეს; კაპიტულაციის შემდეგ იგი თავის ხელქვეითებთან ერთად გერმანელებს ჩაბარდა ტყვედ. ტყვეობა დრეზდენთან ახლოს გაატარა; 1942 წელს, როდესაც გერმანელებმა ქართველები გაათავისუფლეს, ვარშავაში დაბრუნდა. ჯერ მუშად მუშაობდა, შემდეგ არმია კრაიოვაში შევიდა და იან პილეცკის ფესვდონიმით იბრძოდა. აქტიურად და კონსპირაციულად მონაწილეობდა ვარშავის აჯანყებაში; 1945 წლის მარტში მის კვალს ნკვდ–მ მიაგნო, დააპატიმრეს და პიეტრკოვოს ციხეში ჩასვეს, სადაც მოხდა მისი იდენტიფიკაცია, რომ იგი არტემ არონიშიძე იყო და არა იან პილეცკი; ნკვდ–მ იგი ლოძის უშიშროების სამსახურს ჩააბარა და თავის მხრივ პოლონეთის უშიშროებამაც დაკითხა. მათი მიზანი იყო, რომ დაედგინათ არტემ არონიშიძე იბრძოდა როგორც წითელი არმიის, ასევე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგაც. 1945 წლის ივლისში ლუბელის მთავრობამ ამინისტია გამოაცხადა და არტემ არონიშიძის მეუღლის ლიდიას ენერგიული ჩარევის (რაც ქრთამის მიცემაში გამოიხატა) შედეგად 1945 წლის სექტემბერში გაათავისუფლეს; გათავისუფლების შემდეგ პოლონეთის სახალხო მილიციაში სამსახური შესთავაზეს, რაც ავტომატურად მისთვის პოლკოვნიკის წოდების მინიჭებასაც ნიშნავდა, მაგრამ ეს შეთავაზება მთავრობისგან, რომელსაც სამართლიანად არ თვლიდა, არ მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ იგი შკლარსკიე პორემბოში (ქვემო სილეზია) პანსიონატის დირექტორად დანიშნეს; 2020 წლის 9 მარტს პოლონეთის არმიის, ქართველი ოფიცრის, მაიორ არტემ არონიშიძის სახელი ვარშავის ერთ-ერთ მოედანს მიენიჭა. ქართულ-პოლონური საზოგადოების დამფუძნებლისა და თავმჯდომარის იეჟ არონიშიძის მამა.

წყარო: მაიორი არტემ არონიშიძე / ქართველები პოლონეთში / ამბროსი გრიშიკაშვილი. - თბ., 2008. - გვ.133-136;  kartuli.kvira.ge

Awards and Honors

  • 1917 - წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი

Share: