The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ბერიშვილი

შალვა ბერიშვილი
Date of birth:1898
Date of death:1998  (at 100 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შუა სურები, ჩოხატაურის რაიონი.

შალვა ბერიშვილი მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს სახალხო აჯანყებაში, მისი დამარცხების შემდეგ, იმავე წლის დეკემბერში, იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. პარიზში ჩასვლისთანავე აქტიურად ჩაება ახალგაზრდა ქართველ სოციალ–დემოკრატთა ემიგრანტული ორგანიზაციის მუშაობაში, იგი იყო ჟურნალ "ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატის" ერთ–ერთი დამფუძნებელი და წამყვანი ავტორ–თანამშრომელი. 1930 წლის ზაფხულში შალვა ბერიშვილი, სტამბოლის გავლით, პოლიტიკური დავალებით ჩამოვიდა საქართველოში და საქმეების დამთავრების შემდეგ უკან მშვიდობით დაბრუნდა, ეს მისი პირველი არალეგალური ჩამოსვლა იყო, რაც შემდგომში ბევრჯერ განმეორდა და რის გამოც, მისი ოჯახის წევრები მუდმივად განიცდიდნენ რეპრესიებს. ნოე რამიშვილის მკვლელობის შემდეგ შალვა ბერიშვილი საზღვარგარეთ ფარული ანტისაბჭოთა საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. ყველაზე რთულ დავალებებს ნოე ჟორდანია მას ანდობდა, როგორც უშიშარ და სამშობლოზე შეყვარებულ ახალგაზრდას. შალვა ბერიშვილისა და სანდრო მენაღარიშვილის მეშვეობით, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს დამყარებული ჰქონდა ოფიციალური კონტაქტები პოლონეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და თურქეთის სპეცსამსახურებთან, რომელთა მეშვეობითაც იგეგმებოდა და ხორციელდებოდა ანტისაბჭოთა ღონისძიებები. 1938 წელს გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება. ამ დროისთვის, ანტისაბჭოთა საქმიანობის ცენტრად კვლავ საფრანგეთი, კერძოდ, პარიზი რჩებოდა. აქტიურობით გამოირჩეოდა ქართული ემიგრაცია, რომლის ავანგარდშიც დევნილი მთავრობის ლიდერები იდგნენ. მათ ინტენსიური კონტაქტები ჰქონდათ ანტისაბჭოთა საქმიანობით დაინტერესებულ ქვეყნებთან. საქართველოს დევნილმა მთავრობამ საფრანგეთის ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორისა და აკაკი ჩხენკელის ხელმოწერილი, მათდამი სრული მხარდაჭერის ამსახველი მემორანდუმი. ამის შემდეგ ანტისაბჭოთა საქმიანობით ასპარეზზე გამოვიდა შალვა ბერიშვილი. ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ლიდერებს მიაჩნდათ, რომ ინგლის-საფრანგეთის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი გერმანია-საბჭოთა კავშირს დაამარცხებდა და ეს პროცესი დადებითად წაადგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ერთობლივი ანტისაბჭოთა საქმიანობის დაგეგმვისა და საერთო კოორდინაციისთვის, ა. მარკემ 1939 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ნოე ჟორდანიას ბინაში შეხვედრა მოაწყო, რომელსაც ნოე ჟორდანიას, შალვა ბერიშვილსა და ა. მარკესთან ერთად, ინგლისისა და პოლონეთის გენერალური შტაბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ითქვა, რომ მეკავშირეები გენერალ ვეიგანის მეთაურობით გაერთიანებულ არმიას აყალიბებდნენ. სამხედროები იმედოვნებდნენ, რომ აუცილებლად ჩაერთვებოდა თურქეთიც. ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ ქართველები ითანამშრომლებდნენ მათთან იმ პირობით, თუკი მოკავშირეები აღიარებდნენ საქართველოს დევნილ მთავრობას და მომავალში ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაში დაეხმარებოდნენ. ქართველებმა ასევე მოითხოვეს, რომ როცა გაერთიანებული არმია, მათ შორის თურქეთის სამხედრო დანაყოფები, საქართველოში შევიდოდა, წინა ფლანგზე აუცილებლად ფრანგები უნდა ყოფილიყვნენ. შტაბების წარმომადგენლებმა ნოე ჟორდანია და შალვა ბერიშვილი დაპირებებით აავსეს. იქვე გადაწყდა, რომ შალვა ბერიშვილი, როგორც მრჩეველი კავკასიის საკითხებში, მივლინებული იქნებოდა თურქეთში დისლოცირებულ მეკავშირეთა არმიის შტაბში. კონკრეტულ ოპერატიულ დავალებებს იგი თურქეთში საფრანგეთის საელჩოს სამხედრო ატაშესგან მიიღებდა. 1939 წლის 16 სექტემბერს შალვა ბერიშვილი სტამბოლში ჩავიდა, შეხვდა თურქეთში საფრანგეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს და მათ ერთად დასახეს სამომავლო გეგმები. მან  ოფიციალური კონტაქტები დაამყარა თურქეთის სპეცსამსახურებთანაც. 1940 წლის მარტის ერთ-ერთ შეხვედრაზე შალვა ბერიშვილმა შეიტყო, რომ საბჭოთა კავშირზე თავდასხმა მეკავშირეთა მხრიდან პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. მზადდებოდა გეგმა ბაქოს, თბილისისა და ბათუმის დასაბომბად და საავიაციო დესანტის გადასასხმელად სამხრეთ კავკასიაში. რაც შეეხებოდა ქართულ ანტისაბჭოთა ემიგრაციას, მეკავშირეთა აზრით, ომის დაწყებისთანავე, მას უნდა აემოქმედებინა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ცენტრები საქართველოში, ხოლო თვით შალვა ბერიშვილი კი, სადაზვერვო პუნქტების მომზადების მიზნით, სასწრაფოდ უნდა გამგზავრებულიყო საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვრის სიახლოვეს. 1940 წლის მაისის დასაწყისში შალვა ბერიშვილმა მოახერხა, შექმნილი ვითარების თაობაზე, ნოე ჟორდანიასთვის სასწრაფოდ ინფორმაციის მიწოდება და მისგან მიიღო დავალება, რომ ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით წინააღმდეგობა უნდა გაეწია ამ პროცესისთვის. ხოლო, თუ საჭირო გახდებოდა, როგორმე ინფორმაცია მიეწოდებინა საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის. ნოე ჟორდანიას ამგვარმა პოზიციამ შალვა ბერიშვილი გააოგნა, თუმცა დავალება უნდა შესრულებულიყო. როგორც ჩანს, ნოე ჟორდანიას გადაწყვეტილებაზე იმანაც იმოქმედა, რომ დიდი დაპირებების მიუხედავად, საფრანგეთი არ ჩქარობდა საქართველოს დევნილი მთავრობის აღიარებას. იმავდროულად, თურქეთის გეოსტრატეგიულ მისწრაფებათა გათვალისწინებით, მოკავშირეები მას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასაწყებად აქეზებდნენ და ჰპირდებოდნენ, სამომავლოდ კავკასიის რეგიონის მათი გავლენის სფეროდ აღიარებას. ეს კი ნიშნავდა, რომ ასეთ ვითარებაში, საომარი მოქმედებები კავკასიაში თურქეთის მონაწილეობით გამოიწვევდა იქ მცხოვრები ერების ფიზიკურ განადგურებას. შალვა ბერიშვილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველო კვლავ საერთაშორისო ღალატის მსხვერპლი ხდებოდა. მან ისარგებლა საზღვრის გასწვრივ დაუბრკოლებელი გადაადგილების უფლებით და 1940 წლის 9 ივნისს არალეგალურად გადალახა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი და კურორტ აბასთუმანს ეწვია. იქიდან მან მოსკოვში, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის სახელზე, ჩვეულებრივი ფოსტით, გააგზავნა წერილი, რომელშიც გადმოცემული იყო მის ხელთ არსებული ინფორმაცია უახლოეს მომავალში ბაქოს, თბილისისა და საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქების შესაძლო დაბომბვისა და სხვა საინტერესო ოპერატიული ცნობები. მეორე დღესვე შალვა ბერიშვილი თურქეთში დაბრუნდა. 1940 წლის 14 ივნისს გერმანელები პარიზში შევიდნენ. თუმცა საფრანგეთის საელჩო თურქეთში თავის საქმიანობას მაინც განაგრძობდა. მეკავშირეთა გეგმების ჩაშლის შემდეგ თურქებს ეშინოდათ, რომ საბჭოთა კავშირი მათთან ომს დაიწყებდა და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეპოვებინათ საზღვრის გასწვრივ ბოლშევიკთა სამხედრო მზადების თაობაზე. თურქებმა დახმარებისათვის შალვა ბერიშვილს მიმართეს, რომელიც საქართველოში არალეგალურ გადასვლას დათანხმდა. 1940 წლის აგვიტოს ბოლოს, საქართველოში ანტისაბჭოთა საქმიანობის ორგანიზების მიზნით, შალვა ბერიშვილმა ქართველ ემიგრანტებთან - დავით ერქომაიშვილსა და შალვა კალანდაძესთან ერთად, გამყოლთა მეშვეობით, არალეგალურად გადაკვეთა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარი და ბათუმისკენ გაეშურა. ათდღიანი მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, პირველი სექტემბრისთვის, ისინი ბათუმის სიახლოვეს, დასახლება ახალშენთან, დაბურულ ტყეში დაბინავდნენ. დავით ერქომაიშვილმა და შალვა კალანდაძემ ახალშენის ტყეში გარკვეული პერიოდი დაჰყვეს და შემდეგ კვლავ თურქეთში დაბრუნდნენ, ხოლო შალვა ბერიშვილი საქართველოში დარჩა. მან მეორედ დაწერა წერილი საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის, ლავრენტი ბერიას სახელზე, რომელშიც იგი საბჭოთა სპეცსამსახურებთან აუცილებელ შეხვედრას მოითხოვდა.  წერილი კვლავ ფოსტით გააგზავნა, თვითონ კი ტყეში დაბრუნდა. 1940 წლის 21 სექტემბერს, დათქმული პირობების შესაბამისად, შალვა ბერიშვილი ქობულეთის რკინიგზის სადგურთან შეხვდა საქართველოს შინსახკომის პასუხისმგებელ მუშაკ ირაკლი ნიბლაძეს, რომელმაც ის ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე ფარულად შეახვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს ავქსენტი რაფავასა და საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მაღალი რანგის თანამშრომელს ილინს, რომელთა თანხლებით, იმავე დღეს, მოსკოვში გაემგზავრა. ლავრენტი ბერიამ ყურადღებით მოუსმინა შალვა ბერიშვილს და ამ უკანასკნელის სადაზვერვო შესაძლებლობები იმდენად საინტერესოდ მიიჩნია, რომ იქვე, მის კაბინეტშივე გადაწყდა შალვა ბერიშვილის ჩართვა საბჭოთა საგარეო დაზვერვის სასარგებლოდ მეტად სარისკო და სპეციფიკურ საქმიანობაში, მან მოსკოვიდან თბილისამდე მატარებლით, ხოლო ბათუმამდე ავტომობილით იმგზავრა. იქიდან ჩეკისტებმა ღამით ტყემდე მიაცილეს. ეს მოხდა დაახლოებით 10-15 ოქტომბერს. მოკლე ხანში, იგი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მოსკოვში, სადაც საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელ მუშაკებს შეხვდა. ამის შემდეგ შალვა ბერიშვილი კვლავ ბათუმში ჩამოიყვანეს, ხოლო 1940 წლის 13 ნოემბერს, ჩეკისტების დახმარებით, მან არალეგალურად გადაკვეთა საბჭოთა კავშირ-თურქეთის საზღვარი და თურქეთში დაბრუნდა. აქ მან უმოკლეს დროში წარუდგინა თურქეთის დაზვერვის წარმომადგენელს ანგარიში (მოსკოვში წინასწარ შეთანხმებული) საქართველოში გაწეული არალეგალური საქმიანობის შესახებ. 1941 წლის დასაწყისში, წინასწარი შეთანხმების თანახმად, შალვა ბერიშვილთან კონტაქტის დასამყარებლად და სადაზვერვო საქმიანობის წარმართვისთვის სტამბოლში ჩავიდნენ საბჭოთა საგარეო დაზვერვის თანამშრომლები, ცოლ-ქმარი ვარდო მაქსიმელიშვილი და დავით მატარაძე. ისინი საბჭოთა კავშირის საკონსულოს სახელით მოქმედებდნენ. იმავე წლის მაისის შუა რიცხვებში თურქეთში იაპონიის საელჩოს სამხედრო ატაშე ჰორიო ტატეიშიმ შალვა ბერიშვილს კონფიდენციალურად აცნობა, რომ გერმანია მოკლე ხანში აუცილებლად თავს დაესხმებოდა საბჭოთა კავშირს. ეს შალვა ბერიშვილმა სასწრაფოდ მოახსენა კონსპირაციულ შეხვედრაზე დავით მატარაძეს, მან კი ცნობა მოსკოვს მიაწოდა. 1942 წლის 6 მაისს შალვა ბერიშვილსა და ვარდო მაქსიმელიშვილს შორის მორიგი შეხვედრა იყო დაგეგმილი. მასზე პირველი შალვა ბერიშვილი გამოცხადდა. მან  შენიშნა, რომ საბჭოთა მზვერავზე ფარული მეთვალყურეობა იყო დაწესებული. ვითარების შესაძლო დაძაბვის თავიდან ასაცილებლად, მათ შეხვედრა 12 მაისისთვის გადადეს და ერთმანეთს სასწრაფოდ დასცილდნენ. დათქმულ შეხვედრაზე ვარდო მაქსიმელიშვილი არ მივიდა და ამის შემდეგ კონტაქტზე აღარავინ გამოსულა. შალვა ბერიშვილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბჭოთა დაზვერვას ვეღარ უკავშირდებოდა, ხოლო ქართველ ემიგრანტთა ერთი ნაწილი მისდამი უნდობლობას იჩენდა. ის წარუმატებლად ეძებდა საბჭოთა დაზვერვასთან კავშირის აღდგენის საშუალებებს. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოში არალეგალურად გადასვლა და ვითარებაში ძირფესვიანად გარკვევა. მან დაარწმუნა თურქეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი, რომ საჭირო იყო მისი კიდევ ერთხელ არალეგალურად გადასვლა საქართველოში, ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. შალვა ბერიშვილის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა თურქეთში გერმანიის დაზვერვის წარმომადგენელმა მიხეილ კედიამ. 1942 წლის 23 ოქტომბერს, საბჭოთა მესაზღვრეებთან შეხვედრის შემდეგ, შალვა ბერიშვილი ჯერ ბათუმში, იქიდან კი თბილისში გადაიყვანეს. სულ მალე იგი უკვე მოსკოვში, ლავრენტი ბერიას კაბინეტში იმყოფებოდა. თავდაპირველად ნავარაუდევი იყო შალვა ბერიშვილის ახალი სადაზვერვო დავალებებით დატვირთვა და მისი სტამბოლში ხელახლა გაგზავნა, თუმცა შემდგომმა შეხვედრებმა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ბოგდან ქობულოვთან შალვა ბერიშვილი დაარწმუნა, რომ მას რაღაც დიდ ავანტიურაში ითრევდნენ და საზღვარგარეთ მისი გამოყენება სულ სხვა მიზნებისთვის იგეგმებოდა, რაზეც ვერ დაითანხმეს. ლავრენტი ბერიას თანამოაზრეებმა მიიჩნიეს, რომ შალვა ბერიშვილმა უკვე ბევრი საიდუმლო იცოდა და კაცი, რომელიც მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციათა მიწოდებისთვის სახელმწიფო ჯილდოს იმსახურებდა, დააპატიმრეს. მოგვიანებით, 1944 წლის 30 სექტემბერს, განსაკუთრებულმა სათათბირომ იგი გაასამართლა და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ვლადიმირის ციხეში შალვა, თავდაპირველად, მკაცრი იზოლაციის პირობებში აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კი საერთო საკანში გადაიყვანეს, სადაც უცხო ქვეყნების მოქალაქეები - გერმანელები და ფრანგები იმყოფებოდნენ. ფრანგმა პატიმრებმა, გათავისუფლების შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" მეშვეობით განაახლეს კონტაქტები შალვა ბერიშვილთან. ვინაიდან ის საფრანგეთის მოქალაქე იყო და თან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლად ითვლებოდა, ფრანგული მხარე ინტენსიურად ცდილობდა მის დახსნას. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ შარლ დე გოლსაც უთხოვია ამის თაობაზე ნიკიტა ხრუშჩოვისთვის. თუ შალვა ბერიშვილი საფრანგეთში დაბრუნებას მოისურვებდა, მას ფრანგები კომპენსაციის სახით საკმაოდ სოლიდურ თანხას და  საკადრისი პირობების შექმნას სთავაზობდნენ. მან ყველაფერზე ოფიციალური უარი განაცხადა და სიბერის საქართველოში გატარება ამჯობინა. მზვერავი.

წყარო: აჯანყებისათვის მზადება თავიდანვე იყო გაცემული : 1924 წ. აჯანყების შესახებ / შალვა ბერიშვილი // ახალი დროება.- თბილისი, 1999. N4.-გვ.18-19; ქართველი მზვერავი სამმაგ თამაშში : შალვა ბერიშვილის გვირაბი პარიზიდან მოსკოვამდე / გელა სულაძე // ისტორიანნი .-თბ.,2013.-ოქტომბერი.- №10 (34).-გვ.32-38 (dspace.nplg.gov.ge); ინტერვიუ შალვა ბერიშვილთან / ბერიშვილი, შალვა, სოციალ–დემოკრატი, 1924 წლიდან საფრანგეთში ემიგრირებული, ნოე რამიშვილის დისშვილი, 1898-1989 // ერთობა.- თბილისი, 1991.-14 სექტემბერი.- N.- 7. გვ.3


Share: