Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე კელენჯერიძე![]()
Biographyდაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია 1917 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასოფლო-სამეურნეო (აგრონომიული) ფაკულტეტი 1924 წელს. სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო და მათემატიკის ფაკულტეტებზეც. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პედაგოგად მე-5 შრომის სკოლასა და კოოპერაციულ ტექნიკუმში. 1927 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიწვია მეტეოროლოგიის კათედრის ასისტენტად, იმავე წელს აირჩიეს მეცნიერ-მუშაკად. 1929 წელს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიასთან დააარსა აგრო-მეტეოროლოგიური განყოფილება, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა. 1930-1940-იან წლებში მონაწილეობდა გეოფიზიკური ობსერვატორიისა და საქართველოს მიწათმოქმედების სახელმწიფო კომიტეტის მიერ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში მოწყობილ სამეცნიერო ექსპედიციებში ("ლიმონტრესტის" საბჭოთა მეურნეობებსა და კოლმეურნეობებში მიკროკლიმატის შესწავლისა და ლიმონ-მანდარინისათვის შესაფერისი მიწის ნაკვეთების გამოყოფის მიზნით). 1931 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტის დოცენტად. 1941 წელს დაინიშნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო მეტეოროლოგიის კათედრის გამგედ. კონსტანტინე კელენჯერიძის მიერ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ჩატარებული და შესრულებული სამუშაოები მოიწონა სუბტროპიკების აგრო-მეტეოროლოგიური მომსახურეობის საკავშირო თათბირმა (თბილისი, 1935 წერლი, 20-21 დეკემბერი). იგი, როგორც წარჩინებული, 1940 წელს მონაწილეობდა საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. 1930-1940 წლებში იყო "აგრო-მეტეოროლოგიური დეკადური ბიულეტენის" სამეცნიერო რედაქტორი (თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია). 1943 წელს, კონსტანტინე კელენჯერიძემ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილების სამეცნიერო სესიაზე წაიკითხა მოხსენება "ხორბლის კლიმატი საქართველოში". აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოს დამსახურებული პედაგოგის ბესარიონ კელენჯერიძის შვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული რაიონების მიკროკლიმატი", დაიცვა 1937 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ხორბლის, ვაზისა და ნარინჯოვანთა კლიმატი საქართველოში". წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.620 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |