Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სვიმონ სიდამონ-ერისთავი![]()
Biographyარაგვის ერისთავების შთამომავალი სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავი პირველი თაობის ქართველი ემიგრანტი- ოქტომბრის რევოლუციამდე რუსეთის არმიის, 1918–1921 წლების დამოუკიდებელ საქართველოში კი ქართული არმიის პოლკოვნიკი იყო. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მეუღლესთან ერთად წავიდა ამერიკაში (მეუღლე ახალაგაზრდა გარდაიცვალა). 1924 წელს სვიმონმა დაამთავრა ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და მიიღო ინჟინრის ხარისხი, ორი წლის შემდეგ იგი დაქორწინდა საფრანგეთში იმჟამინდელი ამერიკის ელჩის ქალიშვილზე ან ბიგლოუ ტრესიზე. სიმონის ხელისმომკიდე იყო ამერიკული პარფიუმერიის დამფუძნებელი თავადი გიორგი მაჩაბელი. სვიმონ სიდამონ-ერისთავი ერთი პერიოდი ნიუ-იორკში მუშაობდა ვინმე ლოლაძის რადიოსახელოსნოში, სადაც მაღალი საზოგადოება იკრიბებოდა-ჰოლივუდის სახელგანთქმული ვარსკვლავების მეუღლეები, ძმები დავით და სერგო მდივნები. მას შემდეგ რაც მან ამერიკაში კარგ საზოგადოებრივ მდგომარეობას მიაღწია, დააარსა საქართველოს დამხმარე საქველმოქმედო ფონდი და მუდმივად ეხმარებოდა გაჭირვებულ თანამემამულეებს. სვიმონმა თავის გარშემო ქართველებთან ერთად ჩრდილო კავკასიელებიც შემოიკრიბა. 1934 წელს მან ნიუ-იორკის პრესტიჟულ რაიონში გახსნა რესტორანი "კავკასიის არწივი", სადაც ხშირად იკრიბებოდნენ და ეროვნულ დღესასწაულებს ერთად აღნიშნავდნენ ქართველები და კავკასიელები. 1937 წელს, ნიუ-იორკიდან ასი კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჰუძონის ნაპირას, კლოდ-სპრინგის რაიონში, იტალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მაჩაბელთან და ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ერეკლე ორბელიანთან ერთად სვიმონ სიდამონ–ერისთავმა დააარსა დასასვენებელი სახლი "ალავერდი", სადაც ზაფხულობით და უქმე დღეებში ისვენებდნენ ნიუ იორკელი კავკასიელები. საზოგადოება "ალავერდში" გაერთიანებულ ქართველებსა და კავკასიელებს ერთმანეთთან ნათესაური ურთიერთობა ჰქონდათ და მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ბოლომდე შეინარჩუნეს ერთსულოვნება და ურთიერთპატივისცემა. სახელწოდება "ალავერდიც"იმიტომ შეარჩიეს, რომ ყველა კავკასიელისათვის ერთნაირად იყო მისაღები, როგორც ამ საქმის ინიციატორი, "ალავერდის" პირველ პრეზიდენტად სვიმონ სიდამონ–ერისთავი აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ ის გადადგა, მერე თითო წელს პრეზიდენტები ჯერ თავადი გიორგი მაჩაბელი იყო, მერე თავადი ირაკლი ორბელიანი იყვნენ, მაგრამ რადგან ქართულ–კავკასიური კერის მოვლა–პატრონობა, არც ისე ადვილი აღმოჩნდა, ისევ სვიმონს სთხოვეს გაეგრძელებინა თავისი დაწყებული საქმე და ისიც გარდაცვალებამდე "ალავერდის"შეუცვლელი ხელმძღვანელი იყო. 1920-1930–იან წლებში ქართველთა რაოდენობა ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა. სვიმონ სიდამონ-ერისთავი როგორც კი რომელიმეს ჩამოსვლას გაიგებდა, თავად ესტუმრებოდა და "ალავერდში" იწვევდა თანამემამულეების გასაცნობად და კონტაქტის დასამყარებლად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში ქართველთა რიცხვმა ორასს გადააჭარბა და "ალავერდის" წევრთა რაოდენობაც გაიზარდა. ამერიკული "ალავერდი" 1969 წელს ნახა და აღწერა რადიო "თავისუფლების" რედაქტორმა კარლო ინასარიძემ: "ეს იყო ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი. მისაღები სტუმრებისთვის და დამხმარე სათავსები, ულამაზესი ეზოთი და ბაღით, რომელსაც "კავკასიურ წალკოტს" უწოდებდნენ, იქვე იყო საცურაო აუზი და ბოსტანი, სადაც წიწმატი, ტარხუნა და ქინძი მოჰყავდათ“. "ალავერდი" არა მარტო დასასვენებელი, არამედ კავკასიელთა სამეგობრო ცენტრი გახდა: "ასე ძმურად და ერთობის გაგებით რომ გვეცხოვრა იქ, კავკასიაში, მაშინ დღეს სამშობლოში ვიქნებოდით", - უთქვამთ ჩრდილო კავკასიელებს კარლო ინასარიძისთვის. სვიმონ სიდამონ–ერისთავი შესაშური მონდომებით პატრონობდა "ალავერდსა" და მის ყოველ წევრს. მისი თაოსნობით ეწყობოდა საინტერესო საღამოები, რაც ქართული სუფრით მთავრდებოდა. სვიმონ სიდამონ–ერისთავი ქართულ საღამოებს ნიუ–იორკშიც მართავდა. სვიმონ სიდამონ–ერისთავი გარდაცვალების შემდეგ დასასვენებელი სახლისა და "ალავერდის საზოგადოების" ხელმძღვანელობა მისმა ვაჟმა კონსტანტინემ გადაიბარა, მდივნობა კი - მისმა მეუღლემ, ენ ფილიპსმა. სვიმონ სიდამონ-ერისთავს პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი-ირინე ჰყავდა, მეორე ქორწინებაში კი ქალ-ვაჟი – კონსტანტინე და ნინო, რომლებმაც 2002 წელს მამის მემუარები და ფოტოები წიგნად გამოსცეს. კონსტანტინე (კონი) სიდამონ-ერისთავის მამა, ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: "ახალი ქართველებიდან "ალავერდით" ვერავინ დავაინტერესეთ : ქართველები უცხოეთში / ციცინო ჯერვალიძე // თანამემამულე .- ლონდონი, 2008 .- ივლისი-აგვისტო, N4(30).- გვ.7-8; ვინ იყო ნიუ-იორკის ქართველი ვიცე-მერი 1967-1973 წლებში? : ოკეანისგაღმელი ერისთავები / თენგიზ ჩობანიძე // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2020 30 აპრილი. N59 (8985).-გვ.5
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |