| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ შარვაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაიბადა მთელს აფხაზეთში ცნობილი მეწარმის, ჯოტო ლევანის ძე შარვაშიძისა და მარიამ (მაიონა) ანჩაბაძე (აჩბას) ოჯახში. 1921 წელს, ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, ჯოტო შარვაშიძის ოჯახმა აფხაზეთი დატოვა და თურქეთში გაემგზავრა. მიხეილ შარვაშიძე სტამბოლიდან პარიზში 1927 წელს ჩავიდა. მრავალი სხვა ემიგრანტის მსგავსად, მასაც თავიდან მოუხდა ცხოვრების დაწყება. პროფესიის უქონლობის გამო იგი იძულებული იყო მუდმივად შეეცვალა სამუშაო ადგილი. თავდაპირველად მას მონტე-კარლოში მცხოვრები ნათესავი, ცნობილი მხატვარი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე შარვაშიძე ეხმარებოდა. სავარაუდოდ, სწორედ მის სამეგობროში გაიცნო მან მდიდარი ინგლისელი ქალი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, იოლანდა გუდეი (ქალიშვილობაში ჯექსონი). 1936 წელს იოლანდა მიხეილ შარვაშიძეს გაჰყვა ცოლად. ქორწილი მონაკოში შედგა. რამდენიმე წელიწადში წყვილი გაიყარა. იოლანდა ჯექსონთან განშორების შემდეგ მიხეილ შარვაშიძემ გაიცნო ქალი, რომელიც მთელი ევროპის მაღალ საზოგადოებაში იყო ცნობილი, პრუსიელი ბარონესა გიზელა ფონ კრიგერი. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1939 წლის სექტემბერში მიხეილ შარვაშიძე შეუერთდა ფრანგული არმიის რიგებში მოქმედ ემიგრანტებისგან შემდგარ ქართულ ბატალიონს. სხვა ემიგრანტების მსგავსად, მასაც იმედი ჰქონდა, რომ ამით ხელს შეუწყობდა საქართველოსა და მთლიანად კავკასიის დამოუკიდებლობის აღდგენას. მისი სიტყვების თანახმად, ის გააგზავნეს ქ. ვილიე-სიურ-გრეიში დისლოცირებული 97-ე დივიზიის არტილერიის ბრიგადის მე-10 ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონში. 1940 წლის 21 ივნისს, გერმანიის საფრანგეთში შეჭრის შემდეგ, მიხეილი დაიჭრა და ლორიანის რეგიონში ტყვედ ჩავარდა. იგი გერმანიის ტერიტორიაზე, სამხედრო ტყვეთა ბანაკში გააგზავნეს, საიდანაც სსრკ-გერმანიის ომის დასაწყისში, 1941 წლის ივლისში გაათავისუფლეს. იმავე თვეში იგი საკუთარი სურვილით შეუერთდა განსაკუთრებული დანიშნულების სადაზვერვო-დივერსიულ ასეულს, "თამარ II"-ს. 1942 წლის გაზაფხულზე "თამარ II" საგანგებო დანიშნულების კავკასიურ შენაერთს "ბერგმანს" მიუერთეს, რომლის შემადგენლობაში მიხეილ შარვაშიძემ 1942 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლშევიკთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა. 1943 წელს გერმანელების კავკასიიდან უკან დახევის შემდეგ მიხეილ შერვაშიძე საფრანგეთში დაბრუნდა. თავდაპირველად იგი მონტე-კარლოსა და ნიცაში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა. 1947 წელს იგი პარიზის მე-9 ოლქში მდებარე კაბარე "დონ ჟუანის" მმართველი გახდა, 1950-იანი წლების დასაწყისში კი ავტომობილებით ვაჭრობდა. 1955 წლის აგვისტოში მიხეილ შარვაშიძემ ცოლად შეირთო ანა სორინა, ცნობილი მხატვრის საველი სორინის მდიდარი ქვრივი. საბოლოოდ ანა სორინა და მიხეილ შარვაშიძე განქორწინდნენ. 1960-იან წლებში მიხეილ შარვაშიძე მეტრდოტელად მუშაობდა პარიზში, რესტორან "რუსულ პავილიონში". აფხაზ დიდგვაროვანთა და ემიგრანტთა წარმომადგენელი, ჯოტო შარვაშიძის შვილი. წყარო: აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში = Sürgündeki aphaz aristokratlar / ნატო მარშანია.-თბ.,2018.-გვ.113-123
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

