The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე მკურნალი

კონსტანტინე მკურნალი
სხვა სახელი:კოწია მკურნალი
დაბადების თარიღი:1856
გარდაცვ. თარიღი:20 ივნისი, 1919  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საფიჩხიის სასაფლაო, ქუთაისი
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. 

კონსტანტინე (კოწია) თეოხარის ძე მკურნალი დაიბადა გაქართველებული ბერძენის კულტურულ ოჯახში, მისი მამა საბერძნეთიდან გადმოსახლებული პოლიტიკური ემიგრანტის ექიმ ხარლამპი კორნაროს უფროსი ვაჟი ექიმი თეოხარ კორნარო (მკურნალი) იყო, ხოლო დედა სამეგრელოში იმ დროს ცნობილი როსტომ ჭალაგანიძის ქალიშვილი. მათი ბერძნული გვარი კორნარო ქართულად მკურნალად არის გადაკეთებული (მამა-შვილის სამკურნალო მოღვაწეობის გამო). კონსტანტინე მკურნალმა პირველდაწყებითი განათლება მარტვილის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, ხოლო საშუალო ქუთაისში. 1880 წელს იგი დაინიშნა მასწავლებლად ფოთში, სადაც სამი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მეტად ნაყოფიერი იყო კონსტანტინე მკურნალის ხანგრძლივი (1883-1902 წლები) საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოღვაწეობა სამტრედიის რაიონში, სოფელ კულაშში, სადაც იგი განაგებდა ორკლასიან "ნორმალურ სასწავლებელს", რომელიც მისი ენერგიული საქმიანობის შედეგად ოთხკლასიან სასწავლებლად გადაკეთდა. იქვე დააარსა მან ორკლასიანი ქალთა სკოლა, რომელშიც ფეიქრობასაც ასწავლიდნენ. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ადგილობრივ ქართველ ებრაელთა ბავშვების სწავლა-განათლებისთვის ზრუნვის საქმეში. იგი გამუდმებით ცდილობდა ებრაელ ბავშვთა ჩაბმას კულაშის ორკლასიან "ნორმალურ სასწავლებელში". ამ სასწავლებლის ყოფილი მოწაფის მედიცინის მეცნიერებეთა დოქტორის ი. ს. ელიგულაშვილის ცნობით, კონსტანტინე მკურნალს ენერგიული და ხანგრძლივი ახსნა-განმარტების შემდეგ ძლივს მოუხერხებია ამ სასწავლებელში 1900 წელს შვიდი ებრაელი ბავშვის მიღება, რომელთაგან ექვსს (ი. ელიგულაშვილის გარდა), რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილი მშობლების ზეგავლენით იმავე წელს დაუტოვებია სასწავლებელი. ამის შემდეგ კონსტანტინე მკურნალი იძულებული გამხდარა ქართველ ებრაელთა ბავშვებისათვის ცალკე სკოლა დაეარსებინა. კულაშის სკოლისთვის კონსტანტინე მკურნალის თაოსნობითა და საზოგადოების უშუალო მონაწილეობით აგებული იქნა აგურის შენობა. სკოლის ეზო მან დაჰყო ნაკვეთებად, რომელშიც გააშენა ხეხილისა და დეკორატიული ბაღი, ბოსტანი. სკოლაში მასწავლებლად მოიწვია აგრონომიული განათლების სპეციალისტი, რომელიც მოსწავლეებს თეორიულ და პრაქტიკულ სასოფლო-სამეურნეო ცოდნას აძლევდა. ღარიბ მოსწავლეთა დასახმარებლად სოფელში აწყობდა საღამო-წარმოდგენებს, რაშიც მას ეხმარებოდნენ გამოჩენილი მსახიობი ვალერიან გუნია, მისი მეუღლე მარიამი, ვ. შალიკაშვილი და აპოლონ მიქელაძე. ღარიბ მოსწავლეებს იგი საკუთარი თანხითაც უწევდა დახმარებას, ხოლო ავადმყოფთათვის თვითონ მიჰყავდა ექიმები. 1902-1906 წლებში კონსტანტინე მკურნალი აჭარაში სოფელ ქედის (ბათუმის ოლქი) ახლად დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის გამგედ მუშაობდა, სადაც გაიგზავნა ქუთაისის სახალხო სკოლის დირექტორიის განკარგულებით. მან ამ სასწავლებელშიც ნაყოფიერი საზოგადოებრივ-პედაგოგიური მუშაობა გააჩაღა: მოგზაურობდა აჭარის სოფლებში, ეხმარებოდა სკოლებს, ხელს უწყობდა ქართული ორიენტაციის გაძლიერებას, ებრძოდა "შავრაზმელებსა"და "ჭეშმარიტ რუსთა კავშირის" რეაქციონერ აგენტებს, ამყარებდა მშვიდობას მუსლიმ და ქრისტიან ქართველებს შორის, ავრცელებდა ქართულ კულტურას. ამის შემდეგ ბათუმის დროებითი გენერალ-გუბერნატორის 1906 წლის 4 თებერვლის ბრძანებით კონსტანტინე მკურნალსა და მის თანამოაზრეებს აეკრძალათ ბათუმის ოლქში ცხოვრება. 1906-1908 წლებში კონსტანტინე მკურნალი იმერეთის ეპარქიული სკოლების მეთვალყურის განკარგულებით შორაპნის მაზრის სოფელ ალისუბნის სასწავლებელში დაინიშნა სასწავლო ნაწილის გამგედ. მისი ინიციატივით ამ წლებში ჩხარას ორკლასიანი სკოლა გადაკეთდა ხუთკლასიან სასწავლებლად და გაიხსნა საავადმყოფო. კონსტანტინე მკურნალს ჩხარაში ახლო ურთიერთობა ჰქონია ცნობილ რევოლუციონერთან აფრასიონ მერკვილაძესთან, რის გამოც 1907 წლის 13 ივნისს შორაპნის მაზრის ბოქაულს ჩაფრების რაზმით დაურბევია სკოლა და სასტიკად უცემია მასწავლებლები (აფრასიონ მერკვილაძეს ეძებდნენ). 1908 წელს კონსტანტინე მკურნალი  ქუთაისში გადავიდა სამუშაოდ და იქ გახსნა კერძო გიმნაზია, რომელსაც შემდეგ "მკურნალის გიმნაზიას" უწოდებდნენ. გიმნაზიაში მასწავლებლებად მოიწვია ქუთაისის გიმნაზიებსა და რეალურ სასწავლებლებში მომუშავე მაღალკვალიფიციური და პატრიოტი პედაგოგები: დიმიტრი უზნაძე (შემდეგ აკადემიკოსი), გრიგოლ ნათაძე (პროფესორი), ლადო დარჩიაშვილი (გამოჩენილი რევოლუციონერი), ლეო ნათაძე, ალ. თორაძე, სიმ. ეზიკაშვილი, ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკია და სხვ. კონსტანტინე მკურნალის კერძო გიმნაზიაში მოსწავლეებს იღებდნენ განურჩევლად ეროვნებისა და პოლიტიკური რწმენა-შეხედულებებისა. განსაკუთრებით ხელს უწყობდნენ სკოლის გარეთ დარჩენილ, მთავრობის სკოლებიდან "მგლის ბილეთით" გამორიცხულ 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილე მოსწავლეებს, რათა მათ სიმწიფის ატესტატის მიღების საშუალება მისცემოდათ. ამ გიმნაზიაში ასეულობით ახალგაზრდამ მიიღო საშუალო განათლება და შემდეგ უმაღლესი ცოდნაც. კონსტანტინე მკურნალი საგანგებოდ ზრუნავდა გიმნაზიის ღარიბი მოსწავლეებისთვის, თუმცა მის კერძო გიმნაზიას მთავრობისაგან არავითარი დახმარება არ ეძლეოდა, მაგრამ იგი მაინც ახერხებდა, რომ ეკონომიურად ღარიბი ზოგიერთი მოსწავლისათვის ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის სახელობის სტიპენდიაც დაენიშნა. კონსტანტინე მკურნალი 1914 წლის ზაფხულში ხელმძღვანელობდა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის მასწავლებელთა კურსებს  ქუთაისში. მისი ოთხი ათეული წლის საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწეობა უაღრესად მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო. შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში არსებობდა კონსტანტინე მკურნალის სახელობის ქუჩა, სოფელ კულაშში კი მისი სახელობის საშუალო სკოლა. თეოხარ მკურნალის შვილი, ხარლამპი მკურნალის შვილიშვილი, რომან მკურნალის მამა.

წყარო: წერილები : ქართველ და რუს პედაგოგზე / ვარლამ ქაჯაია.-თბ.,1974.-გვ-231-235; facebook.comკონსტანტინე თეოხარის ძის მკურნალის...//სახალხო საქმე : საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის ორგანო.-თბილისი,1920.-11 ივნისი.-N 847.-გვ.1


გააზიარე: