| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ხუციშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა კახი, ახლანდელი ქალაქი აზერბაიჯანში, შაქი-ზაქათალის რეგიონის კახის რაიონის ცენტრი (საინგილო). დაიბადა სახალხო განმანათლებლის ბართლომე (ბართლომე) ხუციშვილის მრავალშვილიან ოჯახში. საშუალო განთლება მიიღო ქუთაისში. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის - "ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის" წევრი. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. მასთან ერთად იატაკქვეშეთში მუშაობდნენ მისი დები - ქეთევან (ქეთო) და ბოკა (ვერა) ხუციშვილები. მათი და - ნუცა (ნინო) ხუციშვილი კი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრის, ლევან ღოღობერიძის მეუღლე გახდა. ელენე ხუციშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე. პირველად 1922 წლის 11 თებერვლის მასობრივი პოლიტიკური დაპატიმრებისას საქართველოს სსრ საგანგებო კომისიის (ჩეკა) მიერ იყო დაკავებული რამდენიმე კვირით. გათავისუფლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა იატაკქვეშეთს. ხელმეორედ დააპატიმრეს 1922 წლის 1 მაისს, თბილისის სახაზინო თეატრში (ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი) პროკლამაციების გადმოყრისათვის. 1922 წლის ბოლომდე მოთავსებული იყო მეტეხის ციხეში (ე.წ. №2 გამასწორებელი სახლი"). გათავისუფლების შემდეგ 1923 წლის დასაწყისში სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში. სწავლობდა ქიმიას. ელენე ხუციშვილი საქართველოში დაბრუნდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ. მისი საქმრო, "ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის" ერთ-ერთი ლიდერი - ლადო გიორგობიანი ჩეკამ 1924 წლის ბოლოს დააპატიმრა და 1925 წლის იანვარში დახვრიტა. მისი დები - ქეთო და ბოკა ხუციშვილები დააპატიმრეს და შემდეგ საზღვარგარეთ გააძევეს. ძმა - რაჟდენ ხუციშვილი დის დაპატიმრების გამო პროტესტის გამოხატვისათვის ასევე დააპატიმრეს და დნეპროპეტროვსკში გადაასახლეს. ამ დროიდან ელენე ხუციშვილი კვლავ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის არალეგალური კომიტეტისა და პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი. აქტიურად იყო ჩაბმული პოლიტპატიმართა დამხმარე იატაკქვეშა ქალთა ორგანიზაციის - "საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვრის" მუშაობაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე. დაპატიმრებული იყო 1926 წელს. ელენე ხუციშვილი საქართველოს სსრ სახელმწიფო პოლიტიკურმა სამმართველომ (ოგეპეუ) კვლავ დააპატიმრა 1928 წლის 3 ინვარს. იგი დაკითხვებზე კატეგორიულად უარყოფდა არალეგალურ მუშაობას და გეპეუმ ვერანაირი ინფორმაცია ვერ ამოიღო მისგან. 1928 წლის 6 და 8 თებერრვალს საქართველს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ ოგეპეუს განსაკუთრებულმა სათათბიროებმა ელენე ხუციშვილის რსფსრ-ს ერთ-ერთ საკნოცენტრაციო ბანაკში 3 წლით გადასახლება მიუსაჯა. 1928 წლის 20 აპრილს სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს (ოგეპეუ) განსაკუთრებულმა სათათბირომ ელენე ხუციშვილი მარიუპოლში გადაგზავნა სასჯელის მოსახდელად. 1930 წლის 13 თებერვალს ოგეპეუს განსაკუთრებულმა სათათბირომ ელენე ხუციშვილი ციმბრიში, ტომსკის ოლქში, ტოგურში გადაასახლა. იგი ტუბერკულოზით დაავადებული მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა 1931 წლის 21 იანვარს, ქ. ტომსკში. ბათლომე (ბართლომე) ხუციშვილის შვილი; რაჟდენ, ვერა (ბოკა), ქეთევან, ნინო (ნუცა ღოღობერიძე) და. წყარო: დაკარგული ისტორია : მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ.-თბ., 2017.-გვ.170-202; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

