| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფლორენტინ ვაისი![]()
Biography1865 წელს თბილისის გეოფიზიკურმა (მაგნიტურ-მეტეოროლოგიური) ობსერვატორიამ კავკასიის ობსერვატორიის სტატუსი მიიღო, იმ დროს იგი წარმოადგენდა პირველ და ერთადერთ სამეცნიერო დაწესებულებას მთელს კავკასიაში. იმჟამინდელი მსოფლიო სტანდარტების მიხედვით, შედიოდა მსოფლიოს საუკეთესო ობსერვატორიათა რიცხვში. ასეთი შეფასება შენარჩუნებული იყო ობსერვატორიის დირექტორების ი. მილბერგისა და ს. გლასეკის დროსაც (XIX საუკუნის დასასრული – XX საუკუნის დასაწყისი). ობსერვატორიის მთელი, უზარმაზარი ინსტრუმენტული კომპლექსი ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვაისების-ზუსტი ხელსაწყოების მექანიკოსების გამგებლობაში იყო. ეს იშვიათი სპეციალობა ვაისებმა გერმანიაში მიიღეს, ხოლო უმდიდრესი პრაქტიკა – "სიმენს და გალსკის" საყოველთაოდ ცნობილ ქარხანაში. პირველი ვაისების დინასტიიდან იყო ქრისტიან ფერდინანდ ვაისი, იგი XIX საუკუნის 60-70-იან წლებში მონაწილეობდა ლონდონი-თბილისი-კალკუტის სატელეგრაფო ხაზის მშენებლობაში, რომელსაც "სიმენსის" ფირმა აწარმოებდა და წლების განმავლობაში კავკასიის ტელეგრაფში თბილისში მექანიკოსად მუშაობდა, მისი ვაჟიშვილი ფლორენტინ ფერდინანდი 30 წელზე მეტ ხანს იყო ზუსტი ხელსაწყოების მექანიკოსი თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში, მისმა უფროსმა ვაჟიშვილმა ასევე ფლორენტინმა 60 წელზე მეტ ხანს იმუშავა თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში და საქართველოს სხვა გეოფიზიკურ დაწესებულებებში. ვაისები გამოირჩეოდნენ უნიკალური ტექნიკური ცოდნით და ქმნიდნენ ექსპერიმენტალურ ბაზას სამეცნიერო კვლევისათვის გეოფიზიკაში. ფლორენტინის უმცროსი ძმებიც – არნოლდი (1923 წლის სექტემბერში მყინვარწვერზე ავიდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის ექსპედიცია, რომელიც გზადაგზა მეტეოროლოგიურად, მაგნიტოლოგიურად, გლაციოლოგიურად და ტოპოგრაფიულად იკვლევდა მყინვარწვერის მიდამოებს, ამ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი იყო) და ბრუნოც – ასევე ფართო პროფილის მექანიკოსები იყვნენ. დიდი სამამულო ომის დროს (1941-1945) სამივე ძმა ოჯახებითურთ ყაზახეთში გადაასახლეს როგორც "გერმანული ეროვნების პირები". ომის მიწურულს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმისა და მისი პრეზიდენტის ნიკო მუსხელიშვილისა და ევგენი ხარაძის შუამდგომლობით, ვაისები დააბრუნეს საქართველოში და აღადგინეს სამსახურში. ვაისების, ზუსტი ხელსაწყოების მექანიკოსთა დინასტიამ მთელი ეპოქა შექმნა ინსტრუმენტული გეოფიზიკის ისტორიაში. ფლორენტინ ფლორენტინის ძე ვაისი იყო იშვიათი პროფესიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი-ზუსტი ინსტრუმენტების მექანიკოსი (ჰასლერის ბაროგრაფი, რეფსოლდის მაგნიტური თეოდოლიტი, მილნის და კანკანის სეისმოგრაფები, მაგნიტური ვარიომეტრი, რიხტერისფირმის დაზგა). ის 55 წელი, 1904-1960 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოფიზიკურ სისტემაში (თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიასა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში). ფლორენტინ ვაისის საქმიანობა ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ოსტატობითა და პროფესიონალიზმით. ყველაფერი, რასაც ის აკეთებდა, ხასიათდებოდა გერმანული სიზუსტით და პუნქტუალურობით, რაც უზრუნველყოფდა ინსტრუმენტული გეოფიზიკური დაკვირვებების მაღალ დონეს. მან განაგრძო მამის, ფერდინანდ ვაისის პროფესია, რომელიც 30 წლის განმავლობაში, 1883-1913 წლებში მუშაობდა თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში. ფლორენტინ ვაისმა ტექნიკური განათლება მიიღო ბერლინში, სტაჟირება გაიარა მსოფლიოში ცნობილ Siemens-ისა და Halske-ს ქარხანაში. 1941-1945 წლების ომის დროს ფლორენტინ ვაისის მოღვაწეობა შეწყდა: 1942-1944 წლებში, როგორც გერმანელი, ოჯახთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ბრძანებით, იგი დააბრუნეს თბილისში და აღადგინეს თანამდებობაზე (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საარქივო ინფორმაცია). 1954 წელს ფლორენტინ ვაისის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. მისი ქალიშვილი ირმა ვაისი (1933) მკვლევარი და ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი 35 წელი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში, ლია (1939) 20 წლის განმავლობაში მუშაობდა მხატვრად იმავე ინსტიტუტის საინფორმაციო განყოფილებაში. (ფლორენტინ ვაისის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აკადემიკოსების ე. ხარაძის, ბ. ბალავაძის და პროფესორების: ლ. ჭანტურიშვილის, დ. სიხარულიძის და ლ. შათაშვილის მემუარებში). ნინო ზაალიშვილის მეუღლე. წყარო: საზოგადოებრივი არქივი archive.ge (ირმა ვაისის კოლექცია).
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

