The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან მესხია

ლევან მესხია
Date of birth:1887
Date of death:1964  (at 77 years)
Category:Manufacturer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ობუჯი, წალენჯიხის რაიონი.
1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს ლევან მესხია სოფელ ობუჯის რევოლუციონერთა ხელმძღვანელობის ჯგუფში შედიოდა. რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის პერიოდში იგი, როგორც სოციალ-დემოკრატი, სხვა რევოლუციონერებთან ერთად ხალხში რევოლუციის აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა. ხალხმა სოფელ ობუჯის თემის ხელმძღვანელად, თავმჯდომარედ აირჩია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ლევან მესხიას არ მიუტოვებია პოლიტიკური საქმიანობა. ის ვერაფრით ეგუებოდა საქართველოს დაპყრობასა და ანექსიას. იგი გახდა იმ ორგანიზაციის წევრი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს განთავისუფლებასა და დამოუკიდებლობის აღდგენას, ის წალენჯიხის რაიონის განთავისუფლების ორგანიზაციის კომიტეტში შედიოდა. სხვებთან ერთად ლ. მესხიას ევალებოდა სოფელ ობუჯის მცხოვრებთა დარაზმვა და გამოყვანა არსებული წყობილების წინააღმდეგ. მთელი საქართველოს მასშტაბით 1924 წელს მართლაც მოხდა გამოსვლა. წალენჯიხაში გადატრიალება თითქმის უსისხლოდ განხორციელდა, მაგრამ საქართველოში აჯანყება დამარცხდა და ამას მოჰყვა რეპრესიები. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ თავად ჩაბარდა ხელისუფლების წარმომადგენლებს ობუჯში. 1924 წლის 30 ოქტომბრის დაკითხვაზე უჩვენა, რომ ობუჯის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის უჯრედში 1924 წლის აპრილიდან მუშაობდა და ჩართული იყო აჯანყებისათვის სამზადისში; აჯანყების დროს იარაღით ხელში ასრულებდა წესრიგის დამცველის მოვალეობას წალენჯიხაში. დაკითხვაზე, გარდა ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა (რომლებთან ერთადაც იყო დაპატიმრებული) არ დაუსახელებია სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის სხვა წევრები და აჯანყების მონაწილეები. 1924 წლის 14 ოქტომბერს, ფოთის პოლიტბიუროს რწმუნებულმა კოჩაროვმა დაპატიმრებულთა ჯგუფი, მათ შორის ლევან მესხია თბილისში, საქჩეკას განკარგულებაში გადაგზავნა დახვრეტის რეკომენდაციით. ჯგუფის საქმე 1924 წლის 31 დეკემბერს განიხილა საქჩეკას საიდუმლო განყოფილების 1-ლი ქვეგანყოფილების რწმუნებულმა ჯალაღანიამ და მიიღო რა მხედველობაში საქართველოს სსრ-ს ცენტრალური აღმასკომის პრეზიდიუმის N115 დადგენილება ამნისტიის შესახებ, ბრალდებულთა დიდი ნაწილი, მათ შორის ლევან მესხია გაათავისუფლა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრების შემდეგ, ლევან მესხია სოფლის ხელმძღვანელობას ჩამოსცილდა და ამ პერიოდში მდინარე ხუფინაზე კოლია შენგელიას ეზოში კრამიტის ქარხანა ააშენა. ქარხანაში ყველაზე საინტერესო იყო წყლის ძალით მომუშავე მექანიკური საზელი, რომლის დიდი ბორბლის დიამეტრი 8 მეტრი იყო. ის თავისებური და მეტად ორიგინალური კბილანური გადაცემით აბრუნებდა ორი მეტრი დიამეტრის მქონე ბორბალს, ეგრეთ წოდებულ თიხის მიმწოდებელს. ხისა და რკინის ეს თავისებური კომბინაცია იძლეოდა მაღალი ხარისხის თიხას. გამოსაშრობად კი სპეციალურ შეშის ღუმელს იყენებდა, სადაც ალიზის გამოწვა-გამოშრობა ხდებოდა. მზადდებოდა მრუდე ფორმის კრამიტი. ისე ჰქონდა მთელი სისტემა აწყობილი, რომ კრამიტის თვითღირებულება ძალიან დაბალი იყო. ამ ამბების შემდგომ მასთან მფრინავი ბესარიონ ქებურია მისულა და ე.წ. მარსელური კრამისტის ყალიბი მიუტანია. ყალიბი იყო სპილენძის, ორნაწილიანი და დაახლოებით 7 ფუთისაგან შედგებოდა. სოფელ ობუჯში, ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმში დღესაც არის დაცული ლევან მესხიას ქარხანაში გამომწვარი კრამიტი. ქარხანა გაჩერდა 1930 წელს, ორი-სამი წლით. შემდგომ კოლმეურნეობამ განაახლა ქარხანა, რომელმაც 1964 წლამდე იმუშავა. 30 -იან წლებში ბოლშევიკებთან პრობლემების გამო, ლ. მესხია იძულებული გახდა, მიმალვაში წასულიყო. საბოლოოდ რეაბილიტირებული იყო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 16 იანვრის ბრძანებულების შესაბამისად. აღათი კაკაჩია-მესხიას მეუღლე, ორდენ მესხიას მამა.

Share: