| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთევან დედოფალი![]()
Biographyკახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605 წელს, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 წელს შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა. ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფში გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზში გაგზავნეს. თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება, მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს, შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი). ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს თეიმურაზ I-მა (პოემა "წამება ქეთევან დედოფლისა"), გრეგორიო ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, ჟ. კრუზინსკიმ, კლოდ მალენგრმა და სხვებმა. გერმანელმა მწერალმა ა. გრიფიუსმა შექმნა ტრაგედია "ქეთევან ქართველი ანუ გაუტეხელი სიმტკიცე". ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. ჩვენამდე მოაღწია ქეთევან დედოფლის რამდენიმე ლექსმა: "ანბანთქება ფისტიკაური" მას გამოუთქვამს შირაზში ტყვეობის დროს. "ვედრება-ჰიმნი" მიმართულია ღვთაებისადმი და ავტორის მღელვარე განცდებს გამოხატავს. თეიმურაზ I თავის პოემა "ქეთევანიანში" შეუტანია სტროფები დედის "ვედრება-ჰიმნიიდან". ქეთევან დედოფალს ჰქონია აგრეთვე ანაბთქებანიც. ქეთევანი ყოფილა ხელნაწერთა მომგებელიც (შემძენი, პატრონი, მიმზღველი, სასყიდლის მომცემი). მისი ბრძანებით 1609 წელს ქვათახევის წინამძღვარმა იოანე ავალიშვილმა გადაწერა "იბაკონი ღვთისმშობლისანი". ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ 26 სექტემბერი დაწესდა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.498; ძველი ქართველი მწიგნობარი ქალები /იზოლდა ქაფიაშვილი.-თბ.,1994.-გვ.80-89; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

