| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ჯაფარიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოყვა, ონის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1906 წელს; მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიური ფაკულტეტი. მოსკოვში ჩასვლისთანავე გრიგოლ ჯაფარიძე, ტყუპისცალ ვლადიმერთან ერთად აქტიურად ჩაერთო ქართველთა მოსკოვის სათვისტომოს საქმიანობაში. აქ მათ გაიცნეს და აქტიური ურთიერთობა დაამყარეს მოსკოვში მოღვაწე უნივერსიტეტის პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილთან, გამოჩენილ მსახიობთან სუმბათაშვილ-იუჟინთან და კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილთან. ამ პერიოდში სწორედ ხახანაშვილის რჩევით ძმებმა რუსულად თარგმნეს ილია ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი", აკაკი წერეთლის "ბაში აჩუკი" და ალ. ყაზბეგის რამდენიმე მოთხრობა. ეს თარგმანები 1911 წელს მოსკოვის გამომცემლობა "პოლზამ" სამი მცირე ზომის წიგნად გამოსცა. ეს იყო ქართული ლიტერატურის კლასიკოსების ნაწარმოებთა რუსულ ენაზე დაბეჭდვის ერთ–ერთი პირველი შემთხვევა. თუ მხედველობაში მივიღებთ ამ წიგნების დიდ ტირაჟს და ხელმისაწვდომ ფასს, ცხადი გახდება რომ ამ გამოცემით გაკეთდა ძალიან დიდი საქმე ქართული მწერლობის საუკეთესო ნიმუშების მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი მკითხველისათვის გაცნობის საქმეში; ძმები ბაშვობიდანვე ინტერესს იჩენდნენ მხატვრობისადმი, რაც მათ კიდევ უფრო გაუძლიერდათ ქუთაისში სწავლის დროს, ისევ პროფესორ ხახანაშვილის კონსულტაციითა და მხარდაჭერით დახატეს შოთა რუსთაველის ახლებურად გადაწყვეტილი პორტრეტი, რამაც ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია. მოსკოვშივე შექმნეს ძმებმა ალ. ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, ივანე მაჩაბლის, ეგნატე ნინოშვილის, დიმიტრი არაყიშვილის სახეები. აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1912 წელს აკაკი წერეთელის რაჭაში მოგზაურობის ორგანიზაციის საკითხების მოგვარებაში და მისი ყურადღებაც დაიმსახურეს. სწორედ აკაკისთან შეხვედრით მიღებული უდიდესი შთაბეჭდილებით 1912 წელსვე შექმნეს ძმებმა პასტელში შესრულებული აკაკის პორტრეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გრიგოლი ქ. სალიანის (აზერბაიჯანი) გიმნაზიაში დაინიშნა პედაგოგად. ორი წლის შემდეგ გადავიდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში რუსული ლიტერატურის პედაგოგად და იქ ჩამოაყალიბა დრამატული წრე. ამ წრეში გადადგა პირველი ნაბიჯები ისეთმა კორიფეებმა, როგორებიც იყვნენ უშანგი ჩხეიძე, რეჟისორი დოდო ანთაძე, კინორეჟისორი ნიკოლოზ სანიშვილი და სხვები. 1920 წელს გრიგოლი დაინიშნა ოჩამჩირეში ქართული გიმნაზიის დირექტორად, შემდეგ ონში გადავიდა სამუშაოდ და რაჭის მაზრის განათლების განყოფილებას ჩაუდგა სათავეში; 1927 წელს ბატონი გრიგოლი კვლავ მიიწვიეს ოჩამჩირეში, ხოლო 1929 წელს ქ. სოხუმში გადაიყვანეს, სადაც ერთდროულად ხელმძღვანელობდა რვაწლიან სკოლას და პედაგოგიურ ტექნიკუმს. 1933 წელს თბილისში დაბრუნდა და მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე. პარალერლურად კითხულობდა ლექციებს გორის, თელავის, ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მხატვარ უჩა ჯაფარიძის და ლადო ჯაფარიძის ძმა. წყარო: ჩვენი რაჭა / ირაკლი დვალი.-თბ.,2008.-გვ.385-386
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

