| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იასე ანდრონიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაიბადა ივანე (ნიკოლოზ, ნიკო) ანდრონიკაშვილისა და ლიდა ანდრონიკაშვილის (ლიდია პლეშჩეევა) ოჯახში. ოჯახის ბათუმში გადასვლის შემდეგ დაამთავრა ბათუმის გიმნაზია. 1912 წელს ჩააბარა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1916 წლიდან მოხალისედ მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა რუმინეთის ფრონტზე. 1917 წლის დასაწყისში დაიჭრა, ამის შემდეგ დაბრუნდა პეტროგრადში და ჩაირიცხა პაჟთა კორპუსში. 1918 წელს ბოლშევიკურ ტერორს გაექცა და საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, მალევე გადავიდა ნოვოროსიისკში და დენიკინის მოხალისეთა არმიაში ჩაეწერა. 1920 წელს მოახერხა ცოლ-შვილის პარიზში ევაკუირება, თავად კი ბათუმში დაბრუნდა. 1921 წელს მონაწილეობდა საქართველოში შემოჭრილი წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. გადმოცემის თანახმად, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად იგი ბათუმიდან გასამგზავრებელ გემზე იმყოფებოდა, თუმცა ბოლშევიკებმა იგი დაარწმუნეს დარჩენილიყო და რეპრესიებს მის წინააღმდეგ არ გაატარებდნენ. გემიდან ჩამოსვლის შემდეგ თბილისში გამგზავრების ნება დართეს, სადაც დააპატიმრეს და 7 თვის მანძილზე მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1921 წლის მიწურულს გაემგზავრა მოსკოვში, სადაც თეატრის მსახიობობით და ქორეოგრაფიის მასწავლებლობით ირჩენდა თავს. 1926 წლის 2 აპრილს დააპატიმრეს "უცხოური მისიების თანამშრომლებთან კონტრრევოლუციური კავშირებისთვის". სასჯელს იხდიდა ტობოლსკის პოლიტიკურ იზოლატორში, საიდანაც გაათავისუფლეს 1927 წლის 13 აპრილს. 1931 წლის 11 ივლისს კვლავ დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. 1932 წლის 28 ოქტომბერს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა ტაშკენტში, შემდეგ ნარპაის სახელმწიფო მეურნეობაში (უზბეკეთი), მდინარე სირ-დარიას მახლობლად. 1935 წლის 25 ოქტომბერს გაგზავნეს სამუშაოდ "ბალხაშსტროიში", მაგრამ 1936 წლის იანვარში მალარიის გადატანის შემდეგ ღვიძლის დაავადების გამო, მოათავსეს ყარაღანდის საავადმყოფოში. 1936 წლის მარტის დასაწყისში გამოწერეს საავადმყოფოდან და გაგზავნეს სოლოვეცკის სპეციალური დანიშნულების ბანაკში, სადაც თეატრის რეჟისორად მუშაობდა. 1937 წლის შემოდგომაზე გადასახლების რეჟიმი შეუცვალეს ციხის რეჟიმით. 1937 წლის 9 ოქტომბერს ლენინგრადის ოლქის განსაკუთრებული "სამეულის" მიერ მიესაჯა სიკვდილით დასჯა. დახვრიტეს 1937 წლის 27 ოქტომბერს, კარელიაში, სანდარმოხის მასობრივი დახვრეტის პოლიგონზე. სალომე ანდრონიკაშვილის ძმა, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის (ანდრონიკოვი) მამა.
წყარო: «ღია სიის» მონაცემთა ბაზა: ge.openlist.wiki; რეპრესირებულთა ისტორიები - 1937-1938 : facebook.com
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

