შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯუმბერ კოპალიანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქულბაქი, ცაგერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1967 წელს. 1957 წლის შემდეგ მუშაობას იწყებს ხონის აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხ ფაბრიკაში და სწავლა გააგრძელა აქვე არსებულ მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავე 1958 წელს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც სამ წელზე მეტი დაჰყო; სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში, ხოლო 1962 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, პარალელურად მუშაობა დაიწყო სადისერტაციო ნაშრომზე; 1973 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1978 წელს დაინიშნა უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1980 წელს გადავიდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრში, სადაც დაინიშნა წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1981 წლიდან დაინიშნა დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის მოადგილედ, ხოლო 1993 წელს ამავე ექსპედიციის ხელმძღვანელად; 1996 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით შეიქმნა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ფილიალი - დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილება, რომლის ხელმძღვანელად იგი მუშაობდა 2007 წლამდე; პარალელურად წლების მანძილზე ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უნივერსიტეტში; 2007 წლიდან იგი წამოვიდა მეცნიერებათა აკედემიიდან და დმანისის რაიონის ხელმძღვანელობის თხოვნის საფუძველზე დარჩა დმანისში და დაინიშნა დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორად; ჯერ კიდევ 1990 წელს მისი ინიციატივით დმანისში დაარსდა თეატრი, რომელიც დღეს საქართველოს სახალხო არტისტის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელს ატარებს. 2020 წლამდე იგი ამ თეატრის დირექტორიც იყო; მას გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან ხუთი წიგნი: "მოურავის ინსტიტუტი ფეოდალურ საქართველოსი", "დმანისის ციხე", "ქვეშის ციხე“, პუბლიცისტური წერილების კრებული - "კეთილ ჰქმენ"; ვრცელი მონოგრაფია - "დმანისის ნაქალაქარი“ (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა). ამასთან ერთად მის მიერ მომზადდა და მისივე რედაქტორობით გამოქვეყნდა სამეცნიერო კრებული "დმანისი" – 5 ტომი, რომელშიც წარმოდგენილია არა მარტო დმანისის, არამედ მთელი ქვემო ქართლის წარსული: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა; იგი აქტიურად მოღვაწეობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. იყი მის სათავეებთან; გახლდათ პირველი არაფორმალური ორგანიზაციის - ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002). საკანდიდატო დისრტაციის თემა - "მოურავის ინსტიტუტი ფეოდალურ საქართველოში", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქვემო ქართლის თავდაცვითი სისტემა შუა საუკუნეებში" (ისტორიულ-არქეოლოგიური გამოკვლევა) დაიცვა 2002 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.418; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |