The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კობა ხარაძე

კობა ხარაძე
დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1940
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 2021  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1966 წელს.

1966-1969წწ. მუშაობდა წალკისა და თეთრიწყაროს რაიონებში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1969-1972წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დასწრებულ ასპირანტურაში პროფესორ ლევან მარუაშვილის ხელმძღვანელობით; 1973 წლიდან მუშაობს ამავე ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად; 1993 წლიდან ისტორიული გეოგრაფიის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელია; შეთავსებით მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში საქართველოს გეოგრაფიის კათედრაზე; სხვადასხვა წლებში შეთავსებით მუშაობდა ქუთაისისა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მისი კვლევის სფეროა გეოგრაფიის ისტორია და ისტორიული გეოგრაფია. ჩაატარა კვლევები ქართველ გეოგრაფებსა და მოგზაურებზე, გააანალიზა მოგზაურთა შთაბეჭდილებები გეოგრაფიული რაკურსით, შეადგინა მოგზაურთა მარშრუტული რუკები; საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიაში გამოიკვლია ასეულობით ძველი ქართული ტოპონიზმი (ლოკალიზაცია, ეტიმოლოგია), შეადგინა შესაბამისი რეტროსპექტული რუკები; ახალი მონაცემების (არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, საარქივო და სხვ.) საფუძველზე გამოიკვლია ისეთი საკითხები, რომლებიც ადრე ნაკლებად ან ბუნდოვნად იყო გადმოცემული (ძველი საზღვრები, ტოპონიმები, მიგრაციები და სხვ.); მოახდინა რიგი რეგიონების ძველი მოსახლეობის რეტროსპექტული კარტოგრაფირება; ასევე, შეისწავლა ისტორიული სამხედრო გეოგრაფია და საეკლესიო გეოგრაფია. ამ და სხვა საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატია. მათ შორის, 25-ზე მეტი მონოგრაფია და სახელმძღვანელო; რამდენიმე თემატური რუკის ავტორია. დიდი წვლილი შეიტანა გეოგრაფიული მეცნიერების პროპაგანდის საქმეში. ამ მხრივ, ჟურნალ-გაზეთებში გამოაქვეყნა 300-ზე მეტი წერილი, რადო-ტელევიზიით ათობით გადაცემა და გამოსვლა მიუძღვნა საქართველოს ბუნების ძეგლებს, ხუროთმოძღვრულ ძეგლებს, ტოპონიმებს და სხვა საკითხებს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით და აქტიური მონაწილეობით ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა "მემორიალური მუზეუმი", რომელსაც საზოგადოებრივ საწყისებზე თავად უძღვება, ხოლო გორის რაიონის სოფელ ძევერაში აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის და სენაკის რაიონის სოფელ ეკში აკადემიკოს თეოფანე დავითაიას სახლ-მუზეუმები; გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსების 50 წლისთავთან დაკავშირებით შექმნა საიუბილეო კრებული - "ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 50"; დიდი წვლილი შეიტანა "საქართველოს წითელი წიგნის" არაორგანული ბუნების ძეგლების განყოფილების ტექსტებისა და საილუსტრაციო მასალების დამუშავებაში; მისი რედაქტორობით გამოვიდა ვახუშტი ბაგრატიონის "საქართველოს გეოგრაფიის" ორი წიგნი - "სამცხე" და "ქართლი"; არის რამდენიმე მონოგრაფიის, სახელმძღვანელოსა და ატლასის სამეცნიერო რედაქტორი და რეცენზენტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის გრიფით გამოვიდა 4 სახელმძღვანელო სპეციალურ საგნებში, მათ შორის, "საქართველოს ისტორიული გეოგრაფია"; მისი აქტიური მონაწილეობით ჩატარდა რესპუბლიკური 2 კონფერენცია და სხვ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გეოგრაფიული ცოდნის ისტორია ძველ საქართველოში (X-XVIII სს.), დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. ქართლი", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.303-304

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მსოფლიო მიღწევათა და მოგზაურთა ხელშემწყობი კავშირი (კლუბი "გიორგი"), გამგეობის წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: