The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ I (მეფე)

თეიმურაზ I
Legal name:თეიმურაზ ბაგრატიონი
Date of birth:1589
Date of death:1663  (at 74 years)
Burial location:ალავერდის მონასტერი, ახმეტის მუნიციპალიტეტი
Category:Poet, Royalty

Biography

კახეთის მეფე 1606-1648, ქართლ-კახეთის მეფე 1625-1632. კახეთის მეფის დავით I-სა და ქეთევან დედოფლის ძე. მისი მცირეწლოვანების გამო ქვეყანას ერთხანს დედამისი ქეთევანი განაგებდა. 1607 წელს თეიმურაზ I დააქორწინეს მამია II გურიელის ასულ ანაზე, რომელიც 1610 წელს გარდაიცვალა. 1612 წელს ქართლთან კავშირის განმტკიცების მიზნით ცოლად შეირთო ქართლის მეფის ლუარსაბ II -ის და ხორეშანი. თეიმურაზ I-მა ჯეროვნად ვერ შეაფასა ის დიდი საფრთხე, რომელიც კახეთს ემუქრებოდა ირანის მხრიდან და შაჰ აბას I-ის 1614 წლის შემოსევას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, შემდეგ კი იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო. შეეცადა დახმარება მიეღო ოსმალეთისაგან. 1615 წლის 15 სექტემბერს კახეთში დიდი ანტიირანული აჯანყება დაიწყო. თეიმურაზი კახეთში გადავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებას. შაჰ აბას I-მა აჯანყების ჩასახშობად გამოგზავნა 15 000-იანი ლაშქარი ალი-ყული-ხანის სარდლობით. ქართველებმა ეს ლაშქარი თეიმურაზ I-ის სარდლობით წიწამუთან ბრძოლაში გაანადგურეს. ამას ირანელთა ახალი ლაშქრობა მოჰყვა და თეიმურაზ I- მა კვლავ იმერეთს შეაფარა თავი. მარტყოფის ბრძოლის (1625) შემდეგ თეიმურაზ I, რომელიც ამ დროს დახმარების სათხოვნელად რუსეთში წასასვლელად ემზადებოდა, ქართლ-კახეთში მიიწვიეს და გაერთიანებული სამეფოს ტახტზე დასვეს. ქართლ-კახეთის შეუპოვარმა ბრძოლამ შაჰ აბას I აიძულა დათმობაზე წასულიყო. მან თეიმურაზ I ცნო ქართლ-კახეთის მეფედ. მიუხედავად ამისა, ქართლ-კახეთის დაპყრობაზე მას ხელი არ აუღია. 1625 წლის I ივლისს მარაბდის ველზე გაიმართა ომი შაჰ აბასის მრავალრიცხოვან ლაშქარსა და ქართველებს შორის. ქართველთა მხრიდან ომის ხელმძღვანელობა თავის თავზე თეიმურაზ I-მა აიღო. მან სხვებთან ერთად უარჰყო გიორგი სააკაძის მიერ შეთავაზებული ბევრად უფრო გონივრული გეგმა და შედეგმაც არ დააყოვნა - ქართველები დამარცხდნენ. გიორგი სააკაძისა და თეიმურაზ I-ის ურთიერთობა ამის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. გიორგი სააკაძემ საბოლოოდ დაკარგა თეიმურაზ I-ისადმი რწმენა და გადაწყვიტა იმერეთის სამეფოს მემკვიდრე ალექსანდრე გიორგის ძე ქართლ-კახეთის მეფედ დაესვა და ამით სამივე ქართლის სამეფო ერთ სახელმწიფოს გაეერთიანებინა. გიორგი სააკაძისა და თეიმურაზ I-ის მომხრეები 1626 წლის შემოდგომაზე ბაზალეთის ტბასთან შეხვდნენ ერთმანეთს საომრად. გამარჯვება თეიმურაზ I-სა და მის მომხრე დიდ ფეოდალებს დარჩათ. კიდევ ერთხელ ჩაიშალა საქართველოს გაერთიანების მცდელობა. 1632 წელს თეიმურაზ I-მა კიდევ ერთი წინდაუხედავი ნაბიჯი გადადგა - დაარღვია ზავი ირანთან და ბარდა და ყარაბაღი დაარბია. განრისხებულმა შაჰმა სეფიმ იგი კახეთიდან გააძევა და მის ნაცვლად როსტომი დანიშნა. 1634 წელს თეიმურაზ I-მა შეძლო კახეთის დაბრუნება, როსტომიც და ირანის შაჰი შეურიგდნენ ამ ფაქტს, მაგრამ თეიმურაზ I-მა კახეთი არ იკმარა და ქართლის დაუფლებაც მოინდომა. მისი ბრძოლა როსტომთან მარცხით დამთავრდა. 1648 წელს თეიმურაზ I საბოლოოდ გააძევეს კახეთიდან. მან თავი კვლავ იმერეთს შეაფარა. სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში ცდილობდა დახმარება მიეღო ევროპიდან. ამ მიზნით რომის პაპთან და ევროპის სახელმწიფოების მეფეებთან ელჩად ნიკიფორე ირბახი (ნ. ჩოლოყაშვილი) მიავლინა (1626). ეს ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა. ასევე უშედეგოდ სთხოვდა დახმარებას ოსმალეთსაც. საგარეო პოლიტიკაში თეიმურაზ I პრიორიტეტს რუსეთზე ორიენტაციას ანიჭებდა. მან მრავალგზის გაგზავნა ელჩობა რუსეთში. 1639 წელს განაახლა "ფიცის წიგნი". 1653 წელს შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი (შემდგომში ერეკლე I) წარგზავნა რუსეთს, ხოლო 1658 წელს თვითონ გაემგზავრა მოსკოვს. თეიმურაზ I-ის ხანგრძლივ დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან რაიმე არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. რუსეთის პოლიტიკურ-სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები ირანში გამორიცხავდა რუსეთის მხრიდან თეიმურაზ I-ისთვის ირანის წინააღმდეგ დახმარებას. რუსეთიდან დაბრუნებული თეიმურაზ I, მისივე თხოვნით, ვახტანგ V-მ ირანში გაგზავნა. ტახტის დაბრუნების სანაცვლოდ შაჰმა მას გამაჰმადიანება მოსთხოვა, რაზეც უარი განაცხადა. თეიმურაზ I დააპატიმრეს და ასტრაბადის ციხეში ჩასვეს, სადაც გარდაიცვალა. მისი ნეშტი ქართველებმა სამშობლოში ჩამოასვენეს და ალავერდის მონასტერში დაკრძალეს. სპარსული აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვრად მებრძოლი თეიმურაზ I კარგად იცნობდა სპარსულ ენასა და მწერლობას და მის ძლიერ გავლენას განიცდიდა. წერდა კიდეც: "სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანი". მან გადმოაქართულა სპარსულენოვან სამყაროში ფართოდ გავრცელებული პოემები: "ვარდბულბულიანი", "შამიფარვანიანი", "ლეილმაჯნუნიანი" და "იოსებზილიხანიანი". თეიმურაზ I ორიგინალურ თხზულებებშიც არ ღალატობდა სპარსული მწერლობის ტრადიციებს როგორც თემატიკის, ისე ჟანრის სფეროში. თეიმურაზ I პრინციპულად სასულიერო თემატიკას ანიჭებდა უპირატესობას,   თუმცა მის პოეზიაში საერო ნაკადსაც დიდი ადგილი უკავია. თავისი რელიგიური გრძნობები პოეტმა უმთავრესად იმით გაამჟღავნა, რომ სპარსულიდან გადმოღებულ პოემებშიც კი ქრისტიანული აღმსარებლობისადმი ერთგულება გამოხატა.  თეიმურაზ I-მა  საკუთარ თავზე გამოსცადა ცხოვრების უკუღმართობა და იმედის გაცრუება. თავისი ქვეყნის უმოწყალო რბევა-აწიოკების მოწმე პოეტისათვის კარდინალური კითხვა იყო წუთისოფლის რაობა. მისი შემოქმედება გამსჭვალულია წუთისოფლის მუხანათობის  განცდითა და ნაღვლიანი კილოთი ("სოფლის სამდურავი), იგი ცდილობდა პოეტური საქმიანობით შეემსუბუქებინა მწუხარე განცდები. თეიმურაზ  ხორციელი ტრფიალებისა და ბაგე-ღვინის აპოლოგეტად გვევლინება ("გაბაასება ბაგისა და ღვინისა", ლირიული ლექსები და სხვა). თეიმურაზ -მა  ერთ-ერთმა პირველმა სცადა ქართულ პოეზიაში ეროვნული თემატიკის დამუშავება. პოემაში "ქეთევან დედოფლის წამება" მან დიდი პოეტური მღელვარებით აღწერა დედის, ქეთევან დედოფლის თავდადება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის, ასახა ქართველი ხალხის ბრძოლა ეროვნული და სარწმუნოებრივი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. პოემაში, შედარება გაზაფხულისა და შემოდგომისა" პოეტმა ოსტატურად დახატა მშობლიური ქვეყნის ბუნება, გადმოსცა როგორც პირადი, ისე საზოგადოების ბედუკუღმართობით გამოწვეული სევდიანი განცდები. თეიმურაზ I-ს  ეკუთვნის ლირიული პოემა "მაჯამა",  ლირიული ლექსები: "გრემის სასახლეზე",  "თამარის სახე დავით გარეჯას" და სხვა.  თეიმურაზ I-მა ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი შემოიტანა და ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვანა. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა და ამ მხრივ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული პოეზიის შემდგომ განვითარებაზე;  განავითარა გაბაასების ჟანრი, რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში. თეიმურაზ I -ის შემოქმედებამ კლასიკური პერიოდის ქართული პოეზიისა და განსაკუთრებით, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" დიდი გავლენა განიცადა. მისი ცალკეული თხზულებანი იბეჭდებოდა 1860-იდან (ჟურნალი "ცისკარი"). 1875 წ. ა. კალანდაძემ ცალკე წიგნად გამოსცა "ვარდბულბულიანი", 1886 წ. ზ. ჭიჭინაძემ - თხზულებათა კრებული.

წყარო: საქართველოენციკლოპედია. IV. -თბ., 2018. -გვ.16-17

Bibliography


Share: