The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა რუსთაველი

შოთა რუსთაველი
Date of birth:1160  (864 years)
Date of death:12??
Burial location:პალესტინა
Category:Poet

Biography

პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. XII – XIII სს. მსოფლიოს უდიდესი ჰუმანისტი პოეტი. ჩვენამდე მოღწეულია მისი ერთადერთი პოემა "ვეფხისტყაოსანი", რომელშიც გამოხატულია ქართველი ერის უმშვენიერესი მისწრაფებანი, უმაღლესი იდეალები. დიდი ჰუმანისტი მოაზროვნე ქადაგებს პიროვნების, აზრისა და გრძნობის თავისუფლებას. მისი პოემის ყურადღების ცენტრშია ადამიანი, ამქყვეყნიური, მიწიერი, მაგრამ ამაღლებული ეთიკური იდეალებით. პოეტი შეგნებულად გაურბის შუა საუკუნეების მწერლობისათვის დამახასიათებელ ფანტასტიკურობასა და ზღაპრულობას. იგი ზოგჯერ აზვიადებს პოემის გმირთა ფიზიკურ ძალას, გარეგნულ სილამაზეს, მორალურ თვისებებს; ფართოდ იყენებს ჰიპერბოლიზაციას, თავისუფალ გასაქანს აძლევს თავის მდიდარსა და ლაღ ფანტაზიას, მაგრამ რომლის მხატვრული აზროვნება ყოველთვის ობიექტურ სინამდვილეს, რეალისტურ საფუძვლებს ემყარება. გარკვეული აზრით, მისი მხატვრული ასახვის მეთოდი რეალისტურია, თუ ამ ცნებაში კონკრეტული ისტორიული ეპოქის ლიტერატურულ შემოქმედებით მეთოდს ან ლიტერატურულ მიმართულებას არ ვიგულისხმებთ. ვეფხისტყაოსანი შორს გასცდა შუასაუკუნეობრივ აზროვნებას და მხატვრული წარმოსახვის საყოველთაოდ გავრცელებულ ფორმებს. რუსთაველმა მკაფიოდ გამოამჟღავნა ის სულიერი განწყობილებანი და იდეური მიდრეკილებანი, რაც, ჩვეულებრივ, ევროპული რენესანსის ძირითად დამახასიათებელ ნიშან-თვისებებად არის მიჩენული. კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში რუსთაველი ადრეული რენესანსის ერთ-ერთი ბაირახტარია.

შოთა რუსთაველის ბიოგრაფიული ცნობები თითქმის არ არის შემონახული, მაგრამ მრავალი ხალხური და ლიტერატურული გადმოცემის თუ სამეცნიერო ჰიპოთეზის მიხედვით მკვლევარები ასკვნიან, რომ "ვეფხისტყაოსანის" ავტორი, სახელად შოთა, თამარ მეფის თანამედროვე, დიდგვაროვანი პირი, იყო ჰერეთის ან მესხეთის რუსთავის მფლობელი (აქედან ზედწოდება - რუსთაველი), საქართველოს სამეფო კარის მეჭურჭლეთუხუცესი, რომელმაც ხანდაზმულობაში შეაკეთებინა იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს. ვარაუდობენ, რომ "ვეფხისტყაოსანი" 1189–1207 წლებშია დაწერილი. მასში ასახულია XI–XII საუკუნეების საქართველოს სინამდვილე. რუსთაველის რელიგია ქრისტიანობაა. იგი XII საუკუნის ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს მკვიდრია, აღიარებს ღმერთის არსებობას და სულის უკვდავებას, იცის და ეყრდნობა ბიბლიას. "ვეფხისტყაოსნის" პირველი გამოცემა დაიბეჭდა თბილისში 1712 წელს ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით. დღეისათვის "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე არის თარგმნილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.506-508

Bibliography


Share: