The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე აბაშელი

ალექსანდრე აბაშელი
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე (ისაკ) ჩოჩია
სხვა სახელი:ი.პარნასელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1884
გარდაცვ. თარიღი:27 სექტემბერი, 1954  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჩოჩიო (ახლანდელი აბაშისპირი), აბაშის რაიონი.

ქართველი პოეტი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1908) მუშაობდა თბილისში "კავკაზისა" და "ნოვაია რეჩის" რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება", № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი" (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდეციები. საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" (1929) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა. აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა საბჭოთა ხალხის გმირობას. ალექსანდრე აბაშელის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები "ქალი სარკეში" (1930), "ატმის ყვავილი" (გამოქვეყნდა 1959), კრიტიკული წერილები. დაუმთავრებელი დარჩა რომანი "ირმა". მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული.

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.17; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.3

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აკადემიური მწერლობის კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: