The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალბერტ თავხელიძე

ალბერტ თავხელიძე
Date of birth:16 December, 1930
Date of death:27 February, 2010  (at 79 years)
Burial location:ტროეკუროვოს სასაფლაო, მოსკოვი (რუსეთი)
Category:Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1953 წელს; აკადემიკოს  ნ. ნ. ბოგოლუბოვის ხელმძღვანელობით დაამთავრა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1956 წელს.

1956 წლიდან მუშაობდა ქ. დუბნას ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, ელემენტარული ნაწილაკების თეორიის განყოფილების გამგედ და თეორიული ფიზიკის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილედ. 1965-1970წწ. იყო ქ. პროტვინოს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის სექტორის გამგე. 1967-1971წწ. მუშაობდა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განყოფილების გამგედ ( უკრაინის, ქ. კიევის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნ. ნ. ბოგოლიუბოვის სახელობის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა ნ. ნ. ბოგოლუბოვისა და ალბერტ თავხელიძის ძალისხმევით). 1970-1986წწ. იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის დამაარსებელი და პირველი დირექტორი (რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ქ. მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტი). იგი ხელმძღვანელობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და იყო ჟურნალ "ელემენტარული ნაწილაკებისა და ატომის ბირთვის ფიზიკის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1971 წელს მან ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში გახსნა თეორიული ფიზიკის განყოფილება, რომელსაც სათავეში ედგა 1971-2005 წლებში. 1977-1994 წწ. ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით დაარსებულ ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს, 1994-2005წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1995-2005წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს უმაღლესი განათლების ინფორმატიზაციის საბჭოს ორგანიზატორი და თავმჯდომარე. 1991-2005წწ. ხელმძღვანელობდა პაგოუშის მოძრაობის ჯგუფს და იყო მეცნიერთა მსოფლიო ფედერაციის საქართველოს განყოფილების დირექტორი; 1976-1990წწ. მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კვანტური სტატისტიკის კათედრის პროფესორი. 2008 წელს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ფიზიკის ფაკულტეტის ბაზაზე მისივე ინიციატივით შექმნილი ნაწილაკების ფიზიკისა და კოსმოლოგიის კათედრის გამგედ. 1986-2005წწ. იყო ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 1986 წლიდან თავმჯდომარეობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ზოგადი ფიზიკისა და ასტრონომიის განყოფილების მყარი სხეულების რადიაციული ფიზიკის პრობლემაზე მომუშავე სამეცნიერო საბჭოს. 1969-1991წწ. ალბერტ თავხელიძე იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ "თეორიული და მათემატიკური ფიზიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, ჟურნალ "საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბის" მთავარი რედაქტორი. სათავეში ედგა საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების სახელმწიფო პრემიების კომიტეტს. იგი იყო ახალგაზრდა მეცნიერთა მრავალი საერთაშორისო კონფერენციის, სემინარისა და სკოლის ორგანიზატორი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის რანგში, აქტიურად მონაწილეობდა დუბნაში (1964), კიევსა (1970) და თბილისში (1976) ჩატარებული მაღალი ენერგიების ფიზიკის სფეროში გამართული როჩესტერის კონფერენციების ორგანიზებასა და მუშაობაში, ასევე იყო საერთაშორისო კონფერენცია "კვარკის" ორგანიზატორი, რომელიც 1980 წლიდან რეგულარულად იმართებოდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული კვლევების ინსტიტუტის აქტიური მხარდაჭერით. მისი შრომები ეხება ველის კვანტური თეორიისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ძირითად საკითხებს. ა. ლოგუნოვთან ერთად ველის კვანტურ თეორიაში შემოიტანა და დაამკვიდრა კვაზიპოტენციალის მეთოდი. მიღებული აქვს მეცნიერებათა აკადემიების საერთაშორისო ასოციაციის ოქროს მედალი (1998), ქ. ტროიცკის (რუსეთი) საპატიო მოქალაქის წოდება (2001).

დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "π-მეზონების ნუკლონებზე ფოტოდაბადება"; სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "კვაზიპოტენციური მიდგომა ველის კვანტურ თეორიაში" 1963 წელს. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ., 1979.-გვ.571; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.335

Member of Organizations

  • ვაშინგტონის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი (1995-2005)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი (1993-2005)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (1974-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს მე-11 მოწვევა , დეპუტატი (1987-1990)
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, წევრი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (1990-)
  • სსრკ მინისტრთა საბჭოს ლენინური და სახელმწიფო პრემიების კომიტეტის სექცია, წევრი (1974-1990)
  • სსრკ სახალხო დეპუტატი (1989-1991)
  • უმაღლესი საატესტაციო კომისია, წევრი (1967-)

Awards and Honors

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2001 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1978 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1973 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1970 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: