Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე თვალჭრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სტანიცა ბატალპაშინსკაია, ახლანდელი ქალაქი ჩერკესკი, რუსეთის ფედერაცია. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება 1912 წელს. 1910 წლის ზაფხულში სტაჟირებას გადიოდა გეტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტში. 1912-1913 წლებში მუშაობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, სადაც აკადემიკოს ვ. ვერნადსკის ხელმძღვანელობით შეასრულა გამოკვლევა რუბიდიუმის, ცეზიუმისა და თალიუმის გეოქიმიაში. 1918- 1919 წლებში მუშაობდა ქ. ნოვოჩერკასკში, დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და ქალთა უმაღლეს კურსებზე. თვალჭრელიძე ქართული გეოლოგიური სკოლის (საკუთრივ მინერალოგიურ-პეტროგრაფიულ კვლევათა) და საქართველოში გეოლოგიური განათლების ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1919 წელს სათავეში ჩაუდგა თავისსავე დაარსებულ მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: 1928 -1948 წლებში ხელმძღვანელობდა თავისსავე დაარსებულ ამავე პროფილის კათედრას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იგი იყო კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის ფუძემდებელი და პირველი დირექტორი (1929 -1957). მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა მრავალტომიანი ნაშრომი საქართველოს ბუნებრივი რესურსების შესახებ. მისი შრომები ეხება მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ საკითხებს. მანვე აღმოაჩინა და შეისწავლა გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, აგრეთვე სხვა სასარგებლო წიაღისეულის საბადოები. ავტორია უმაღლესი სკოლის სახელმძღვანელოებისა: "გეომეტრიული კრისტალოგრაფია" (1920), "კრისტალთა ოპტიკის შესავალი" (რუსულ ენაზე -1933, 1934; ქართულ ენაზე - 1938, 1957), "მაგმური ქანების პეტროგრაფია, ტ. 1 - ინტრუზიული ქანები"(1950). მის პატივსაცემად ერთ-ერთ მინერალს ეწოდა თვალჭრელიძეიტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დაწესებულია ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.-გვ. 673; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.58; geonecropol.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |