The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ბატონიშვილი

თეიმურაზ ბატონიშვილი
Legal name:თეიმურაზ ბაგრატიონი
Date of birth:4 May, 1782
Date of death:5 November, 1846  (at 64 years)
Burial location:ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი
Category:Scientist, Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

გიორგი XII -ის ძე, დედა - ქეთევანი (პაპუა ანდრონიკაშვილის ასული). თეიმურაზზე მშობიარობის შემდეგ მალევე გარდაიცვალა და ბავშვის აღზრდა პაპამ, ერეკლე II-მ ითავა. მის აღზრდას ასევე დიდი ამაგი დასდო უფროსმა ძმამ დავით ბატონიშვილმა. აღზრდა-განათლება თავდაპირველად სამეფო კარზე მიიღო, შემდეგ - თელავის სემინარიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ გაიოზ რექტორი და პეტრე ლარაძე. 1799 წელს დაქორწინდა ოთარ ამილახვრის ასულ ელენეზე და ამ დროიდან 1802 წლის ზაფხულამდე თეიმურაზ ბატონიშვილი გორში ცხოვრობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც სამეფო ტახტისათვის ბატონიშვილებს შორის ბრძოლა დაიწყო, თეიმურაზ ბატონიშვილი დავითის გამეფებას უჭერდა მხარს. შემდგომ აშკარად გამოიკვეთა რუსეთის მიზნები, რის გამოც თეიმურაზ ბატონიშვილი 1803 წლის თებერვალს ირანში გადაიხვეწა და თავის ბიძა ალექსანდრე ბატონიშვილთან ერთად დაიწყო აქტიური ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად. ალექსანდრე ბატონიშვილის გეგმების ჩაშლის შემდეგ, 1810 წელს, თეიმურაზ ბატონიშვილი სამშობლოში დაბრუნდა, ამავე წლის ოქტომბერში მეუღლესთან ერთად, მცირე ამალით, პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც 1811 წლის იანვარში ჩავიდა. აქ დაენიშნა წლიური ჯამაგირი და პენსია, აქედანვე იწყება მისი მოღვაწეობის ეგრეთ წოდებული პეტერბურგის პერიოდი. 1813 წელს შეიძინა საკუთარი სახლი (ვასილევსკის კუნძულზე), სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. პეტერბურგის მოგზაურობას მან მიუძღვნა "მოგზაურობა თბილისიდან პეტერბურღამდის", რომელშიც დაწვრილებით აღწერა მოგზაურობის დეტალები და მარშრუტი. 1811 წლის მარტში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა იგი წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. პეტერბურგში თეიმურაზ ბატონიშვილმა შემოიკრიბა იქ მოღვაწე ქართველი მწიგნობრები, დაუკავშირდა რუს მოღვაწეებს, მწერლებს, პოეტებს, მეცნიერებს. 1814 წელს იგი აირჩიეს ახალდაარსებული რუსული ბიბლიოგრაფიული საზოგადოების წევრად. 1830 წელს საფუძველი ჩაეყარა მის მეცნიერულ თანამშრომლობას მარი ბროსესთან. უგზავნიდა განმარტებებს "ყოველთავე ძველთა და ახალთა საეკლესიო შინა საერთო და სამოქალაქოთა ხელოვნებათა ჩვენისათა სწავლისათა". ბროსე თეიმურაზ ბატონიშვილს თავის მასწავლებლად აცხადებდა, საკუთარ თავს კი მის "მდაბალ მოწაფეს" უწოდებდა. მან ბროსესთან ერთად შექმნა პეტერბურგის ქართველოლოგიური სკოლა. ისტორიული შრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია "ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა". ნაშრომი მოიცავს პეროიდს ადამიანის გაჩენიდან საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დამკვიდრებამდე. საქართველოს ისტორია განხილულია ახლო აღმოსავლეთის ისტორიის ფონზე, გამოყენებულია ანტიკური (ბერძნულ-რომაული) და სომხური წყაროები. თეიმურაზ ბატონიშვილი აიდეალებდა ისტორიულ წარსულს. რედაქტორობდა პარიზის "აზიური საზოგადოების" ზოგიერთ გამოცემას საქართველოს ისტორიის შესახებ. 1836 წელს თეიმურაზ ბატონიშვილი სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავრა. პრუსიის იმპერატორმა ფრიდრიხ ვილჰელმ III-მ იგი დიდი პატივით მიიღო და წითელი არწივის ორდენი უბოძა (1837). ევროპაში მოგზაურობა აღწერა დღიურში. 1837 წლის ივნისის შუა რიცხვებში მარი ბროსე პეტერბურგში ჩავიდა. ამ დროს მოხდა თეიმურაზ ბატონიშვილის პირველი შეხვედრა მასთან. თეიმურაზ ბატონიშვილმა ჯერ კიდევ ირანში ყოფნის დროს შეითვისა სპარსული და თურქული ენები. ეწეოდა ლიტერატურულ-მეცნიერულ მოღვაწეობას. შეადგინა "იტალიურ-სპარსულ-თურქული ლექსიკონი", ცდილობდა ირანში გაფანტული ხელნაწერების შეგროვებასა და სამშობლოში ჩამოტანას. მან განსაკუთრებული ღვაწლი დასდო "ვეფხისტყაოსნის" შესწავლას ("განმარტება პოემა ვეფხისტყაოსნისა"), ტექსტის დადგენასა და პოემის 1841 წლის გამოცემას. მან შეისწავლა ლექსთწყობის საკითხებიც ("გვარნი ანუ საზომნი ქართულისა ენის სტიხთა"). მასვე ეკუთვნის ლექსთა კრებული "სამოციქულო", პოემა "ვაშლი ან დარღვევა ტროადისა", პიესა "სამსახეობა რაინდისა", მემუარული ჟანრის ნაწარმოები "მოგზაურობა ჩემი ევროპიისა და სხვათა და სხვათა ადგილთა", თარგმნა ტაციტუსის, ვოლტერის, პუშკინის და სხვათა ნაწარმოებები. მისი უმდიდრესი ბიბლიოთეკიდან ზოგიერთი უნიკალური ხელნაწერი საქართველოს დაუბრუნდა. თეიმურაზ ბატონიშვილი იყო ქართველოლოგთა ახალი თაობის (დ. ჩუბინაშვილი, პ. იოსელიანი), აღმზრდელი და მასწავლებელი. შეისწავლა ფიზიკა, გეომეტრია, იურისპრუდენცია, სამხედრო საქმის ხელოვნება, ბოტანიკა, ზოოლოგია. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 4.-თბ.,1979.-გვ. 642; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. გვ.19-20; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.39-40

Member of Organizations

  • კოპენჰაგენის სამეფო ანტიკვართა საზოგადოება, წევრი (1844-)
  • პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემია, საპატიო წევრი (1837-)
  • რუსული ბიბლიოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1814-)
  • საფრანგეთის თავისუფალი ხელოვნების აკადემია, წევრი

Bibliography


Share: