Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დოდო ალექსიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ა. ლუნაჩარსკის სახ. თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი 1934 წელს. 1935 წლიდან დ. ალექსიძე შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრის დამდგმელი რეჟისორია (1959–1964 წწ. იყო მთავარი რეჟისორი); 1964–1970 წლებში იგი მიპატიჟებულია სამოღვაწეოდ კიევის, ივან ფრანკოს სახ. ნაციონალურ აკადემიური თეატრში; 1967–1968 წწ. დაინიშნა აგრეთვე, კიევის ლესია უკრაინკას სახ. რუსული დრამატული თეატრის მთავარ რეჟისორად. 1968 წლიდან, ისევ ფრანკოს თეატრის მთავარი რეჟისორია. 1970 წელს ის თბილისს დაუბრუნდა და კოტე მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობა დაიკავა. 1974–1984 წლებში დ. ალექსიძე საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე იყო. 1939–1964 წწ. და 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, იგი თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტის, რეჟისურისა და სამსახიობო ოსტატობის კათედრის გამგეა (1950–1951 წწ. იყო ინსტიტუტის რექტორი); ხოლო 1966–1970 წწ. ასევე – კიევის ი. კარპენკო-კარის სახ. თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი და თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელი. შოთა რუსთაველის სახ. თეატრში მის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან, საგანგებოდ აღსანიშნავია: კ. გოლდონის. "სასტუმროს დიასახლისი" (1936), "საპატარძლო აფიშით" (1943) და "ორი ბატონის მსახური" (1946), გ. მდივანის "ალკაზარი" (1937), ე. სკრიბის "ჭიქა წყალი" (1941), ფ. ვოლფის "პროფესორი მამლოკი" (1941), ლოპე დე ვეგას "სხვისთვის სულელი, თავისთვის ჭკვიანი" (1942), ს. შანშიაშვილის "კრწანისის გმირები" (1943), ა. დიუსოს და ჯ. გოუს "ღრმა ფესვები" (1947), გ. წერეთელის "პირველი ნაბიჯი" (1948), მ. მრევლიშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1949), გ. სუნდუკიანის "პეპო" (1951), ფ. დიუმანუას და ა. დენერის "დონ სეზარ დე ბაზანი" (1953), ი. ჭავჭავაძის "გლახის ნაამბობი" (1955), სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე" (1956), ა. პუშკინის "ბორის გოდუნოვი" (1957), უ. შექსპირის “ჰამლეტი" (1960), ვაჟა-ფშაველას "ბახტრიონი" (1960), გ. ნახუცრიშვილის "ფიროსმანი" (1961), ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა" (1963). კიევის დრამატულ და ოპერის თეატრებში განხორციელებული მისი დადგმებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა: სოფოკლეს "ანტიგონე" (1965), მ. კულიშის "პათეტიკური სონატა" (1966), კ. გუცკოვის "ურიელ აკოსტა" (1967), ბ. ლავრენევის "რღვევა" (1967), კ. გოლდონის "ქორწინება კონკურსით" (1967), ჯ. ვერდის "ოტელო" (1968), ა. კორნეიჩუკის "ხსოვნა გულისა" (1969) და სხვ. კოტე მარჯანიშვილის სახ. თეატრში დ. ალექსიძის ღირშესანიშნავ წარმოდგენებს მიეკუთვნება: ფ. შილერის "დონ კარლოსი" (1970), ნ. გოგოლის "ქორწინება" (1972), ა. ოსტროვსკის "ტალანტები და თაყვანისმცემლები" (1973), მ. ჯავახიშვილის "კვაჭი კვაჭანტირაძე" (1974) და სხვები. მისი ცნობილი საოპერო სპექტაკლების სიაშია: ო. თაქთაქიშვილის "მინდია", ჯ. ვერდის "ოტელო", დ. თორაძის "ჩრდილოეთის პატარძალი". ის ხშირად იყო მიპატიჟებული დადგმების განსახორციელებლად მოსკოვის, ლენინგრადის და იმდროინდელი სოციალისტური რესპუბლიკების დედაქალაქების წამყვან თეატრებში. მისი უკანასკნელი სპექტაკლი გახლდათ – შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი", სოხუმის, კონსტანტინე გამსახურდიას სახ. თეატრის სცენაზე (1984). ფასდაუდებელია დ. ალექსიძის პედაგოგიური მოღვაწაობა. აღზრდილი ჰყავს მსახიობთა და რეჟისორთა არაერთი თაობა, მათ შორის: ე. მანჯგალაძე, რ. ჩხიკვაძე, გ. გეგეჭკორი, კ. მახარაძე, გ. საღარაძე, ლ. აბაშიძე, გ. გაბუნია, ბ. მირიანაშვილი, ჯ. ვაშაყმაძე ნ. ფაჩუაშვილი, თ. ჩხეიძე, რ. სტურუა, ა. ენუქიძე და მრავალი სხვა. ალექსიძის სახელთანაა დაკავშირებული "რუსთაველის თეატრის მცირე სცენის" დაარსება, მისი მთავარ რეჟისორად ყოფნის პერიოდში. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ბაზაზე, მან ასევე ჩამოაყალიბა საგასტროლო ტიპის "მეგობრობის თეატრი", რომელიც იმ დროისათვის თანამედროვე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებს უტოლდებოდა. დიმიტრი ალექსიძის სახელი მიენიჭა – ამჟამად თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის – სასწავლო თეატრის შენობას. დაწერილი აქვს წიგნები: "მსახიობის აღზრდის საკითხისათვის" (1956), "რეჟისორის მუშაობა სპექტაკლზე“ (1961), "თეატრალური ხელოვნება" (1977). იყო ქართველი საზოგადო მოყვაწე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. ცნობილი ქართველი პოეტის მარიჯანის შვილი. წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1. -თბ., 1997. -გვ. 106 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |