შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მოსე ჯანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კახი, საინგილოს რაიონი. 1865 წლიდან სწავლობდა კახის სამრევლო სკოლაში; 1866-1872წწ. - ზაქათალის სამაზრო სასწავლებელში, შემდეგ სემინარიაში; 1878 წელს - ქუთაისის გიმნაზიაში და მასწავლებლის წოდება მიიღო. 1875-1920წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში; 1888 წლიდან იყო საეკლესიო მუზეუმის თანამშრომელი; 1897-1926წწ. - მუზეუმის გამგე; 1920 წლიდან მოღვაწეობდა უმაღლეს სასწავლებელში. სხვა დარგებთან ერთად იგი გეოგრაფიულ საკითხებს იკვლევდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის "საქართველოს გეოგრაფია" რეგიონების მიხედვით - სამცხე (1892), ქართლი (1895), 1904 წელს მთლიანად დაბეჭდა ვახუშტი ბაგრატიონის "საქართველოს გეოგრაფია" გამოკვლევებით და კომენტარებით. აღნიშნული ნაშრომი იმავე წელს თარგმნა რუსულ ენაზე და გამოსცა (1904). მისი გეოგრაფიული ნაშრომებიდან აღსანიშნავია თბილისის, გორის, მცხეთისა და მისი მიდამოების, არაგვის ხეობის აღწერილობა. მხარეთმცოდნეობით ნაშრომებში მოცემულია საინგილოსა და სამცხის ზოგადგეოგრაფიული აღწერა. ავტორია წერილებისა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში. მის მიერ შედგენილი გეოგრაფიის სახელმძღვანელოთი ისწავლებოდა 1920-იანი წლების სკოლებში. ავტორია მრავალი საენათმეცნიერო ნაშრომისა; საყურადღებოა მისი ნაშრომები ქართული ლიტერატურის ისტორიაში; განხილული აქვს ქართული ბიბლიისა და მისი გადმოთარგმნის, აგიოგრაფიის საკითხები; ავტორია გამოკვლევებისა ქართული საერო ლიტერატურის საკითხებზე; სწავლობდა ვეფხისტყაოსნის ავტორის ვინაობას და პოემის ორიგინალობის საკითხებს, პერსონაჟებს, დაწერის თარიღს; მუშაობდა ქართულ ფოლკლორისტიკაში; 1884 წელს გამოვიდა მისი "საქართველოს მოკლე ისტორია"; აღმოაჩინა "ქართლის ცხოვრების" ეგრეთ წოდებული ჯანაშვილისეული ნუსხა; ამ ნუსხის "ქართლის ცხოვრების" გაგრძელება გამოსცა "ახალი ქართლის ცხოვრების" სახელწოდებით; 1909 წელს გამოსცა ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება"; არის ქართული ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი სამეცნიერო მუშობას საქართველოში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიძველეთმცოდნეობის დამსახურებული პროფესორი, საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.536; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.322-323 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |