The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მიქაბერიძე

ალექსანდრე მიქაბერიძე
სხვა სახელი:ა-ლი  (ფსევდონიმი)
ა-რე  (ფსევდონიმი)
პელაგიაშვილი  (ფსევდონიმი)
ყუმისთაველი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1866
გარდაცვ. თარიღი:15 დეკემბერი, 1943  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, ქუთაისის მაზრა.

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად პოლონეთში გაემგზავრა და წარმატებით დაასრულა ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1893 წელს.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პირველ ხანებში ქ. განჯაში მსახურობდა. ამ პერიოდიდან იწყება მისი სალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლაც ჯერ კორესპონდენციების, შემდეგ კი საფუძვლიანი სტატიების გამოქვეყნებით. მასწავლებლობდა თბილისის და ქუთაისის გიმნაზიებში. 1898 წლიდან იყო ქართულ გიმნაზიაში გამგის თანაშემწე, ხოლო შემდეგ გამგე. 1918 წელს მიწვეული იყო განათლების უწყების ცენტრალურ სამმართველოში დირექტორის მოადგილედ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საქმიანობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, სადაც ის ცნობილი საზოგადო მოღვაწის დ. კარიჭაშვილის შემდეგ მდივნად აირჩიეს. იაკობ გოგებაშვილის წინადადებით მას სხვებთან ერთად ხშირად შეუმოწმებია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლები და თავისი საქმიანი, გონივრული რჩევა-წინადადებებით სკოლებში პედაგოგიური მუშაობა სწორ გზაზე დაუყენებია. ალექსანდრე მიქაბერიძის ზემოაღნიშნული პედაგოგიური მოსაზრებანი, რომლებიც სწავლა-აღზრდის მტკივნეულ საკითხებს ეხებოდნენ, თავის დროზე უთუოდ პროგრესული იყო და სახალხო განათლების უკეთ მოწყობის საქმეს ემსახურებოდა. ალექსანდრე მიქაბერიძე ცნობილია აგრეთვე როგორც საბავშვო მწერალი და მთარგმნელი. იგი საყმაწვილო ჟურნალების "ჯეჯილის" და "ნაკადულის" მუდმივი თანამშრომელი იყო. მას ეკუთენის აგრეთვე "ტროადის ომისა" და "ოდისეას" ქართული თარგმანი-გადმოკეთება. აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში. მონაწილეობა აქვს მიღებული "საქართველოს განთავისუფლების ლიგის" წესდების შემუშავებაში, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს. ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: "უდანაშაულო მსხვერპლი" (1895), "სამშობლოსათვის თავდადებული" (1899), "სამშობლოს სიყვარული" (1902); მას ეკუთვნის თარგმანები, ქართველი მწერლებისადმი და საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ნაშრომები – "მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე" (1937), "სილოვან ხუნდაძე", "შიო ჩიტიძე"; შეადგინა "ელინური მითები" (1938–1949) ჰომეროსის პოემების მიხედვით – "ტროადის ომი" და "ოდისეა"; წერდა "პელაგიაშვილისა" და "ყუმისთაველის" ფსევდონიმებით. ცნობილი პედაგოგის და სახალხო თეატრალური მოღვაწის ვერა ქართველიშვილის მეუღლე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.74; სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, რედაქტორი ალ. შვანგირაძე. -თბ., 1955.-გვ.285-296განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. III მ-რ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.333-337

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მდივანი

ბიბლიოგრაფია

  • ელინური მითები (ავტორი) // ნაწ. 2 . - თბილისი, საბლიტგამი, 1949. - 184გვ.
  • ელინური მითები (ავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, საქ. ალკკ ცკ, საბავშვო და ახალგაზრდობის ლიტგამ-ბა, 1938. - 272გვ.
  • ოდისეა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, ახალგაზრდობის და საბავშვო ლიტერატურის სექტორი, 1937. - 228გვ.
  • ტროადას ომი (შემდგენელი). - ტფილისი, სახელგამი, 1928. - 240გვ.
  • ოვიდიუსის მეტამორფოზები (ავტორი). - ტფილისი, სსსრ სახელმწიფო გამომცემლობა, 1923. - 126გვ.

გააზიარე: